მარიამ იმერლიშვილი
1 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიზანიც გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის მარიამ ოთარაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, ჟურნალისტი წლების განმავლობაში განიცდის ზეწოლას ახალგორის დევნილი გამგებლის ზურაბ ფიცხელაურის მხრიდან, რისი მიზეზიც გაზეთში გამოქვეყნებული სტატიებია, სადაც ის ახალგორში შექმნილ მდგომარეობას აღწერს.
„ჩემს მიმართ ზეწოლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ზურაბ ფიცხელაურისგან ადგილი ჰქონდა მუქარას, არაკორექტულ საუბარს, რისი დამამტკიცებელი აუდიოჩანაწერებიც მაქვს“, - განაცხადა მარიამ ოთარაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მარიამ ოთარაშილისა და მისი კოლეგების გადმოცემით, ახალგორის დევნილი გამგებელი „რეზონანსის“ რედაქციაში მივიდა და ჟურნალისტს სტატიების „სწორად“ წერა „ურჩია“, კერძოდ, სტატიები სწორედ ისე უნდა დაეწერა, როგორც თავად ფიცხელაურს სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი მასალის გამოქვეყნებით დაემუქრა, რომელიც მის რეპუტაციას შელახავდა.
„რომ არ ასებობდეს რეალური საფრთხე, თავს შევიკავებდით რადიკალური ზომების მიღებისაგან, მაგრამ საფრთხე ძალიან დიდია. მეც მქონდა საუბარი ფიცხელაურთან, რამდენჯერმე დაფიქსირდა მისი ზარი ჩემს მობილურ ტელეფონზე მარიამ ოთარაშვილის სტატიებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკუთარ თავზე აიღო ჟურნალისტის სამართლებრივი დაცვა და შესაბამის ღონისძიებებსაც მიმართა.
„ჩვენნა ორგანიზაციამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, რითაც ვითხოვთ საქმის აღძვრას ახალგორის გამგებლის ზურაბ ფიცხელაურის წინააღმდეგ მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“, - განაცხადა ცენტრის იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა.
უფლებადამცველები შეშფოთებულნი არიან მომხდარით და სამართალდამცავ ორგანოებს მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებები გატარებისკენ მოუწოდებენ.