უკრაინული საზოგადოებრივი მოძრაობა „სტოპ ცენზურა“ ქართველი ფოტოჟურნალისტების ჯაშუშობის ბრალდების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, რომლის თანახმად, უკრაინული ჟურნალისტური საზოგადოება დაკავებულ ქართველ ფოტორეპორტიორებს იცნობს, როგორც უმაღლესი კლასის პროფესიონალებს, რომლებსაც არარაერთხელ გაურისკავთ საკუთარი სიცოცხლე, რათა საზოგადოება განსაკუთრებით ინფორმირებული ყოფილიყო ქართულ-რუსული ომის დროს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული სერიოზული ბრალდებები და ფოტორეპორტიორების ჯგუფის დაკავება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებისთვის სერიოზული მტკიცებულებების გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორები ასევე ამბობენ, რომ ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება და სასამართლო სისტემა სულ უფრო ხშირად იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებებს, მათ შორის მედიასთან მიმართებაში, რაც საშიში ტენდენციაა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია, ხოლო დაკავებულებს პატიმრობა შინაპატიმრობით ან გაუსვლელობის ხელწერილით შეეცვალოთ.
„ასევე, მოძრაობა „სტოპ ცენზურა“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, აჩვენოს მეზობელ სახელმწიფოებს კარგი მაგალითი და დემოკრატიის განვითარების გამოცხადებული კურსის ერთგული დარჩეს, რაც სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფალი მედიის გარეშე შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი