კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენერგორეკეტი

1 სექტემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

80 წლის სულთან უსუფაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცი 8 თვეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია მას დავალიანების სახით 1047 ლარის გადახდას ედავება. მოხუცს სახლში ელექტროტექნიკა არ აქვს. სულთან უსუფაშვილი უსინათლოა და ელექტროენერგიას, მეზობლის დახმარებით, მხოლოდ რადიომიმღების ელემენტების დასატვირთად მოიხმარდა. ეს თანხა მას საუბნო მრიცხველის ჩვენებით დაარიცხეს.

სულთან უსუფაშვილის გარდა სოფელ მაღაროში 8 თვეა ელექტროენერგია კიდევ 5 ოჯახს არ მიეწოდება. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია თითოეული ოჯახისგან 850-დან 2000-მდე ლარის გადახდას ითხოვს.

თენგიზ ქადაგიშვილი, სოფელ მაღაროს მკვიდრი: „საერთო მრიცხველზე 12 აბონენტი ვართ მიერთებული. კომპანიამ დამარიცხა 850 ლარი. იძულებული გავხდი და ჩემი ხარჯებით ახალი, ინდივიდუალური მრიცხველი დავაყენე. მერე რა მოხდა, აღარ ვიცი. დავალიანება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა. მედავებოდნენ, რომ ეს თანხა გადაიხადეო. ვერ გადავიხადე და შუქი ჩამიჭრეს. 8 თვეა ბნელაში ვართ“.

დარეჯან ქადაგიშვილი: „ერთი თორმეტვოლტიანი ტელევიზორი მაქვს. ამდენს როგორ დავწვავდი? მაცივარი მე არ მაქვს, სარეცხი მანქანა მე არ მაქვს. საიდან იწვება ამდენი თანხა? გურასპაშვილებს 988 ლარი დაარიცხეს, შაიშმელაშვილებს 976 ლარი, ვარსიმაშვილებს 1005 ლარი. სანამ არ გადაიხდით, შუქს ვერ ეღირსებითო“.

მონოპოლისტი ლიცენზიატი

კახეთში ელექტროენერგიის განაწილების ერთადერთი ლიცეზნიატი კომპანია ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაა“. კომპანია 117 058 აბონენტს ემსახურება.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2005 წლიდან 2008 წლის ჩათვლით გაკოტრების რეჟიმში იყო. კომპანიის საპრივატიზაციო პროცესი 2006 წლიდან დაიწყო. ორი წლის განმავლობაში 4 კონკურსი და 1 აუქციონი ჩატარდა, მაგრამ კომპანია არ გაიყიდა. გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიის მმართველის და სხვა ხელმძღვანელების ყოველთვიური ხელფასი რამდენიმე ათას ლარს შეადგენდა.

სახელმწიფომ „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს „ენერგოპროჯორჯიას“ მიჰყიდა, თუმცა მალევე ეკონომიკის სამინისტრომ ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება გააუქმა. კონტრაქტის გაუქმების მიზეზი დოკუმენტში აღმოჩენილი უზუსტობები გახდა. კერძოდ, აუქციონზე გასატან სადისტრიბუციო კომპანიის მიერ გაკეთებულ განაცხადში 947 ტრანსფორმატორის ნაცვლად, 883 ტრანსფორმატორი ჩაიწერა. განაცხადში არ მოხვდა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთებიც. კომპანიის მაშინდელი გაკოტრების მმართველის ზურაბ დიღმელაშვილის თქმით, განაცხადში ხარვეზები მექანიკურად გაიპარა. „ენერგოპროჯორჯიასთან“ გარიგების გაუქმების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები სახელმწიფოსთვის დამალული აქტივების გამო პასუხს აგებდნენ, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა და მათ არც თანამდებობა დაუკარგავთ.

2008 წლის დეკემბერში „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ლიტვურმა კომპანია „ახემა ჯგუფმა“ აუქციონზე 9 მილიონ 150 ათას დოლარად შეიძინა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2009 - 2013 წლებში ლიტვურმა კომპანიამ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რეგიონში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება 2014 წლამდე უნდა დასრულდეს.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების გეგმით გათვალისწინებული გრაფიკი რამდენჯერმე დაირღვა. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ 2011 წლის 25 აგვისტოს მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ინდივიდუალური მრიცხველი სულ 20 393 აბონენტს აქვს. დანარჩენი, 96 665 აბონენტი მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს საერთო (საუბნო) მრიცხველის ჩვენებით იხდის.

