კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ კორძაია: „მინისტრმა ვერც დაკავებულთა ჯაშუშობა დაგვანახა და ვერც მათ ჯაშუშობაში დაგვარწმუნა“

15 ივლისი, 2011

კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით, შსს-ს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს, თამარ კორძაიას ესაუბრა, რომელიც აღნიშნულ შეხვერას ესწრებოდა.

- ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებდით შსს-ს მინისტრთან შეხვედრას და როგორია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით თქვენი მთავარი დასკვნა?

- შეხვედრაზე ჩვენ, მინისტრის წინაშე ორი მოთხოვნა დავსვით - პირველი იყო ის, რომ გამხდარიყო ეს პროცესი სრულიად საჯარო. საჯაროობასთან დაკავშირებით, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ანუ გვითხრეს, რომ სასამართლო პროცესი იქნება ღია. თუმცა, იმ საიდუმლო დოკუმენტებს, რომელიც საქმეშია და რომელთაც ადევთ გრიფი „საიდუმლო“, არ გაასაჯაროებენ. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - თავდებით გაშვებასთან დაკავშირებით, ამაზე კატეგორიული უარი მივიღეთ. მინისტრის თქმით, დაკავებულთა გაშვებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ანუ, სამინისტრო დაკავებულთა კავშირებისა და არხების დადგენას ცდილობს და ამ თვალსაზრისით, მათი გამოშვება საფრთხეს წარმოადგენს. ბატონმა ვანომ თქვა იმის შესახებაც, რომ თუ ამგვარი საფრთხე აღარ იარსებებს და გაირკვევა ის, რაც სამინისტროს აინტერესებს, შესაძლოა, ისინი ნახევარ საათში გაათავისუფლონ ან საერთოდ არ გაუშვან.

შეხვედრაზე დაკავებულთა ბრალეულობის შესახებ დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებამ ტელევიზიის საშუალებით იცის, ჩვენთვის არ უთქვამთ. სამინიტროს ჩვენთვის დაკავებულთა ბრალეულობის შესახებ არგუმენტები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მათი პოზიციის სიმყარეშიც ვერ დაგვარწმუნეს. თუმცა, ამავე შეხვედარზე ბატონმა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე ყველა დარწმუნდება, რომ გამოძიება დაკავებულებთან მიმართებაში მართალია.

- თქვენ ალბათ უკვე გაეცანით საერთაშორისო მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის შეხვედრის შემდეგ, ამავე მედიის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ მასალებს. ამ ორ შეხვედრასთან დაკავშირებით, მინისტრის ქცევასა და გამონათქვამებს შორის რაიმე განსხვავება შეამჩნიეთ? თუ განსხვავება რეალურად არ იყო, რაში დასჭირდა მინისტრს ჟურნალისტებთან სხვადასხვა დროს შეხვედრა?

- გულწრფელად გეტყვით, შეხვედრის შემდეგ იმდენი ადამიანის კითხვებს ვპასუხობ, რომ საერთაშორისო მედიაზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტების მასალების გაცნობა ვერ მოვასწარი. თუმცა, კოლეგებისგან ამ მასალების შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაქვს. შეხვედრებს შორის რომ განსხვავება მინიმალურია, ან არც არის, მიუთითებს, რომ სამინისტროს დაკავებულებთან დაკავშირებით ქართულ და საერთაშორისო მედიასთან მიმართებაში ერთიანი სტრატეგია აქვს და პრაქტიკულად იმაზე მეტს არ ამბობს, რაც ცნობილია.

- შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ მინისტრის იმ გამონათქვამზე, რომ ტელევიზიით გადაცემული დაკავებულებს შორის სატელეფონო საუბარი სულაც არ არის მტკიცებულება მათი ჯაშუშობის შესახებ და რომ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ საზოგადოება დაკავებულებს შორის კავშირში დარწმუნებულიყო. თქვენ, როგორ იურისტი, როგორ შეაფასებდით მინისტრის ამ განცხადებას?

- ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კავშირი სხვასთან, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი დანაშაულს სჩადიან ან ჯაშუშები არიან. იმისთვის, რომ ჯაშუშობა დადასტურდეს, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა არსებობდეს. პირველი – ის, რომ ვიღაც აგროვებდეს ინფორმაციას და ამ ინფორმაციას ანაზღაურების საფასურად გადასცემდეს უცხო ქვეყნის ან ჯაშუშურ ორგანიზაციებს, ან მათთან გაიგივებულ ორგანიზაციებს. ეს სამივე შემადგენელი კარგად უნდა იყოს დადასტურებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვიღაცა ვიღაცას ტელეფონით უკავშირდებოდა, მართლაც არაფერს ნიშნავს. მინისტრთან შეხვედრაზე დაკავებულებთან ამ სამივე ბრალდების კავშირი ვერ დავინახეთ. თუმცა, მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ამ ბრალდებების ნახვის საშუალება სასამართლოში გვექნება. მინისტრი აცნობიერებდა, რომ მან შეხვედრაზე ვერც დაკავებულთა ჯაშუშობა დაგვანახა და ვერც მათ ჯაშუშობაში დაგვარწმუნა. ამ თემაზე საუბრისას მან განაცხადა: „სასამართლოს დასრულების შემდეგ თქვენ უკმარისობის გრძნობა არ დაგრჩებათ“.

