კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები ტუბერკულოზით ციხეების ადმინისტრაციის გულგრილობის გამო ავადდებიან

26 აგვისტო, 2011

მარიამ იმერლიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პატიმრების ტუბერკულოზით დაავადება ხშირად საპატიმროების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უყურადღებობას და სამსახურებრივ გულგრილობას უკავშირდება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა - ამის შესახებ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ უფლებადამცველები და ადვოკატები, რომლებსაც თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვთ პატიმრებთან და კარგად იციან ქართულ საპატირმოებში არსებული პრობლემები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნინო ანდრიაშვილს მიაჩნია, რომ ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ტუბერკულოზით დაავადება ხშირად წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგია. მისი განცხადებით, ტუბერკულოზით დაავადებულები დროულად არ გადაჰყავთ სამკურნალოდ საავადმყოფოებში, რის გამოც დაავადება რთულდება და მძიმე ფორმას იღებს. დაავადებული პატიმრებისთვის არ არის შექმნილი პირობები განსაკურნებლად   -   მათ არა აქვთ ნორმალური კვება, სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება და ა.შ.  ამავე დროს არის შემთხვევები, როცა სამედიცინო დაწესებულებებიდან ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს მკურნალობის კურსის დასრულებამდე აბრუნებენ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში.

პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი, რომელსაც ნინო ანდრიაშვილი იცავს, რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულ ოვაკიმიანს 2011 წლის დასაწყისში აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, უძილობა, ოფლიანობა, უმადობა და წონაში სწაფი კლება. ეს გამოხატული ტუბერკულოზის ნიშნებია. თუმცა, პატიმრისთვის ყურადღება ამ ეტაპზე არავის მიუქცევია. თბილისის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ოვაკიმიანი დაავადებების სიმპტომების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ გადაიყვანეს. თუმცა, აქ მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს (შე სომეხო, რა არის, სიცხე ვეღარ აგიტანიაო!) და უკან გამოუშვეს ისე, რომ დიაგნოზისთვის შესაბამისი სამედიცინო შემოწმება არც კი ჩაუტარებიათ. არადა, ამ დროს პატიმარს ვერაგი დაავადება ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე ჰქონდა და მისი განკურნება შესაძლებელი იყო.

რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ პატიმრის მდგომარეობა გაუარესდა. სამი თვის შემდეგ მოულოდნელად რუდიკ ოვაკიმიანი ქსნის ტუბდაწესებულებაში გადაიყვანეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. დაწესებულების მედპერსონალმა მას დაუდგინა ტუბერკულოზი, თუმცა, არაფრად მიიჩნია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ისევ უკან - რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნა. ამ დროს პატიმარს დაავადება უკვე გართულებული ჰქონდა.

ცოტა ხანში პატიმარი ისევ თბილისის N18 სამკურნალო დაწესებულებაში აღმოჩნდა - სწორედ იქ, საიდანაც ერთხელ უკვე გამოაგდეს.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, ამ დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების განკურნებისთვის აუცილებელი გარემო და პირობები არ არის. კერძოდ: ავადმყოფებს არა აქვთ სრული მოსვენებითი რეჟიმი და დღეში მხოლოდ 10-15 წუთით ასეირნებენ სუფთა ჰაერზე.  გარდა ამისა, სამკურნალო დაწესებულებაში არ შედის ყველა ის საჭირო საკვები, რაც აუცილებულია ტუბერკულოზით დაავადებულისთვის.

ნინო ანდრიაშვილმა უკვე მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თხოვნით, პასუხისგებაში მიეცეს ყველა თანამშრომელი, რომელსაც წვლილი მიუძღვის რუდიკ ოვაკიმიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. გარდა ამისა, ადვოკატი მოითხოვს მსჯავრდებული გადაყვანილ იქნას ქსნის ტუბერკულოზით  დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შედარებით ადეკვატური პირობებია ავადმყოფი პატიმრისათვის.

ახალი ამბები