საუბნო (საერთო) მრიცხველი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) განმარტებით, საერთო მრიცხველი აღრიცხავს მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ მნიშვნელობას დანაკარგების ჩათვლით.

ჟურნალისტური გამოძიებისას ჩვენ რეგიონის 16 სოფელში აბონენტები გამოვკითხეთ. აბსოლუტურად ყველა სოფელში, საუბნო მრიცხველის ჩვენებით დაკისრებული გადასახადი აღემატება აბონენტების მიერ რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. მაგალითად, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, თითოეულ აბონენტს დანამატის სახით თვეში 70 ლარამდე თანხა დააკისრა. სოფლებში ვაზისუბანში, ჭანდარში, ჩუმლაყში, კოლაგში, შაქრიანსა და აფენში თითოეულ ოჯახზე დანამატი 3-დან 18 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამავე სოფლებში, 2011 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, დავაფიქსირეთ არაერთი შემთხვევა, როცა იმის გამო რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი რამდენიმე აბონენტს არ ჰქონდა გადახდილი, ელექტროენერგიის მიწოდება მთელ უბანს შეუწყვიტეს.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ამგვარ მუშაობას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ორი წლის წინ „ჩინგიზ ხანის პრინციპებით მოქმედება“ უწოდა. „მოსახლეობასთან საუბრის დროს გამოიკვეთა მთავარი პრობლემა. ენერგოკომპანია ხალხს უსამართლოდ დარიცხული თანხების გადახდას აიძულებს. გარდა იმისა, რომ ზედმეტ თანხებს აწერენ, ერთი აბონენტი თუ გადასახადს არ იხდის, ელექტროენერგიის მიწოდებას მთელ უბანს უწყვეტენ. გამოდის, რომ კომპანია მომხმარებლების მიმართ ჩინგიზ ხანის პრინციპებით მოქმედებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე უკვე დავავალე იურისტებს, მოამზადონ სარჩელი და მოქალაქეთა უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ“, - განაცხადა მინისტრმა 2009 წლის აგვისტოში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. მინისტრის დავალებით ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არავის შეუტანია.

დამატებით დარიცხული დიდი თანხების გამო, დახმარების თხოვნით, 2010 წელს,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისს 430-მა მოქალაქემ მიმართა, 2011 წლის 10 იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით კი 386-მა ადამიანმა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი განმარტავს, რომ ისინი უკმაყოფილო აბონენტებს ძირითადად მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) ამისამართებენ. სემეკ-ის და ენერგოომბუდსმენის ოფისები ქუთაისშია განთავსებული. დიდი მანძილის გამო აბონენტები პრეტენზიების განხილველ პირებთან შეხვედრას და საჩივრების წარდგენას ვერ ახერხებენ.

სემეკის ენერგოგანაჩენი

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ იურისტის თეა ჩილინდრიშვილის განმარტებით, კომპანია, იმ აბონენტებისგან, რომლებსაც გამართული, ახალი ინდივიდუალური მრიცხველი არ აქვთ, მოხმარებული ელექტროენერგიის თანხის გადახდას საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, სემეკ-ის 2009 წლის 15 ოქტომბრის N17 დადგენილების, ე.წ. დროებითი წესის საფუძველზე ითხოვს.

სემეკმა, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ საუბნო მრიცხველების ჩვენებით თანხის ამოღების უფლება პირველად 2005 წლის 29 ნოემბერს მისცა. დადგენილების ვადა 2008 წლის 1-ელ ივლისამდე განისაზღვრა. 2008 წლის 3 ოქტომბერს, სემეკ-მა საუბნო მრიცხველებით მოქმედების ვადა 2009 წლის პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა, 2009 წლის 15 ოქტომბერს კი ვადა 2014 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია 1996 წელს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომხმარებლის მონოპოლიური ფასებისგან დასაცავად შეიქმნა. კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებებით, მომხმარებლების უფლებები ირღვევა.

