კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეზონანსის“ ჟურნალისტს ახალგორის ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე ნოუთბუქი გაუჩხრიკეს

2 სექტემბერი, 2011

„ქართველი თუ ხარ, უნდა იცოდე, რას ნიშნავს ჩვენთვის სახიფათო და საშიში ინფორმაცია“

მარიამ იმერლიშვილი 

მარი ოთარაშვილი გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტია. იგი ახალგორში გაიზარდა და ნათესავების დიდი ნაწილიც იქ ჰყავს. ხშირად უწევს ჩასვლა ოკუპირებულ ახალგორში, როგორც ახლობლების მოსანახულებლად, ისე ჟურნალისტური საქმიანობის მიზნით. იგი ძირითადად კონფლიქტებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობს და ხშირად ამზადებს რეპორტაჟებს ახალგორიდან. 

ახალგორში შესვლა და გამოსვლა არც ისე იოლია. თბილისიდან ახალგორში მიმავალმა მოქალაქემ რამდენიმე საგუშაგო უნდა გაიაროს, სადაც ჯერ ქართველები, მერე რუსი ოკუპანტები, ბოლოს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო წარმომადგენლები დგანან და შემსვლელ-გამომსვლელთა საბუთებს ამოწმებენ.

მარი ოთარაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისას და გადმოსვლისას აქმადე სერიოზული პრობლემები არ შექმნია, რადგან იგი ოფიციალურად ახალგორის მცხოვრებია და ყველა საჭირო საბუთიც წესრიგში აქვს. თუმცა, ამ რამდენიმე დღის წინ ქართულ საგუშაგოზე  მისი ნოუთბუქი გაჩხრიკეს და ურჩიეს, სამომავლოდ ახალგორში ნოუთბუქით არ შესულიყო.

მარი ოთარაშვილი, „რეზონანსის“ ჟურნალისტი:  „დაახლოებით სამი თვეა, რაც ახალგორში ნოუთბუქით დავდივარ. მანამდე ნოუთბუქი არ მქონდა. დღემდე არ შემქმნია არანაირი პრობლემა, ანუ არავის გავუჩერებივარ და არ უთქვამს, რატომ დადიხარ ნოუთბუქით, ან მაჩვენე რა დოკუმენტები გაქვს ჩაწერილიო. 29 აგვისტოს, როცა ახალგორიდან მოვდიოდი, ასეთი ფაქტი მოხდა: სამარშრუტო ტაქსი, როგორც წესი, ოსური და რუსული ბლოკსაგუშაგოების გამოვლის შემდეგ,  ქართულ ბლოკსაგუშაგოზეც გაჩერდა რათა პოლიციას შეემოწმებინა მგზავრების პირადობის მოწმობები. ერთ-ერთმა პოლიციელმა მკითხა, რა გიდევს ხელჩანთაშიო. მე არ დამიმალავს, რომ თან ნოუთბუქი მქონდა. მომთხოვეს, ჩამერთო იგი და მეჩვენებინა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნა გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ ჩხრეკის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ,  მოთხოვნა კიდევ ერთხელ გამიმეორეს. ამჯერად, ამ მოთხოვნას უფრო თხოვნის სახე ჰქონდა. მე დავთანხმდი, გადმოვედი სამარშრუტო ტაქსიდან და მათთან ერთად ბლოკსაგუშაგოზე არსებულ პოლიციის ჯიხურში შევედი.  ჩავრთე ნოუთბუქი. დესკტოპზე მიდევს ფაილები სახელწოდებით: „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და „სტრატეგია“, რომელიც რეალურად არის „სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ეს ის მასალებია, რაც ხშირად მჭირდება ხოლმე სტატიების წერის დროს. ფაილით, რომელსაც უბრალოდ „სტრატეგია“ ერქვა, პოლიციელები ძალიან დაინტერესდნენ და მითხრეს, გამეხსნა. მე გავუხსენი და ამავდროულად ავუხსენი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ რეინტეგრაციის სამინისტროს ვებ-გვერდიდან გადმოწერილი ფაილი იყო. მათ „სტრატეგია“ დიდი ინტერესით ჩაიკითხეს და ამის შემდეგ მომთხოვეს, ნოუთბუქში ჩაწერილი ფოტოები მეჩვენებინა. თავიდან უარი განვუცხადე იმ მიზეზით, რომ ეს იყო ჩემი პირადი ფოტოები და აგრეთვე ფოტოები, რომლებსაც მასალების წერის დროს ვიყენებ. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე, მეჩვენებინა მათთვის ეს ფოტოები. მათ შორის იპოვეს ოსი სეპარატისტების ლიდერის რწმუნებულის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის ფოტო. ამ ფოტოს გამო უამრავი შეკითხვა დამისვეს. მე ავუხსენი, ვინც იყო ეს პიროვნება და ვუთხარი, რომ მის ფოტოს ვიყენებ ხოლმე სტატიების წერისას, რადგან ძირითადად ქართულ-ოსურ კონფლიქტის თემაზე ვმუშაობ. მკითხეს, თუ რატომ დამაქვს თან ნოუთქბუქი. ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისთვის მჭირდება. ამის შემდეგ მომცეს გაფრთხილება, რომ სასურველი არ არის ახალგორში ნოუთბუქით სიარული, რადგან ამ გზით შეიძლება გადავიტანო ისეთი ინფორმაცია, რაც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ქართული მხარისათვის“.

ჟურნალისტს დაზუსტებული პასუხი არ მიუღია კითხვაზე, თუ როგორ ინფორმაციას თვლიან ისინი სახიფათოდ. „ქართველი ხარ თუ ოსი?“ - იკითხეს მათ. ოთარაშვილის პასუხზე, რომ იგი ქართველია, დასძინეს: „თუ ქართველი ხარ, უნდა იცოდე, რას ნიშნავს ჩვენთვის სახიფათო და საშიში ინფორმაცია“.

ამ შემთხვევიდან შეიძლება სხვა დასკვნაც გამოვიტანოთ: გარდა იმისა, რომ „ქართველმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სახიფათო ინფორმაცია“, მზად უნდა იყოს, რომ მისი ქვეყნის პოლიცია ნებისმიერ დროს მიადგება და უსანქციოდ გაჩხრეკს, დაკითხავს და თუ ზემდგომი ინსტანციებიდან ბრძანება მოუვა, დააპატიმრებს კიდეც.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პოლიციელთა მიერ „რეზონანსის“ ჟურნალისტის ბლოკ-საგუშაგოზე უკანონოდ გაჩხრეკა წარმოადგენს მის საქმიანობაში უხეშ ჩარევას და ხელის შეშლას. ამავე დროს, ხელისუფლების მიერ აგორებული ჯაშუშომანიისა და აქტიური მოქალაქეების საყოველთაო თვალთვალის პირობებში, მარი ოთარაშვილს, შესაძლოა, ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრების საფრთხეც ემუქრებოდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიოს ახალგორის საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტი, დაადგინოს კანონდამრღვევი პოლიციელები და სამომავლოდ აღკვეთოს მსგავსი უკანონო ქმედებები პოლიციელთა მხრიდან.

ახალი ამბები