კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფო ვერძეული: „საქართველომ ლუსტრაციის პროცესის განხორციელების რეპრესიული გზა არჩია“

28 ივლისი, 2011

ინტერპრესნიუსი

საქართველოს პარლამენტის მიერ 31 მაისს მიღებული „ლუსტრაციის კანონის“ მიღების მოტივაციაზე, ეფექტურობასა და ხარვეზებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, სოფო ვერძეულს ესაუბრა.

- ქალბატონო სოფო, საქართველოს პარლამენტს „ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობა 2007 წელსაც ჰქონდა, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ 2011 წელს მოხერხდა. არადა, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი პირველი ლოზუნგი სწორედ ეს იყო. არავინ დავობს კანონის მიღების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ რუსული საფრთხე 2007 წლის მსგავსად დღესაც არსებობს, მაგრამ დღეს ქართული სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე ვთქვათ, იმავე 2007 წელს. რატომ გახდა შესაძლებელი ლუსტრაციის კანონის სწორედ 2011 წელს მიღება?

- ლუსტრაციის პროცესის შემაფერხებლად რამდენიმე ფაქტორი შეიძლება მოიაზრებოდეს. იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს ლუსტრაციის პროცესები, აუცილებელია, პროცესის ინიცირება მოხდეს საზოგადოებიდან, რომელსაც სურს, გარკვეული მეთოდებით უპასუხოს წარსულის უსამართლობებს. ან ეს უნდა მოხდეს ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც მოწადინებულია, რაც შეიძლება მკვეთრი გამყოფი ხაზი გაავლოს მასსა და მისი წინამორბედების დროს არსებულ დანაშაულებებს შორის. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხდა „ლუსტრაციის კანონის“ მიღება ამ დრომდე, მდგომარეობს სწორედ ამ ფაქტორების სათანადო დოზით არარსებობაში.

- რამდენად გაითვალისწინა კანონის მიღებისას საქართველოს პარლამენტმა სხვა ქვეყნების გამოცდილება?

- ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, ლუსტრაციის პოლიტიკის მიმართულებების არჩევის დროს, გაეზიარებინა როგორც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი არც თუ მცირე გამოცდილება, ისე მხედველობაში მიეღო ამ ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მიიღო კანონი, რომელიც თავისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, ტოვებს მისი ადამიანის უფლებების საზიანოდ ინტერპრეტაციისა და გამოყენების შესაძლებლობას.

საქართველომ ლუსტრაციის პროცესის განხორციელების რეპრესიული გზა არჩია, რაც უპირველესად გამოიხატა თანამდებობრივი შეზღუდვების უვადოდ დაწესებაში. ზედმეტად მკაცრი და რეპრესიული მეთოდები კი არაერთხელ იქნა სხვადასხვა სასამართლოს მიერ შეფასებული, როგორც ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა.

- თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მიღებული კანონი? და კიდევ, ბევრს საუბრობენ კანონის ხარვეზებზე; თქვენი შენიშვნები როგორი იქნება?

- მართალია, კანონის იმ ნაწილის აქტიურად ამოქმედება, რომელიც ლუსტრაციას შეეხება, ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ამ ეტაპიდანვე შესაძლებელია კანონის ხარვეზებსა თუ საფრთხეებზე საუბარი.

კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც განიხილავს ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ალბათ, ეს წარმოადგენს კანონისა და, ზოგადად, ლუსტრაციის პროცესის ყველაზე დიდ ხარვეზს საქართველოში.

ყველა რეკომენდაციისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ორგანო, რომელიც განიხილავს ამ ტიპის საქმეებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამას გარდა, სერიოზულ ხარვეზად უნდა იქნეს მიჩნეული ისიც, რომ კანონის მიღების შემდეგაც კი, რთულია დაზუსტებით იმის თქმა, როგორი იქნება კომისიის შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მუშაობის პროცედურები ან ექნება თუ არა იმ პირს ადეკვატური სამართლებრივი გარანტიები საკუთარი ინტერესების დასაცავად, რომლის საქმსაც განიხილავს კომისია. ყველა ეს საკითხი და ამასთან ერთად, კანონის არაერთი ბუნდოვანი ჩანაწერი მიუთითებს კანონის ხარვეზზე და იმ საფრთხეებზე, რაც ამ ხარვეზებმა შეიძლება შექმნას მომავალში.

- როგორც ცნობილია, საბჭოთა სუკ-ის არქივები საქართველოდან კარგა ხნის გატანილია და, შესაბამისად, ძალიან რთულია ამა თუ იმ პირზე კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და რაიმეს მტკიცება. რა პრინციპით იმუშავებს შსს-ში ის სტრუქტურა, რომელსაც მოქალაქეთა სუკ-თან თანამშრომლობის ფაქტების დადგენა დაეკისრა?

- არქივების თემამ კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად შეიძინა აქტუალობა. მართლაც, ლუსტრაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისთვის ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, პრობლემა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, არქივის რა ნაწილია ქვეყნიდან გატანილი ან განადგურებული. საინტერესოა არსებული არქივის მასალების სანდოობის საკითხიც, ვგულისხმობ იმას, რამდენად სწორია ის ინფორმაცია რაც ამ მასალებშია დაცული. ამას პროცესის მონაწილე ადამიანებისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ასევე პრობლემურია ამ მასალებზე წვდომის საკითხი. გაუგებარია, რა დოზით ექნებათ მასალების გაცნობის შესაძლებლობა იმ პირს, რომლის საქმესაც განიხილავს კომისია.

- ექსპერტთა აზრით, ლუსტრაციის კანონში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ანტიტერორისტულ კომპონენტს. თქვენი აზრით, რატომ?

- ლუსტრაციის კანონი წარმოადგენს პარლამენტის მიერ მიღებული ერთიანი დოკუმენტის - "თავისუფლების ქარტიის" შემადგენელ ნაწილს. კანონის პირველი მუხლიდან შესაძლებელია კანონის ძალიან ფართო მიზნების ამოკითხვა, რომელთა შორისაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმის და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების აღკვეთა. მიზნების მრავალფეროვნების შესაბამისად, ძალიან ფართოა კანონის რეგულირების სფეროც, რომელიც მოიცავს როგორც ანტიტერორისტულ ღონისძიებებს, ისე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის აღკვეთისა და ლუსტრაციის პროცესის ღონისძიებებს. შესაძლოა, კანონის ავტორის მიერ, ყველა აღნიშნული საფრთხე გათანაბრებული იქნა, რამაც გამოიწვია კიდეც შესაბამისი რეგულაციების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონის ამბიციური მიზნების საპირისპიროდ, კანონის შინაარსი ვერ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის სრულყოფილ რეგულირებას.

ახალი ამბები