იურისტების განმარტებით, საუბნო მრიცხველების მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დავალდებულება, ადამიანის უფლებების დარღვევაა, რადგან სხვისი ვალდებულების იძულებით დაკისრებას წარმოადგენს. „კომუნალური აღრიცხვის წესი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-2 და მე-6 მუხლების შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ასევე მიიღოს გამყიდველისაგან ინფორმაცია მიღებული პროდუქციის წონის ან მოცულობის შესახებ, რომლის საშუალებაც ხშირ შემთხვევაში არ ეძლევათ“, - ამბობს იურისტი ლია ხუროშვილი.

სემეკთან არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიც. ენერგოომბუდსმენი ვარლამ ფხაკაძე სემეკ-ის აღნიშნულ დადგენილებას იმით ხსნის, რომ კომპანიას არ უნდა შეექმნას ფინანსური პრობლემები. „აბონენტებმა გადასახადი უნდა გადაიხადონ. სხვა შემთხვევაში, გაუარესდება ხარისხი და კომპანია შეიძლება გაკოტრდეს. მერე საერთოდ ვეღარ გაწევს ვერანაირ მომსახურებას და ვეღარ დავიცავთ ვერც გადამხდელს და ვერც არგადამხდელს. არ შეიძლება ამას მივუდგეთ მხოლოდ ერთი, უფლებების დარღვევის კუთხით“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

დარღვევები

სემეკ-ის 2009 წლის 15 ოქტომბრის N17 დადგენილებით, რამდენიმე პირობა მომხმარებელთა უფლებების დასაცავადაც არის დადგენილი, თუმცა „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ამ მოთხოვნებს არღვევს.

დადგენილების მე-8 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური მრიცხველის მდგომარეობა და შეადგინოს აქტი მრიცხველის გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ“.

ამ მოთხოვნით კომპანიას წერილობით არაერთმა პირმა, მათ შორის სოფელ გურჯაანის მაცხოვრებლებმაც გუგული რაქვიაშვილმა და თამარ ნიკოლაშვილმაც მიმართეს. „მრიცხველი რომ შემოწმებინათ, განცხადება ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში დაგვიწერეს. განცხადება კომპანიის გურჯაანის სერვის - ცენტრში 2011 წლის მარტში ჩავაბარეთ, მაგრამ არავინ მოსულა და მრიცხველი არ შეუმოწმებიათ“, - ამბობს თამარ ნიკოლაშვილი.

სემეკ-ის ამავე დადგენილებით, თუ კომპანიამ ერთი თვის ვადაში არ შეამოწმა და არ შეადგინა შესაბამისი აქტი, მრიცხველი ითვლება გამართულად და მომხმარებელი გადის საუბნო მრიცხველით რეგულირების სფეროდან. კომპანია ვალდებული ხდება მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად აწარმოოს. 2011 წლის აპრილში გუგული რაქვიაშვილმა მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადახდაზე უარი თქვა. „სერვის - ცენტრში ვუთხარი, რომ ჩემი მრიცხველი გამართულად ითვლება, რადგან ერთი თვის განმავლობაში არ შეამოწმეთ და მხოლოდ იმას გადავიხდი, რა თანხისაც ელექტროენერგია მოვიხმარე მეთქი. შენ ეგრე კატეგორიულად ნუ გველაპარაკებიო. მარტო მიმდინარე გადასახადი გადავიხადე. იმავე საღამოს შუქი ჩამიჭრეს“, - აღნიშნავს გუგული რაქვიაშვილი. რამდენიმე დღის განმავლობაში უშუქოდ ყოფნის შემდეგ, აბონენტი უძულებული გახდა დანამატის სახით დარიცხული თანხა, 23 ლარი გადაეხადა და ელექტროენერგიაც ჩაურთეს.

დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საერთო მრიცხველიდან აღრიცხვის ჩვენების აღება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და ამ საერთო მრიცხველზე მიერთებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ან მათი წარმომადგენლის თანდასწრებით.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ამ მოთხოვნასაც სისტემატურად არღვევს. სოფლებში ჩატარებული გამოკითხვის დროს ჩვენ აბონენტებს ვკითხეთ, ესწრებოდა თუ არა მათგან ვინმე საერთო მრიცხველიდან ჩვენების აღების პროცესს. ყველამ გვიპასუხა, რომ ამ პროცესს არავინ ესწრება და არც ის იციან, როდის და ვინ იწერს საერთო მრიცხველიდან ჩვენებას.

დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღეს ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ სემეკ-ის მიერ დადგენილ ამ მოთხოვნასაც არღვევს. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია ვალდებულია აბონენტებს ქვითარი სახლში მიაწოდოს, რასაც ის არ აკეთებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტებმა 25 აგვისტოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს სერვის - ცენტრებში სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები 60 აბონენტი გამოკითხეს. გამოკითხულთაგან 56 მომხმარებელმა განაცხადა, რომ კომპანია მათ ქვითარს არ უგზავნის; 3 - მა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ქვითარი მაღაზიაში დაუტოვეს, საიდანაც თავად წაიღეს; მხოლოდ ერთმა აბონენტმა აღნიშნა, რომ ქვითარი სახლში მიუტანეს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის მიერ დავალიანების მქონე აბონენტის გათიშვა ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდებას დავალიანების მქონე აბონენტს ინდივიდუალურად კი არ უწყვეტს, არამედ მთელ უბანს თიშავს.

აი, მაგალითად: კახა მამარდაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობს. მას და კიდევ სამ მეზობელს ერთი მრიცხველი აქვთ. 2010 წლის 27 ნოემბერს ოთხივე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. „ჩვენ დავალიანება არ გვქონდა და შევეცადე, გამერკვია შუქი რატომ ჩაგვიჭრეს. მივედი სოფლის მონტიორთან, მან მომცა გურჯაანის სერვის - ცენტრის უფროსის ავთო ზარნაძის ტელეფონის ნომერი. დავურეკე. ზარნაძემ მითხრა, სწორედ ახლა თქვენს სოფელში ვარ, გზასთან ხალხია შეკრებილი და სიტუაციას ვარკვევო. ჩავედი და ვუთხარი, რომ ჩვენ დავალიანება არ გვქონდა და შუქი მთელი უბნისთვის არ უნდა ჩაგეჭრათ მეთქი. დამეთანხმა, დავალიანება ნამდვილად არ გაქვთო. ამ დროს მომკიდეს პოლიციის თანამშრომლებმა ხელი და წამიყვანეს. დამაბრალეს, რომ აქციაში ვმონაწილეობდი, პოლიციის თანამშრომლებს ბოროტად არ დავემორჩილე და დამაკავეს“, - ამბობს კახა მამარდაშვილი. თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, კახა მამარდაშვილი 7 დღე ღამე პატიმრობაში იმყოფებოდა.

რეიდები დღესასწაულების წინ

ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები მოხმარებული ელექტროენერგიის თანხის ამოღების მიზნით, განსაკუთრებით, წინასადღესასწაულო დღეებში აქტიურობენ. 2011 წლის 21 – 22 აპრილს რეგიონის სოფლებში „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ თანამშრომლები ჯგუფ - ჯგუფად დადიოდნენ და ელექტროენერგიას მხოლოდ დავალიანების მქონე აბონენტებს კი არა, უბნებს უთიშავდნენ.

„სააღდგომოდ კვერცხებს 21 აპრილს ვღებავდი. მოვიდნენ და მითხრეს, დავალიანებას თუ არ გადაიხდი, შუქი უნდა ჩაგიჭრათო. იმ მომენტში 50 ლარი არ მქონდა და ვერ გადავიხადე. კიდევ რამდენიმე ოჯახმა ვერ გადაიხადა. მთელი უბანი გამორთეს. მერე იძულებულები გავხდით, ფული ვიშოვნეთ, ზოგმა მეზობელს ესესხა და გადავიხადეთ. ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც დაჰყვებოდათ, ფულს ის აგროვებდა. გამოგვართვა, რვეულში ჩაიწერა და გვითხრა, სამშაბათს მოდით სერვის - ცენტრში და გადახდის ქვითარი წაიღეთო. შუქი იმავე საღამოს ჩაგვირთეს“, - ამბობს სოფელ ჭანდარში მცხოვრები თამარ ნაცვლიშვილი.

22 აპრილს, პარასკევს - დიდი პარასკევი იყო, 23 აპრილს - დიდი შაბათი აღინიშნებოდა, 24 აპრილს - აღდგომა, 25 აპრილს მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლით, სააღდგომო დღეები, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით უქმეა.

სემეკ-ის 2009 წლის 15 ოქტომბრის N17 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ უკრძალავს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას გადაუხდელობის მიზეზით ღამის საათებში, შაბათ - კვირას, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში ან მათ წინა დღეს. ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლებმა ეს მოთხოვნაც დაარღვიეს.

დადგენილება N20

კომპანიასა და მომხმარებლებს შორის არსებულ იმ ურთიერთობებს, რომლებიც 2008 წლის N17 დადგენილებით არ არის დარეგულირებული, სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილება არეგულირებს. ამ დადგენილებით „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებია“ დამტკიცებული. იგი ძირითადად გამართული ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებზე ვრცელდება.

დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივმოქმედი 24 საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება. „დ“ პუნქტის თანახმად, კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შესახებ. „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ დოკუმენტებში მითითებული აქვს რომ ცხელი ხაზის ნომრებია: 8 350 27 12 32; 8 350 27 42 92. ამ ნომრებზე საღამოს 6 საათის შემდეგ აღარავინ პასუხობს და ისევე როგორც არასამუშაო დღეებში, ფაქსის სიგნალი ირთვება.

ამავე დადგენილებით ენერგოსადისტრიბუციო კომპანია ვალდებულია აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში მასთან წერილობითი ფორმით ხელშეკრულება გააფორმოს. მოქალაქე ანა მთივლიშვილმა, რომელსაც ძაბვის ცვალებადობის გამო ძვირადღირებული მაცივარი დაეწვა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით ორჯერ, 2010 წლის ნოემბერში და 2011 წლის აპრილში მიმართა. მომხმარებელს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიიდან არცერთ განცხადებაზე პასუხი არ გასცეს. არადა, დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, როგორც ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას, ისე აბონენტს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

დადგენილების მე-10 მუხლი განსაზღვრავს თანხის დარიცხვისა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმებს. თუ მომხმარებელმა 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში, სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებელს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა მოსთხოვოს. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს: თუ მომხმარებელმა ნებაყოფლობით თქვა უარი მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი. აბონენტ ანა მთივლიშვილს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დეპოზიტის გადახდა მოსთხოვა 20.50 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ აბონენტს ვადაგადაცილებით გადასახადი მხოლოდ ორჯერ ჰქონდა გადახდილი და არა სამჯერ. ამასთან, ამ აბონენტს კომპანიისგან არც ქვითარი მისდის. ყოველდღიურად სერვისცენტრებში მყოფ უამრავ აბონენტს შორის ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი მომხმარებელი, რომელსაც „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დეპოზიტზე შეტანილი თანხა უკან დაუბრუნა.

ზაუტაშვილების საქმე

რამაზ ზაუტაშვილი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ყვარელში, დოდაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. 2009 წლის 15 აპრილს, როცა რამაზ ზაუტაშვილი და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წარმომადგენლებმა მრიცხველი ისე შეცვალეს, რომ არ მომხდარა შეცვლილი მრიცხველის შემოწმება და არც შესაბამისი აქტი შეუდგენიათ. 15 აპრილიდან მაისის ჩათვლით რამაზ ზაუტაშვილს დაერიცხა დავალიანება 388 ლარის ოდენობით, არადა ოჯახის წევრები 3 მაისიდან 28 მაისამდე დასასვენებლად სურამში იმყოფებოდნენ, რასაც ადასტურებენ მათი მეზობლები და თანამშრომლები. 29 მაისს რამაზ ზაუტაშვილმა განცხადებით მიმართა „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ და მრიცხველის შემოწმება მოითხოვა. 13 ივნისს მრიცხველი შეამოწმეს, რის შემდეგაც ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლებმა რამაზ ზაუტაშვილს განუცხადეს, რომ მრიცხველი კარგად მუშაობს და დაკისრებული დავალიანება დროულად და სრულად უნდა გადაეხადა, თანხის გადახდამდე კი მას ელექტროენერგია გაუთიშეს. იქიდან გამომდინარე, რომ ზაუტაშვილებს იმ პერიოდში სახლში ჰყავდათ ბავშვი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე სჭირდებოდა ინგალაცია, რომლის ჩატარებაც ელენერგიის გარეშე შეუძლებელი იყო, აბონენტი იძულებული გახდა და 10 ლარი გადაიხადა, რის შემდეგაც ელენერგია ჩაურთეს. რამაზ ზაუტაშვილმა განცხადებით მიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკრებულოს წევრმა ვაჟა ვარადაშვილმა დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. დეპუტატი მოხსენებით ბარათში განმარტავს, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დიდი რაოდენობით თანხის გადახდა სხვა აბონენტებსაც დააკისრა და საკითხს კომპლექსური შესწავლა სჭირდებოდა. საკრებულომ დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

