კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი რამინ პაპიძე ადმინისტრაციულ პატიმრობაშია

3 აგვისტო, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ადვოკატი რამინ პაპიძე ბათუმის დროებით მოთავსების იზოლატორში მეექვსე დღეა, მშრალად შიმშილობს. ის 29 ივლისს, ღამის 12 საათის შემდეგ, ადმინისტრაციულ პატიმრობაშია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ ადვოკატ პაპიძეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 28 ივლისს არასამუშაო საათებში შეუფარდა. პაპიძეს სასჯელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მანდატურების: იური ზაქარაძისა და ნოდარ დიასამიძის ახსნა-განმარტების საფუძველზე  შეეფარდა.

ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გვიან ღამით, რამინ პაპიძე საკუთარი ფეხით მივიდა. მანამდე კი, ტელეარხ 25-ის გადაცემა „დიალოგში“ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის პერიოდში ის მშრალ შიმშილს აპირებდა.

„მე ვაპირებ მშრალ შიმშილობას. აღარ იკმარეს ჯარიმები (აჭარის ტელევიზიის ბლოკირებაში ბრალდებულთა პროცესების განმავლობაში, რამინ პაპიძე, ჯამში 3 100 ლარით არის დაჯარიმებული), ახლა ფიზიკური ანგარიშსწორებით და თავისუფლების აღკვეთით მდევნიან. მე ვარ ე.წ. შავ სიაში და ვითვლები დაუმორჩილებელ ადვოკატად. ამაზე ხუმრობენ კიდეც პროკურორები და მოსამართლეები. სისხლის სამართლის საქმეებზე ყველანაირად მზღუდავენ და არ მაძლევენ დაცვის უფლებას. შესაძლოა, საადვოკატო მოღვაწეობა საერთოდ შევწყვიტო“, - განაცხადა რამინ პაპიძემ.

მანდატურები ზაქარაძე და დიასამიძე თავიან ახსნა-განმარტებაში მიუთითებენ, რომ ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაკავების მცდელობისას მანდატურებს წინააღმდეგობა გაუწია.

რამინ პაპიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 21 მაისის აქციის მონაწილეების მიერ აჭარის ტელევიზიის ბლოკირებაში ეჭვმიტანილებს იცავდა. პაპიძე აღნიშნულ პროცესზე, შვიდი ბრალდებულიდან ხუთს იცავდა. ის მოსამართლე ვერა დოლიძემ ჯერ 200 ლარით დააჯარიმა. ამის გამო პაპიძის მიერ გამოხატულ პროტესტს მოსამართლის მხრიდან მისი დარბაზიდან გაძევება მოჰყვა.

სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსულ პაპიძეზე მანდატურები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებას. როგორც პაპიძე ამბობს, მას ფიზიკურად შეეხენ. ხმაურის გამო, მოქალაქეებმა სხდომის დარბაზი დატოვეს. 28 ივლისს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესიც ჩაიშალა.

მოგვიანებით კი, 19:30 წუთისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ, მანდატურების ახსნა-განმარტების საფუძველზე, ადმინისტრაციული პროცესი გამართა.

ირაკლი შავაძე, რამინ პაპიძის ადვოკატი: „საქმეში არ იყო სამართალდარღვევის ოქმი. მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ მანდატურების ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ფაქტს მოქალაქეები შეესწრნენ. თუმცა, მოსამართლემ მოწმის სახით თვითმხილველების დაკითხვა არ დააკმაყოფილა. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს, სულიკო ბერიძეს დაუკავშირდა და დაკავებული ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა იკითხა. დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელმა მცირე კომენტარით შემოიფარგლა და ტელეფონი გაგვითიშა: „მე ოზოლატორში 100 დაკავებული მყავს და რა მახსოვს ეგ. წერილობით გამომგვიგზავნეთ და გიპასუხებთ“.

ახალი ამბები