კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის საგანგებო განცხადება - შეწყდეს უფლებადამცველთა თვალთვალი და შევიწროება!

20 ივლისი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული თავისუფლებების ხარისხის მკვეთრი შემცირების გამო, რაც გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან უკიდურესი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და დამოუკიდებელ სამოქალაქო ინსტიტუტებზე განხორციელებული ზეწოლით.

ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენჯერმე გახდა სხვადასხვა თანამდებობის პირთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ადგილი ჰქონდა პოლიციელთა რამდენიმე ვიზიტს ცენტრის ოფისში, მუქარას, თანამშრომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კვლავ გამოუძიებელია ცენტრის შიდა ქართლის ოფისის კოორდინატორზე საბა წიწიკაშვილზე და კახეთის კოორდინატორზე გელა მთივლიშვილზე მომხდარი ზეწოლის ფაქტები. ხშირ შემთხვევაში კი თავდამსხმელები ხელისუფლებამ დააწინაურა და წაახალისა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაწყებულ კამპანია „ბოდიშს“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გამოეხმაურნენ და აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგის ნაცვლად საზოგადოებას მილიტარისტული ისტერია შესთავაზეს. ცენტრს კი არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ამ კამპანიასთან დაკავშირებით, მათ შორის - პირადად პრეზიდენტმაც.

მოხდა არაერთი ინციდენტი, სადაც პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხდებოდა ცენტრის გარიყვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროცესებიდან. ეს დღესაც გრძელდება. ცენტრის ადვოკატებს სხვადასხვა გზით აშორებდნენ საქმეებს და ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნით, აცილებას უკეთებდნენ არაერთ პროცესზე. ასევე იყო არაერთი შემთხვევა, როცა ცენტრის თანამშრომლებს შესთავაზეს მეტად მომხიბლავი წინადადებები საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე, კარგი ანაზღაურების პერსპექტივით. ცენტრის ზოგიერთ თანამშრომელს კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აქტიურობისგან თავის შეკავებას „მეგობრულად“ ურჩევენ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს ცენტრის წარმომადგენელთა სისტემატიური, ტოტალური თვალთვალი. ოფისთან, საცხოვრებელ სახლთან და ქუჩაში მოძრაობისას არაერთი მანქანა დაფიქსირდა. ცენტრმა დააფიქსირა შემთხვევები, როცა მოთვალთვალეები ცვლიდნენ თავიანთი მანქანის სახელმწიფო ნომრებს. თვალთვალი ხორციელდება სხვადასხვა ავტომანქანით, რომლებიც სხვადასხვა დროს ერთი და იგივე სახელმწიფო ნომრით გადაადგილდებიან, რაც უკვე კანონდარღვევაა.

ცენტრისთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირადად არიან ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაში. ისინი უცხოელ სტუმრებს პირად საუბრებში უმტკიცებენ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობს. მათ ეუბნებიან, რომ რუსეთი იმდენად ძლიერია, დიპლომატებზე გავლენას ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით ახდენს. ფოტორეპორტიორთა საქმე, თურმე, მხოლოდ დიდი ჯაჭვის პირველი რგოლია და იგეგმება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელთა „მხილება“ რამდენიმე არაკონტროლირებად ორგანიზაციაზე წერტილოვანი დარტყმის მიყენებით. ეს კი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით აქტუალური ხდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება აგრესიული ფორმებით სხვადასხვა სახის ზეწოლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რათა ხელისუფლებას აღარ ჰყავდეს სერიოზული ხელისშემშლელი ძალები წინასაარჩევნო კამპანიის დროს და უმტკივნეულად მოხდეს ხელისუფლების პუტინიზაცია - პრემიერ მინისტრზე ძალაუფლების ხანგრძლივი გადაბარება.

ცენტრი ხელისუფლებისგან მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური თვალთვალისა და ჯაშუშომანიის შეწყვეტას. სამოქალაქო სექტორში ჯაშუშების ძებნის ნაცვლად უმჯობესია, ხელისუფლებამ იზრუნოს იმ სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრობლემების მოგვარებაზე, რაც ასე აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.

მოვითხოვთ, შეწყდეს პოლიციის მიერ საზოგადოების დაშინება, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პოლიტიკური რეპრესიები, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, აბსურდული ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავება და სამოქალაქო სექტორის შევიწროება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
20.07.11.


ახალი ამბები