კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხათუნა კალმახელიძეს მიმართავენ

3 აგვისტო, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, რამაც პატიმრების მდგომარეობა საპყრობილეებში მნიშვნელოვნად გააუარესა. კერძოდ, საკნები არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით. რიგ შემთხვეევბში პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რის გამოც ზაფხულის პერიოდში უფრო გაუსაძლისი ხდება პატიმრების მდგომარეობა. ამ ვითარებაში განსაკუთრებით გართულდა იმ პატიმართა მდგომარეობა, რომლებიც სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამასთან, კრიტიკულია იმ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

მათი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.

„პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების“ თანახმად, პატიმრებისათვის განკუთვნილი ყველა ადგილსამყოფელი და განსაკუთრებით საძინებელი ადგილი უნდა პასუხობდეს ჯანმრთელობის ყველა მოთხოვნას და უნდა ითვალისწინებდეს სათანადო კლიმატურ პირობებს, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ჰაერის მოცულობას, მინიმალურ ფართს, განათებას, გათბობასა და ვენტილაციას.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა პატიმრობის ადეკვატური პირობების შესაქმნელად და უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები შესაბამისი აღჭურვილობით, რათა შენარჩუნდეს ნორმალური ტემპერატურული რეჟიმი და საფრთხე არ შეექმნას პატიმართა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

არასამთავრობოები მიმართავენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები და აღმოფხვრას ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რათა პატიმრებს შეექმნათ სასჯელის მოხდის ადამიანური პირობები.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის, კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, კავკასიის ქალთა ქსელი, კავშირი „21–ე საუკუნე“, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საარჩევნო და პოლიტ-ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები