კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყინწვისის სპეცოპერაცია - შსს-ს მორიგი ზღაპარი

24 აგვისტო, 2011

მარიამ იმერლიშვილი  

26 მაისს, დილით  ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების  მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება და იარაღის უკანონოდ ტარება დასახელდა. ეს სპეცოპერაცია დიდი პომპეზურობით გააშუქეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხებმა. სასამართლო პროცესზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს.

ყინწვისის სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე - www.police.ge ასეთი ინფორმაცია დაიდო: „2011 წლის 26 მაისს შსს-ს თანამშრომლებმა  ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით. ბრალდებულებმა  დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს...“ დღეისათვის ეს ინფორმაცია შსს-ს საიტზე აღარ დევს, ხოლო პროკურატურა საერთოდ უარყოფს ყინწვისის სპეცოპერაციას. ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე ამ თემაზე გაზეთების - „ქრონიკისა“ და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს ესაუბრა.

ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ნიკოლოზ გოგუაძის დაკავების ვადის ათვლა დაწყებულია არა ყინწვისში დაკავების მომენტიდან, არამედ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანიდან. სინამდვილეში კი, ნიკოლოზ გოგუაძე და სხვა ბრალდებულები მართლაც ყინწვისში დააკავეს, ოღონდ სპეცოპერაცია სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, ისე, რომ არც შესაბამისი ოქმი და დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ეს საბუთები პოლიციამ მეორე დღეს თბილისში 27 მაისს, გამთენიისას შეადგინა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მათი დაკავება მოხდა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.

ადვოკატის ცნობით, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 24 დაკავებული ყინწვისიდან თბილისის სამმართველოში იძულებით კი არ მიიყვანეს, არამედ საკუთარი სურვილით მივიდნენ მოწმის სტატუსით.

ბესო ქარცივაძის თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დადასტურებულია ყინწვისში სპეცოპერაციის ჩატარება შეიარაღებული ჯგუფის დაკავების მიზნით. ბრალდებულთა ადვოკატმა მოითხოვა უტიაშვილის გამოძახება მოწმის სახით სასამართლოში, რათა მას მიეცა განმარტება ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. საპასუხოდ, შსს-მ სასამართლო პროცესზე წარადგინა დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბატონი უტიაშვილის იმყოფებოდა მივლინებაში და ვერ მოახერხებდა პროცესზე გამოცხადებას. მოსამართლემ პროცესი უტიაშვილის ჩვენების გარეშე ჩაამთავრა.  

დაკავებულებს ბრალად იარაღის ტარებაც ედებოდათ, მაგრამ სინამდვილეში 24 დაკავებულს შორის იარაღი მხოლოდ ერთს, ამჟამად უკვე გასამართლებულ ყოფილ პოლიციელს, მიხეილ ცილიკაშვილს აღმოაჩნდა. იგი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი გახლდათ. თუმცა, გამოძიებამ რამდენიმე დაკავებულს ათქმევინა, რომ „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტით ნიკა გოგუაძე რამდენჯერმე დაინახეს. შემდეგ ეს იარაღი რატომღაც გოგუაძის მამის მანქანაში აღმოჩნდა. ეს მანქანა ყინწვისიდან როცა ჩამოიყვანეს, გამოძიების მასალების მიხედვით, იგი დალუქული იყო. თუმცა, თბილისში მანქანა სპეცრაზმის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხეულის მძიმე დაზიანებები, განსაკუთრებით - ნიკოლოზ გოგუაძეს, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. მას 26 მაისს ღამის 12 საათიდან  27 მაისის დილის 6:10 საათამდე ჰკითხავდნენ. 6:12 წუთზე კი გამომძიებელმა, როგორც ბრალდებული, ისე დააკავა. მანამდე კი თვითონვე დააფიქსირა, რომ გოგუაძეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახესა და სხეულზე, ასევე - მენჯის დაზიანება. 

გოგუაძის ადვოკატმა ბესო ქარცივაძემ გამომძიებელს ჰკითხა, რატომ დაკითხა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი. პასუხად მიიღო, რომ დაკითხვის პროცესში მას დაზიანებები არ ეტყობოდა. არადა, ოქმში თავად ჰქონდა დაფიქსირებული ეს დაზიანებები.

გოგუაძის გარდა, სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ სხვებსაც, მაგრამ ბევრმა მათგანმა მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან ითანამშრომლა, ჩვენებაში დააფიქსირა, რომ მათ კი არ სცემეს, არამედ ეს დაზიანებები ყინწვისში ყოფნის დროს ზოგმა ხეზე ფეხის წამოკვრით, ზოგმა მანქანაზე თავის ჩამორტყმით და ზოგმა წაქცევით მიიღო.

საბოლოო ჯამში, დაკავებულებიდან რამდენიმეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ზოგს -  პირობითი, ზოგს კი 3, 4, 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

12 აგვისტოს ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას სასამართლო პროცესიც დასრულდა. ნიკა გოგუაძეს ორი ბრალდების - შეთქმულების მოწყობისა და იარაღის უკანონოდ ტარების  საფუძველზე, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ კეშელავას კი - 6 წლით. 

ადვოკატ ბესარიონ ქარცივაძის განცხადებით, ეს საქმე საბოლოოდ წავა სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც ნიკოლოზ გოგუაძე პროცესს აუცილებლად მოიგებს.

ფოტო:Ambebi.Ge

ახალი ამბები