- შეხვედრის თითქმის ყველა მონაწილე აცხადებს, რომ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაუმყარდათ შეგრძნება, რომ სამართალდამცველებს დაკავებულთა ბრალეულობის მტკიცებულება არა აქვთ. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ჩვენს კითხვაზე - თუ რით დასტურდება, რომ რუსეთის სპეცსამსახური დაკავებულებს ურიცხავდა თანხებს, პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“. ბევრ რამეზე, რაზეც ჩვენ ვსვამდით კითხვებს, პასუხი იყო: „ვმუშაობთ“. ერთადერთი ახალი, რაც ჩვენ იქიდან გამოვიტანეთ, ისაა, რომ სამართალდამცველები ცდილობენ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულონ ძიება და განხილვისთვის სასამართლოს გადასცენ. მათი ლოგიკა ასეთია - დამატებითი მტკიცებულებებით ბრალდების გამყარება და საქმის რაც შეიძლება სწრაფად სასამართლოსთვის გადაცემა. მათ კარგად ესმით, რომ ჯაშუშობა რთული დანაშაულია და შესაბამისად, მის დამტკიცებას სერიოზული მუშაობა სჭირდება.

- თუ ქურციკიძის ოკრიკოვთან 24-ჯერ, ხოლო სინიცინთან 13-ჯერ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები რეალურად არ არსებობს, თუ ქურციკიძის არ ყოფილა ტელეფონი, რომლითაც იგი ზემოხსენებულ პირებს ესაუბრა, როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქურციკიძე ჯაშუშია, ან გედენიძე გრუ-მ გადაიბირა, ან აბდალაძე დიდი ხანია „გიორგაძის კაცია“?

- სატელეფონო ზარებით ნამდვილად შეუძლებელია რაიმეს დამტკიცება. ისინი თავადაც ხვდებიან, რომ გაუშიფრავი სატელეფონო საუბრებით ჯაშუშობის დამტკიცება ძნელია. მათ თავადაც თქვეს, რომ ეს მხოლოდ ფაქტია. ნომრიდან ნომრის აკრეფა, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს და საჭიროა ამ საუბრების შინაარსის ცოდნა.

- საინტერესოდ მეჩვენა მინისტრის გამონათქვამი, რომ მას ყველაზე მეტად ქურცუკიძე ესიმპათიურება. თქვენი აზრით, რატომ შეიძლება ესიმპატიურებოდეს ბატონ ვანოს გრუ-ს აგენტობაში ბრალდებული ქურციკიძე?

- ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ეს მისი პირადი აზრი იყო და თუ რატომ თქვა, ალბათ, უმჯობესია ამაზე პასუხი მინისტრისგან მოვისმინოთ. შესაძლოა, ეს გამონათქვამი უკავშირდებოდეს ხელისუფლების წარმომადგენელთა წუხილს, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირები - გედენიძე და აბდალაძე, ხოლო ქურციკიძე მათგან განსხვავებით, ხელისუფლების ნდობით არ სარგებლობდა.

- ჟურნალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ კამერის გარეშე ჟურნალისტებთან შეხვედრით მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოიგო, რომ ჟურნალისტები მას კამერების გარეშე არ უნდა შეხვედროდნენ და ასე შემდეგ...

- ყველას, ვინც იქ ვიყავით მისულები, კარგად გვესმის, რომ საქმე ფოტორეპორტიორებს, თავისუფალი აზრის გამოხატვას, ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემის თავისუფლებას ეხება. თუ ფოტორეპორტიორები ირიბად ისჯებიან იმის გამო, რომ მათ 26 მაისის ამსახველი მნიშვნელოვანი ფოტოები გაავრცელეს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ფოტოების გავრცელება ინფორმაციის და აზრის გამოხატვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მინისტრთან სწორედ იმის გასარკვევად ვიყავით, უკავშირდებოდა თუ არა ფოტორეპორტიორების დაკავება ქვეყანაში ინფორმაციის მოპოვების, აზრის გამოხატვისა და გავრცელების შეზღუდვას.

მინისტრთან მისული ადამიანები გამოხატავენ იმ ადამიანების აზრს, ვისაც გული შესტკივა დაკავებულ სამ ფოტორეპორტიორზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა ღონე გვეხმარა იმისთვის, რომ პროცესი გახსნილი ყოფილიყო. არა მარტო იმ ადამიანების, ვინც შეხვედრაზე იყო, არამედ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობამ განაპირობა ის, რომ სასამართლო პროცესი ნაწილობრივ გაიხსნება. მართალია, ეს არ არის ჩვენი მოთხოვნის სრულად შესრულება, მაგრამ ეს ასეა თუ ისე, წარმატება მაინც არის. ამას ვინ როგორ შეაფასებს, ვერ გეტყვით. ყველას აქვს თავისი აზრის ქონისა და საჯაროდ გამოხატვის უფლება.

ახალი ამბები