კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნა

1 სექტემბერი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

30 აგვისტო გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. გაუჩინარებულთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა თბილისშიც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“.

მსგავსი ღონისძიებები ასევე, ჩატარდა გორში, ცხინვალში, ქუთაისში,  ბათუმში, ზუგდიდსა და სოხუმში. საღამოს ორგანიზატორები „საქართველოს წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი“, ,XENON,  „სოხუმის ახალგაზრდობის სასახლე“, ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ და ოჯახების ასოციაციები „მოლოდინი“, „აფხაზეთის დედები“ და „პამიატი“ იყვნენ. საღამოს ესწრებოდნენ  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გაუჩინარებული მოქალაქეების ოჯახის წევრები.

საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით, ათასობით ადამიანი ითვლება დაკარგულად. საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინ „გაუჩინარებულის“ ნაცვლად გამოიყენება „უგზო-უკვლოდ“ დაკარგული. ექსპერტების აზრით, ტერმინოლოგია ერთადერთი პრობლემა არ არის. ქართულ კანონმდებლობას დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა სჭირდება. საქართველო არ არის მიერთებული იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის გაეროს საერთაშორისო კონვენციას, რის გამოც გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრები საქართველოში მოკლებულნი არიან დაცვის მთელ რიგ მექანიზმებს.

გაურკვევლობა ახლობლების ბედის შესახებ გაიჩინარებულთა ოჯახის წევრთათვის ყოველდღიური სასტიკი რეალობაა - მათ არ იციან, ცოცხლები არიან თუ არა დაკარგულები და ვერ ივიწყებენ იმ საშინელ მოვლენებს, რამაც მათი ცხოვრება დაანგრია. თუმცა, დედები, ძმები, მეუღლეები და შვილები იმედს არ კარგავენ და კვლავ ცდილობენ, მოძებნონ გაუჩინარებული ახლობლები.

„დღევანდელი დღე ჩვენთვის - დედებისთვის მტკივნეულიც არის და სასიხარულოც. სასიხარულო იმიტომ, რომ ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილები ახსოვთ. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ დღეს ყოველთვის გულისტკივილი გვიახლდება. მე ვარ ერთადერთი შვილის - გია მარტიაშვილის დედა, რომელიც 19 წელია, დაკარგულია. მე ვუთანაგრძნობ ყველა დედას -  ქართველს, აფხაზს, ოსს. ეს ჩვენი საერთო გასაჭირია. შვილმკვდარ დედას ეროვნება არ სჭირდება, მისი ეროვნება დედობაა“,  - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაზი მარტიაშვილმა.

ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო ფონდ „მოლოდინისა“ და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ფილმები, რომლებიც მოგვითხრობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიარაღებული კონფლიქტის, ქვეყნების შიგნით არსებული ძალადობრივი სიტუაციების დროს გაუჩინარებული ადამიანების შესახებ.

დაკარგულთა ოჯახები სახელმწიფოსგან ელიან პასუხს კონკრეტულ კითხვაზე - რა ბედი ეწია მათ ახლობლებს. ამ ხალხის დასახმარებლად მუშაობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, აღმოუჩინონ მათ ფსიქოლოგიური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა საკორდინაციო მექანიზმი, ჩამოყალიბდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფები. ჩვენ იმედს ვამყარებთ ამ ურთიერთობაზე და მიგვაჩნია, რომ ნაყოფიერი იქნება ერთობლივი მუშაობა საერთო საქმისთვის, რასაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დახმარება ჰქვია“,  -   აღნიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ თამარ მარტიაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს იქ დამსწრე საზოგადოებამ საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც გამოფენილი იყო ომში დაკარგული ჯარისკაცების სურათები, ამის შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

ახალი ამბები