კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები აპროტესტებენ სააკაშვილის ახალ ზღაპარს გრიფით „საიდუმლო“

14 ივლისი, 2011

მარი იმერლიშვილი

„მიხეილ სააკაშვილმა ახალი ზღაპარი გამოიგონა, ოღონდ ეს ზღაპარი არის გრიფით საიდუმლო“, „ჩვენ საქმე გვაქვს ნერონთან, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი მუსიკას არ წერს“, - უამრავი მსგავსი შეფასება ისმოდა 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, სადაც ჟურნალისტებმა დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქცია გამართეს.

ასპროტესტო აქციაზე, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ორგანიზებით მოეწყო, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განმარტებით, მათ ოთხი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: „ჩვენ ვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი საჯაროდ და დაუყონებლივ შეხვდეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ რწმუნებით აღჭურვილ წარმომადგენლებს; მოიხსნას საქმეზე გრიფი „საიდუმლო“; მოეხსნათ დუმილის ვალდებულება ადვოკატებს, რათა დროულად მოხდეს საქმის გაცნობა საზოგადოებისათვის; შეიქმნას წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი კომისია, რომელსაც ექნება ხელმისაწვდომობა საქმის მასალებთან“.

ამ მოთხოვნებით აქციის მონაწილეებმა სამინისტროს ფოიეში გადაინაცვლეს. მთავარი მიზანი კი, ენახათ ვანო მერაბიშვილი, მიუღწეველი აღმოჩნდა. როგორც შსს-ს  წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრი და მისი პრეს-მდივანი ქალაქში არ იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ჩააბარეს განცხადება, მიიღეს რეგისტრაციის ნომერი და დაპირება, რომ შს მინისტრი უახლოეს საათებში დაუკავშირდებოდა მათ.

სამინისტროსთან მობილიზებულმა ყველა ადამიანმა დაგმო ფოტორეპორტიორების დაკავება და უარყოფითი შეფასება მისცა მას. ჟურნალისტთა ნაწილის აზრით, ეს არის მორიგი უხეირო სპექტაკლი, რითაც ხელისუფლება სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბის გადაფარვას ცდილობს. ჟურნალისტების აზრით, გრძელდება წნეხი თავისუფალ მედიაზე.

„ჩვენ საქმე გვაქვს არაადეკვატურ პირთან, სააკაშვილის სახით. სანდო ინფორმაციით, ფოტორეპორტიორები და ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, რომელიც ტრამვებით საავადმყოფოში მოხვდა, სააკაშვილის ხუშტურებს შეეწირნენ. ჩვენ საქმე გვაქვს ნერონთან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი მუსიკას არ წერს“, - განაცხადა გადაცემა „აკრედიტაციის გარეშეს“ ავტორმა, შალვა რამიშვილმა.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ ფოტორეპორტიორების დაკავების ძირითადი მიზეზი არის მათ მიერ 26 მაისს გადაღებული ფოტოკადრები, სადაც ასახულია მომიტინგეთა სასტიკი დარბევა. 26 მაისის სისასტიკის ამსახველი ფოტოები, რომელიც შემგომ ევროპის პრეს-ფოტოსააგენტომ გაავრცელა, ჟურნალმა „ლიბერალმაც“ გამოაქვეყნა.     

აქციის მონაწილენი ვერ იხსენებდნენ ჟურნალისტების დაკავებისა და ბრალის წაყენების სხვა პრეცენდენტს. საქმეში, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ბევრი რამ საეჭვოა, რაც კიდევ უფრო ამყარებს წარმოდგენას, რომ  ფოტორეპორტიორები ხელისუფლებამ 26 მაისს  გადაღებული ფოტოების გამო დასაჯა.

„მიშა სააკაშვილმა მოიგონა ახალი ზღაპარი, ოღონდ ეს ზღაპარი არის გრიფით „საიდუმლო“, სადაც ბევრი რამ არ ემთხვევა ერთმანეთს: ჯაშუშები ფულს გადარიცხვით არ იღებენ, საიდუმლო ნახაზებს ტელევიზიით არ აქვეყნებენ და ა.შ.“ - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენელმა მამუკა ღლონტმა.

არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის თქმით, არც იურიდიული და არც ჟურნალისტური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი - არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, „პირიქით - მდარე ხარისხის ნამუშევარია“.

„ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა არაფრისმთქმელი არ არის. მე პირადად ამ მასალებმა მხოლოდ ერთი რამ დამანახა - დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ არაფერი არა აქვთ“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიას“ წარმომადგენელმა ნინო ჯანგირაშვილმა.

„ეს ყველაფერი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ბურჯანაძე-ბიწაძე არაერთგზის იყვნენ მხილებულნი ჯაშუშობაში, მაგრამ დღეს მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას. მე ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენგანი არის სამიზნე, შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ. მომხდარი ფაქტი არის სამარცხვინო და მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მრცხვენია“, -  განაცხადა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ.

ახალი ამბები