კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაგვაგებინეთ, ვინ ვართ?! ხალხი ხომ ვართ?!“ - აცხადებენ თვაურებში მცხოვრები ოსი მოქალაქეები

26 ივლისი, 2011

მარიამ იმერლიშვილი 

კასპის რაიონის სოფელ თვაურების მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.  სოფელში აწუხებთ  გაზგაყვანილობის არარსებობა, ცუდი საავტომობილო გზა და რაც ყველაზე მთავარია - უწყლობა. სოფელი  ეთნიკურად ოსი მოქალაქეებითაა დასახლებული  და ოკუპირებული ახალგორის საზღვარზე მდებარეობს, რომლის იქით რუსების საგუშაგოა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელს ოკუპანტებმა წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. ომამდე დასახლებულ პუნქტს წყალი ქსნის სარწყავი არხიდან, სოფელ ახმაჯიდან  მიეწოდებოდა, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

თვაურების მცხოვრებლებს წყლის მიწოდებაზე ქართულმა მხარემაც უარი განუცხადა.  მათი თქმით, იქ ჩასულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა  სოფელს დახმარება არ აღუთქვა. როგორც აქაურები მიიჩნევენ, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს.

„ოსები რადგან ვართ, იმიტომ ვიჩაგრებით. ეს ხელისუფლება კი არც რუსებში გვთვლის და არც ქართველებში. გაგვაგებინეთ, ვინ ვართ?! ხალხი ხომ ვართ?! რატომ არავინ ცდილობს ჩვენს დახმარებას?“ - გულისტკივილით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას თვაურების მკვიდრმა ზოია თვაურმა.

სოფლის ტერიტორიაზე ამჟამად წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს, ქსნის სარწყავი არხიდან წყლით უნდა მომარაგდეს კასპის რაიონის თითქმის ყველა  სოფელი... თვაურების გარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობა უკმაყოფილოა. ისინი მოითხოვენ, შეიცვალოს პროექტი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები  და დაემატოს მათი სოფლის წყალგაყვანილობის სისტემაც.

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს  და რამდენიმე საათით სამშენებლო სამუშაოები შეაჩერეს. აქციაზე მისულმა კასპის პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„პოლიცია უწმაწური სიტყვებით მოგვმართავდა - ჯიშს გვაგინებდა. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. რა უნდა მოკითხო საერთოდ პოლიციას, რომელიც ასე იქცევა?! დაგისახელებთ ზუსტად ვინც იყვნენ: კასპის პოლიციის უფროსი ბარნოვი, იგოეთის პოლიციის უფროსი კორკოტაშვილი და ზაალიშვილი ლადო, რომელიც განსაკუთრებული ბილწსიტყვაობით გამოირჩეოდა ქალების მიმართ“, - გაიხსენა მომხდარი ლამზირა თვაურმა.

მილებმა, რომლებიც სოფლის ტერიტორიაზე გაჰყავთ, რამდენიმე მოსახლის სახნავ-სათესი ადგილიც შეიწირა. თავდაპირველად, კუთვნილი მიწის სანაცვლოდ მათ კონპენსაციებს დაპირდნენ, მაგრამ ახლა ამაზეც უარს ეუბნებიან.

„თუ წყალს ამ მილებიდან არ გვაძლევენ, რატომ გაჰყავთ ჩვენს ბაღ-ვენახებზე და თანაც ამის სანაცვლოდ არაფერს გვიხდიან?!“ - ასეთია სოფლის მკვიდრთა რეაქცია სოფელში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.

ადგილობრივები სასმელად ჭის წყალს მოიხმარენ, რომელიც სოფელში სულ სამია. სარწყავად კი წყალი სართოდ არა აქვთ.

მოსახლეობამ მიმართა კასპის გამგებელს კახაბერ ხაჩირაშვილს, მაგრამ იგი არსებული პრობლემებით არც კი დაინტერესდა. მიმართეს ასევე ლამისყანის გამგებელს თემურ გოგიაშვილს. თუმცა, საგულისხმო პასუხი ვერც ამჯერად მიიღეს. როგორც ჩანს, თვაურების პრობლემებით მართლაც არავინ ინტერესდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა სოფელ ლამისყანის გამგებელს, რომელმაც პასუხისმგებლობა მოიხსნა და გვითხრა, რომ იგი არ არის კომპეტენტური პირი ამ საკითხში.

ახალი ამბები