კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

22 ივლისი, 2011

ინტერპრესნიუსი

ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

მოსამართლე ზვიად ესებუამ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლო დარბაზიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

ფოტორეპორტიორების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ივლისს 16.00 საათზე დაიწყო. პროცესს გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ესწრებოდნენ. სხდომას მოსამართლე ზვიად ესებუა უძღვებოდა.

მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, გიორგი აბდლაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეეფარდოთ.

მოსამართლე ესებუამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მანამდე ფოტორეპორტიორებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. როგორც ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა მიხეილ ღონღაძემ განაცხადა, ფოტორეპორტიორები საპროცესო შეთანხმებაში არც ერთ ლარს არ გადაიხდიან. მათ შეთანხმება თანხის გარეშე გაუფორმეს.

„დიდი ხანია მწიფდებოდა ვარაუდი, რომ ხელისუფლება ფოტორეპორტიორების საქმეზე რბილ ფინალს ამზადებდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისი თქმით, ძნელი სათქმელია, დამარცხდა თუ არა ხელისუფლება, რადგან უცნობია რა განზრახვით წამოიწყო მან თავიდან ეს საქმე.

„გარდა ამისა, მოულოდნელი იყო ის რეზონანსი, რომელიც ფოტორეპორტიორების ამ ბრალდებით დაკავებას მოჰყვა. ხალხის მხარდაჭერამ გადაწყვიტა ის, რომ ხელისუფლებას გადაედგა უფრო მოკრძალებული ნაბიჯი. ამას დამარცხებას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ბრძოლა არ არის. თუ ხელისუფლებამ დაინახა, რომ მისი ნაბიჯი შეიძლება წამგებიანი იყოს, ეს უკვე მისასალმებელია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების საქმე უსიამოვნო ფრაგმენტი იყო როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის.

ახალი ამბები