27 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ იურისტ ეკა ბესელიას სხდომის დარბაზი დაატოვებინა. ბესელია აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დადანაშაულებულ პირთა სასამართლო პროცესის მონიტორიგს ახორციელებდა. მოსამართლე ვერა დოლიძემ იგი სხდომათა დარბაზიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოაძევა. ბესელია სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზად დოლიძის მიერ ბრალდებისა და დაცვის მხარის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას ასახელებს.
ეკა ბესელია: „იყო მომენტი, როცა ადვოკატი რამინ პაპიძე ცდილობდა, თავისი პოზიციების დაეცვა და მოსამართლემ ადვოკატი გააფრთხილა, შეაწყვეტინა საუბარი. ეს იყო ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელი, როდესაც ვხედავდი მოსამართლე თუ როგორ უსამართლოდ ექცეოდა დაცვის მხარეს. ბუნებრივია, ამაზე პროტესტი მქონდა და ვუთხარი მას, რომ არღვევდა კანონს და დაცვის უფლებას უზღუდავდა. ქალბატონ დოლიძეს ჰქონდა დიდი დისკომფორტი, რომ დარბაზში ვიჯექი. ამიტომ ვერ მოითმინა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი, პირადი სურვილის მიხედვით გადაწყვეტილება. ჯერ თქვა, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი... არასოდეს ასეთ მოსამართლეს ფეხზე არ დავუდგები, რომელიც თვითონ არ სცემს პატივს კანონს“.
ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოს წინაშე მოსამართლე ვერა დოლიძის დისციპლინარული დევნის საკითხის დაყენებას გეგმავს.
მაკა მალაყმაძე, აჭარა