კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

1,10 სმ სიგრძის მილის ჩაბარების გამო მეწარმე 3000 ლარით დააჯარიმეს

24 აგვისტო, 2011

ლელა ხეჩოშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, შპს „ხალიხების“ მფლობელი აკაკი ხარაშვილი 150 მმ დიამეტრის 1,10 სმ სიგრძის მილის ჩაბარებისთვის 3000 ლარით დააჯარიმა.

პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, აკაკი ხარაშვილი ჯართის მიღებას კანონით დადგენილი წესების დარღვევით აწარმოებდა. კერძოდ, 150 მმ დიამეტრის მილის ჩაბარება ჯართში აკრძალულია.

აკაკი ხარაშვილმა დაჯარიმების ოქმი ჯერ თელავის რაიონულ, ხოლო შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლო პროცესზე მეწარმემ აღნიშნა, რომ მას მილი ჯართში ჩასაბარებლად ერთ-ერთმა გლეხმა მიუტანა. „სახლში ჰქონდა ძველი მილის ნაჭერი შემორჩენილი, უჭირდა, პურის ფული არ ჰქონდა, ეზოში რკინები მოაგროვა და ჩააბარა. მერე მოვიდა პოლიციელი და 3000 ლარიანი ოქმი გამომიწერა. შეეძლო 1000 ლარიანი ჯარიმა გამოეწერა, მაგრამ უარი თქვა“, - განაცხადა შპს „ხალიხების“ მეპატრონემ.

მეწარმე ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მანანა ჩოხელის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 179 – 2-ე მუხლის თანახმად, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების კონფისკაციით.

„შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 2 თებერვლის 85-ე ბრძანებულების პირველი მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოთვლილია ნივთები, რომელთა მიღება - ჩაბარება დაუშვებელია, ესენია მილები, რომლებიც მეტია 100 მმ-ზე დიამეტრის. აკაკი ხარაშვილს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დაჯარიმების ოქმში მითითებული გარემოებებისგან განსხვავებული, სხვა გარემოებების დამადასტურებელი, აგრეთვე დარღვევის ჩადენაში მისი ბრალის გამომრიცხავი მტკიცებულებები. საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით“, - ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში.

კახეთში ბოლო ორი თვეა მკვეთრად შეინიშნება საგადასახადო ინსპექტორების გააქტიურებაც. საგადასახადო ინსპექტორები მაღაზიებში უკვე ბავშვებს და ორსულებს „აგზავნიან“. მათი მოქმედების სქემა ყველა რაიონში იდენტურია - ისინი ჯერ გამყიდველს აბნევენ, შემდეგ კი ქვითრის არამორტყმის გამო 500 ლარიან ჯარიმას უწერენ.

მაგალითად, ერთ-ერთ პურსაცხობში, სადაც მხოლოდ 2 ადამიანი მუშაობს, ერთი თონეში პურს აკრავდა, ხოლო მეორე ცომს ზელდა, შევიდა ახალგაზრდა კაცი, ერთი პური აიღო, მაგიდაზე დადო 60 თეთრი და გავიდა. 2 წუთში შევიდნენ საგადასახადო ინსპექტორები და პურსაცხობის მეპატრონესთან შეხვედრა მოითხოვეს. მივიდა მეპატრონე და 500 ლარით დააჯარიმეს, „სალარო აპარატს არ იყენებო“.

ამავე მიზეზით მაღაზიებიც დააჯარიმეს. „შემოვიდა პატარა ბავშვი, სხვაგან ორსული ქალი შევიდა. ბავშვმა იყიდა კევი, ფული მომცა წინასწარ და სანამ ჩეკს ამოვარტყამდი, უკვე საგადასახადო ინსპექტორები დამადგნენ და 500 ლარით დამაჯარიმეს“, - ამბობს თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გამყიდველი.

მეწარმეების უმრავლესობა დაჯარიმების ოქმს სასამართლოში არ ასაჩივრებს. ამას იმით ხსნიან, რომ რეგიონში არ არსებობს პრეცედენტი, მეწარმეს საგადასახადოს წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოეგო.

ახალი ამბები