2009 წლის 15 ოქტომბერს რამაზ ზაუტაშვილმა სარჩელით თელავის სასამართლოს მიმართა და დაკისრებული თანხის 378 ლარის ჩამოწერა მოითხოვა. 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დაინიშნა მრიცხველის ტექნიკური ექსპერტიზა, რის გამოც საქმის წარმოება შეჩერდა. ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ თანამშრომლებმა ზაუტაშვილების ოჯახს ელექტროენერგია ოთხჯერ გაუთიშეს, მათ შორის ერთხელ ისეთ დროს, როცა მათი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც საქმეში კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაც ჩაერია.

სემეკ-ის N20 დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სემეკ-ის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას, გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში. ამავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისთვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი, გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ ეს მოთხოვნებიც დაარღვია.

ზაუტაშვილების საქმეზე თელავის სასამართლომ 2010 წლის 20 დეკემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და აბონენტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. რამაზ ზაუტაშვილი სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ მივიდა, მისი ადვოკატი კი იმ პერიოდში საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც გარდაიცვალა. ზაუტაშვილებმა დავის გაგრძელება ვეღარ შეძლეს და იძულებულები გახდნენ დაკისრებული თანხა გადაეხადათ.

გაკოტრების საქმე

მიუხედავად იმისა, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებისგან ელექტროენერგიის თანხის ამოღებას მომხმარებლების უფლებების დარღვევის ხარჯზე ახდენს, კომპანიას შესყიდული ელექტროენერგიის თანხა გადასახდელი აქვს. დავალიანება 4 417 544 ლარს შეადგენს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა.

კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართეს.

შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) გენერალური დირექტორის ირინა მილორავას განცხადებით, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2011 წლის მარტი-აპრილის თვეებში ესკოსგან შესყიდული აქვს 3 509 921.86 ლარის ღირებულების საბალანსო ელექტროენერგია. „მოვალის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების 6.4 მუხლი, რაც გამოიხატება ვალდებულების შეუსრულებლობაში. კერძოდ, მოვალის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებიდან გადახდილია მხოლოდ მცირე ნაწილი, ესკოს მიმართ დავალიანება შეადგენს 2 943 375.6 ლარს“, - აღნიშნავს მილორავა.

2009 წლის 14 აგვისტოს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“ გაფორმდა პირდაპირი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის იანვარ-ივნისის თვეებში, „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ელექტროსისტემისგან მიღებული აქვს 1,506,684.97 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის მომსახურება. „მოვალემ არ შეასრულა ვალდებულებები. კერძოდ, მოვალის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებიდან გადახდილია მხოლოდ მცირე ნაწილი. ელექტროსისტემის მიმართ დავალიანება შეადგენს 1 474 169,31 ლარს“, - განაცხადა შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა, 5 აგვისტოს განჩინებით, ირინა მილორავას და სულხან ზუმბურიძის განცხადება წარმოებაში მიიღო. განჩინებით, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო. „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. ასევე, აიკრძალა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდა ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა - გადახდა. შეჩერდა მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება. განჩინებით არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

მოსამართლემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განუმარტა, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზინებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. კრედიტორთა პირველი კრება დანიშნულია 2011 წლის 22 სექტემბერს 14:00 (თოთხმეტ) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში.

შეგახსენებთ, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ პირველ გაკოტრებამდე, ანუ 2008 წლამდეც ზურაბ დიღმელაშვილი მართავდა, გაყიდვის დროსაც დიღმელაშვილი იყო ხელმძღვანელი, ინვესტორმაც ის დანიშნა დირექტორად. დიღმელაშვილი ამ დრომდე კომპანიის მმართველია.

მასალა მომზადდა დანიის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ასოციაციის (SCOOP) მხარდაჭერით

მასალა თავდაპირველად გამოაქვეყნა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა

ორიგინალი

ახალი ამბები