კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

23 ოჯახი 9 თვე იზოლაციაშია

25 აგვისტო, 2011

გელა მთივლიშვილი

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში 51 წლის ნოდარ ზვიადაური კლდიდან გადმოვარდა და დაიმტვრა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა საავადმყოფოში მისი გადაყვანა ვერ ხერხდება. ვეძათხევი უკვე 9 თვეა, გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სოფლამდე მისასვლელი გზა მეწყერმა წაიღო. გზა ერთხელ შეაკეთეს, თუმცა ისევ დაზიანდა და მეორედ აღარავის შეუკეთებია. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია.

„სამანქანო გზა ვეძათხევამდე 3 კილომეტრში, სოფელ ველთაურთკართან წყდება. ველთაურთკარიდან ჩვენამდე საცალფეხო ბილიკით გადმოვდივართ. თუ წვიმიანი ამინდი არ არის, სახედრებით ვსარგებლობთ.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ვეძათხევისთვის 7 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობამ გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ, რომ ამ ფულით გზა გაკეთებულიყო. შევადგინეთ აქტი და რწმუნებულს სოსო თანიაშვილს მივუტანეთ. აქტის წასაღებადაც არავინ მოსულა. მას მერე თვენახევარი გავიდა. დახმარებას გვპირდებიან, მაგრამ გვატყუებენ.

თუ გზა ახლა არ შეაკეთეს, მერე წვიმიანი ამინდები დაიწყება და საერთოდ უპატრონოდ დავრჩებით. ძროხისთვის თივა გვაქვს მოსატანი, ჩვენი საკვებიც სახლამდე ვერ მიგვიტანია. ერთ ტომარა ფქვილს რომ ვიყიდით, მეზობელ სოფელში ვტოვებთ და მერე ვედროებით ვეზიდებით. სოფელი ყოველდღე იცლება, აქ სკოლა არა არის. ზოგმა შვილი ბავშვთა სახლში მიაბარა, ზოგს სახლში ჰყავს და წერა - კითხვასაც კი ვერ ასწავლის“, - ამბობს ვეძათხევის მკვიდრი ნინო ქაფიაშვილი.

ვეძათხევის მკვიდრის თამარ ინაშვილის თქმით, სამანქანო გზის შესაკეთებელი სამუშაოების დაწყების თაობაზე მათ პირობა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ ოტიაშვილისგან მიიღეს. „ოტიაშვილი დაგვპირდა, რომ დამეწყრილი გზის რეაბილიტაცია 23 აგვისტოს დაიწყებოდა, თუმცა არ დაიწყო“, - ამბობს ინაშვილი.

დუშეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ვეძათხევთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში 2011 წელს უნდა განხორციელდეს. დამეწყრილი გზის შეკეთებისთვის ბიუჯეტში 4 547 ლარია გათვალისწინებული.

ვეძათხევში რეალურად 11 ოჯახი ცხოვრობს. დუშეთის გამგეობიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით კი იქ 23 კომლია. ცოტა ხნის წინ დღის წესრიგში მოსახლეობის სოფლიდან გასახლების საკითხიც დადგა.

„გასახლებაზე კიდეც რომ დავთანხმდეთ, გზა მაინც ხომ გვჭირდება? რაც გვაქვს, ის ნივთები ხომ უნდა გავიტანოთ? 11-დამ 8 ოჯახი კომპენსაციას - 10 000 ლარს ვითხოვთ. 3 ოჯახი ლაგოდეხში გასახლებაზე თანახმაა, მაგრამ იმათთანაც არავინ მოსულა“, - ამბობს ნინო ქაფიაშვილი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნეს, რომ ვეძათხევის პრობლემას იცნობენ და მოსახლეობის დახმარებას შეეცდებიან.

„ვეძათხევი მეწყრულ ზონაშია და მოსახლეობის გასახლებაზე ვზრუნავთ. მათ კახეთში ჩასახლება შევთავაზეთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კიდევ მივმართავთ და შევეცდებით, პრობლემა მალე მოვაგვაროთ“, - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების სამმართველოს უფროსის გიორგი მაზმიშვილის განცხადებით, სამინისტროს ვეძათხეველთა პრობლემა შესწავლილი აქვს.

„იქ მცხოვრებ 11 ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ლაგოდეხის რაიონში შევთავაზეთ. თავდაპირველად დაგვთანხმდნენ. მერე კი აღმოჩნდა, რომ თანახმა მხოლოდ 3 ოჯახი იყო. მათ გვთხოვეს, წინასწარ ენახათ ის ადგილი, სადაც იცხოვრებდნენ. როგორც კი მოვახერხებთ, წავიყვანთ და დავათვალიერებინებთ. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, იმედია, შეთავაზებულ პირობებს ისინიც დათანხმდებიან. საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოხდება“, - აღნიშნა მაზმიშვილმა.

ახალი ამბები