06:01, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოსები და ქართველები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებენ

25.08.2011

ზარინა სანაკოევა და გოგა აფციაური, www.iwpr.net

სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მაგრამ ზოგიერთი აქტივისტი ცდილობს, ურთიერთობები განაახლოს და საუბრობს, რომ ბოლოს და ბოლოს სწორედ ეს მოაგვარებს კონფლიქტს.

მაშინ, როცა მოლაპარაკებები თბილისსა და სამხრეთ ოსეთს შორის ჩიხში შევიდა, ორივე მხარის არასამთავრობო ორგანიზაციები ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ.

ხშირად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ისინი ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდებიან, ვინაიდან ადგილობრივი კანონმდებლობები საკუთარ ტერიტორიებზე ასეთი შეხვედრების ჩატარებას ართულებენ. 

სამხრეთ ოსეთი თბილისის კონტროლიდან 1991-92 წლებში, ხანმოკლე ომის შემდეგ გამოვიდა, მაგრამ მოქალაქეებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა ორივე მიმართულებით 2008 წლამდე, როცა რუსეთმა აღკვეთა საქართველოს მცდელობა, რეგიონზე კონტროლი დაებრუნებინა და აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

მას შემდეგ კონტაქტები შეწყდა, ხოლო სამხრეთ ოსეთისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზად რუსეთი დარჩა, რომლისგანაც მას მთები ყოფს.

ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. არც ერთმა მხარემ არ გამოხატა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა მშვიდობის დასამყარებლად. სახელმწიფოსა და უბრალო მოქალაქეების უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის არქონის მიუხედავად, აქტივისტები ცდილობენ, მხარეებს შორის კავშირი აღადგინონ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს, ამან შესაძლოა, კონფლიქტი საბოლოოდ მოაგვაროს.

ქართული გაზეთის „რეზონანსის“ რედაქტორის მოადგილე მალხაზ გაგუა მონაწილეობდა ქართველებისა და ოსების ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში, რომელიც  IWPR-ის მიერ იყო ორგანიზებული და მიმდინარეობდა კიევში, 2008 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში.

„ეს იყო საკუთარ კოლეგებთან, ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესანიშნავი შესაძლებლობა. ჩვენ დღემდე გვაქვს კონტაქტი, რომელსაც საფუძველი იმ შეხვედრაზე ჩეყარა. იმ დროს ომის დასრულებიდან 6 თვეც არ იყო გასული და ჩვენ შევძელით ერთ მაგიდასთან დასხდომა და საუბარი აგრესიისა და უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე. ჟურნალისტებისთვის ასეთი დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

აქტივისტები შეხვედრებს განაგრძობენ ხშირად ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში, რომელიც სტამბულში მიმდინარეობს. სამხრეთ ოსური გაზეთის „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ამბობს, რომ ხშირად ორივე მხარეს პოლიტიკური უთანხმოებები ქონდა - ოსები დაჟინებით მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას, ხოლო ქართველები - უარყოფდნენ მას, თუმცა, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ოსებმა ქართველებს არსებული მდგომარეობა გააცნონ.

„ყველაზე დიდი პრობლემები სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან აქვს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი გვექნება ქართველებთან, მით უკეთესი იქნება. ამასთან, ჩვენ არ ვთმობთ დამოუკიდებლობის პრიორიტეტებს, ხოლო დანარჩენ საკითხებში, რატომაც არა, მოლაპარაკებები შესაძლებელია. რატომაც არ უნდა განვუმარტოთ მათ ოსების პოზიცია?!“ - განაცხადა მან, - „საჭიროა, გავამყაროთ ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი და ამისთვის ნებისმიერი ტრიბუნით უნდა ვისარგებლოთ და მათ შორის - ფორუმით“.

ამ ფორუმების ორგანიზატორია ჰოლანდიური ორგანიზაცია IKV Pax Christi  და აფინანსებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო. კავკასიური პროგრამის კოორდინატორმა სინტა დეპონდტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჯგუფს ამ საქმეში პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ჩართვის იმედი აქვს. ორივე მხარის პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები უკვე შეხვდნენ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.

უნივერსიტეტთან არსებულმა ანალიზისა და კონფლიქტების მოგვარების ინსტიტუტმა 9 შეხვედრა მოაწყო. ბოლო შეხვედრა ივლისში შედგა. მასში მონაწილეობდა 26-მა პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი, ჟურნალისტი და სხვა დაინტერესებული პირები.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრებზე მხარეები ერთმანეთს აზრს უცვლიან ისე, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფას არ აყენებენ. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია. ყოფილა ძალიან დიდი ვნებათაღელვა დისკუსიების დროს, მაგრამ იგი არასდროს გადაზრდილა შეურაცხყოფაში და არ გამოუწვევია გაბოროტება. დისკუსიები ძალიან მშვიდად მთავრდებოდა. ამასთან, ყველას ჰქონდა საკუთარი პოზიციიის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.

„მიმაჩნია, რომ მრავალი ადამიანი ისევ თავის პოზიციაზე დარჩა, მაგრამ არა - ყველა. ბევრმა ამ დისკუსიების შედეგად, თუ საკუთარი აზრი არ შეიცვალა, მინიმუმ, ჩაფიქრდა მაინც“.

მონაწილეები აქცენტს აკეთებდნენ საცხოვრებელი პირობების პრობლემებზე, მათ შორის - მეზობელი სოფლებისთვის წყლის მიწოდებაზე და ბუნებრივი გაზის პრობლემებზე რეგიონში, რომელსაც ქართველები ახალგორს ეძახიან, ხოლო ოსები - ლენინგორს.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი ვერ შეიმუშავეს, ისინი წყლისა და გაზის მიწოდების საკითხებზე შეთანხმდნენ, რაც არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიმაჩნია, რომ ასეთ შეხვედრებზე მხარეები თვალებს ახელენ და სმენასა და გონებას ამახვილებენ. ისინი მზად არიან, აღიარონ სინამდვილე - რა ხდება ამა თუ იმ მხარეს. ამის შემდეგ დგება გააზრების, ანალიზისა და დაფიქრების დრო, სად გვაქვს შეხების წერტილები და როგორ ვიმოქმედოთ მომავალში. ყველაზე მთავარია - ვითარების რეალურად შეფასება და არა ისე, როგორც ვისურვებდით რომ იყოს”, - განაცხადა დიანა ალბოროვამ, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა - დედაქალაქისა, რომელიც ოსურად ჟღერს, როგორც „ცხინვალ“, ხოლო ქართულად - „ცხინვალი“.

მაგრამ შეხვედრა ყოველთვის იოლი არ არის. სამხრეთ ოსეთში ცოტაა დამოუკიდებელი გამოცემები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტები ხშირად არიან სახელმწიფო მოხელენი და ეს ართულებს მათ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრებში. კიევისა და სტამბულის გარდა, ქართულ-ოსური შეხვედრები ტარდებოდა ბაქოში და ერევანში, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ორივე მხარის წარმომადგენლები არსებული პრობლემების განსახილველად შეკრიბა.
 
თვითონ ჯგუფები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეხვედრას ისურვებდნენ, მაგრამ ერთი მხარის მიერ დამყარებული წესების მიღება ისე, რომ მეორე მხარის წესები არ დაირღვეს, ძალიან რთულია. გასული წლის ბოლოს საქართველომ დაამტკიცა ე.წ. წესები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების შესახებ, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოღვაწეობას.

წესების თანახმად, ორივე რესპუბლიკაში რაიმე პროექტის განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის, ეკატერინე ტყეშელაშვილის განცხადებით, მთავრობა მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების პროექტებს, მაგრამ მოითხოვს, ისინი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით განხორციელდეს.

„ჩვენი პოზიცია შეუქცევადი არ არის. მზად ვართ, მოქნილად გამოვიყენოთ წესებით გათვალისწინებული მექანიზმები“, - განაცხადა მან. 

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველი კოსტა ძუგაევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი მზად არის დასავლეთ დონორებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარკვეული პოლიტიკური პირობების წამოყენების გარეშე.

„ასეთი მცდელობა იყო, მათ შორის, დიდი ფინანსური საშუალებების მოზიდვითაც. გასაგებია, რომ ფული განმსაზღვრელ როლს არ თამაშობს, განმსაზღვრელ როლს პოლიტიკური პრიორიტეტი თამაშობს”, - აცხადებს ძუგაევი.

დონორებმა ორივე მხარის კანონმდებლობაც რომ გაითვალისწინონ, ორივე მხარეს არსებობს ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ დიალოგს ეწინააღმდეგებიან. ცხინვალელი ბლოგერი და ერთობლივი ფორუმების მონაწილე მარია პლიევა ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო, მასზე ხშირად ზეწოლას ახდენენ.
 
„უკვე დიდი ხანია, აღარ ვწერ სუფთა ჟურნალისტურ სტატიებსა და რეპორტაჟებს. ეს იმის გამო მოხდა, რომ ცხინვალში ყველა ნიუსმეიკერს ჩემთან ურთიერთობა აუკრძალეს. ისინი უარს ამბობენ არა მხოლოდ კომენტარებზე, შემთხვევითი შეხვედრებისას თვალსაც კი მარიდებენ. გარდა ამისა, ხშირად არის მუქარა, ზეწოლა, გარჩევები პარლამენტის დეპუტატებისა და ინფორმაციიისა და ბეჭდვითი სიტყვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის საზოგადოებაში ნეგატიური იმიჯი შეექმნათ“, - განაცხადა მან. 

მიუხედავად ამისა, ის საკუთარი საქმისთვის თავის დანებებას არ აპირებს: „მიმაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებს თუ არ შევხვდებით, ერთმანეთს ვერასდროს ვერ გავუგებთ და მთელი ცხოვრება ომი გვექნება. ერთმანეთზე ინფორმაციის, კონტაქტებისა და რიგ საკითხებში შეხების წერტილის არქონა, აგრესიას იწვევს, ხოლო აგრესია ომის საწინდარია. მე კი მინდა, რომ მომავალი თაობა მშვიდობიანად ცხოვრობდეს. მშვიდობაზე ჩვენს გარდა, არავინ ილაპარაკებს. ჩვენ შუამავლების გარეშე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვენლოვანია“.

ზარინა სანაკოევა და გოგა აფციაური, რადიო „თავისუფლების“ თანამშრომლები და სხვადასხვა ერთობლივი შეხვედრების მონაწილენი.

© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი / http://iwpr.net

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და აუცილებელი არ არის IWPR-ის ან გამოცემის შეხედულებებს ასახავდეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ზაირა მარანელი
2011-08-27 08:10
2008 წლის ომის შედეგად განვიცდი დიდ ტკივილს,დავკარგე ყველაფერი- კონფლიქტს შეეწირა ღვიძლი ადამიანების სიცოცხლე, წინაპრების საფლავები..მაგრამ, ვთლი რომ ომის შემდგომ გარდუვალია დიალოგის პროცესი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC