კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტები „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს მარეგულირებელ კომისიაში, გოკა გაბაშვილს კი სასამართლოში უჩივიან

9 სექტემბერი, 2011

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოდიში მომიხადოს!“  - აცხადებს დეპუტატი გოკა გაბაშვილი გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ახალგაზრდა იურისტები გოკა გაბაშვილს სასამართლოში უჩივიან“.

გოკა გაბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რა ექსპერტული ბიუროებიც არ უნდა მოიყვანოს და შეეცადოს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ყველას გვესმის, რომ ეს ტყუილია. შეეძლოთ მოეძიებინათ დოკუმენტები, ენახათ ჩვენებები და კონსულტაციები გაევლოთ შს სამინისტროსთან. ამის მაგივრად საჯარო პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომლის შემდეგაც გამოდის რესპუბლიკური პარტია და ამბობს, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის ორგანიზებული დაფარვის მცდელობაა. ამდენი ტყუილი ერთად შეუძლებელია. რესპუბლიკური პარტიისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ რესპექტაბელური იყოს, წინასწარ დადგმულ ტყუილში მონაწილეობს, ძალიან არასერიოზულია...

ბრიტანელებს რა უჩვენეს, არ ვიცი. მე ვიცი ერთი რამ: ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აშკარა ტყუილსა და თაღლითობას იყენებს იმისთვის, რომ ცილი დასწამოს ხელისუფლებას რაღაცაში და ამას 2 საათში იყენებს პარტია, რომელთანაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ არის დაკავშირებული. ვთვლი, რომ ისინი ჩაერთვნენ პოლიტიკურ თამაშში და საღი აზრის განცდა დაკარგეს. არანაირად სარჩელის შეტანას და საქმის გარჩევას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არ ვაპირებ. თუ სარჩელი შეიტანეს, არ ვიცი, ამ სარჩელით რას უნდა მიაღწიონ. კიდევ ერთხელ ვთავაზობ, თავისი რეპუტაცია აღადგინონ, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ იმ ტყუილისთვის, რაც ყველა საინფორმაციო საშუალებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტყუილია“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც ტელეკომპანიების წინააღმდეგ მაუწყებლების თვითმარეგულირებელ კომისიაში შეიტანს. საია ტელეკომპანიებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, საია „რუსთავი 2“-ს არაზუსტი ფოტოების გავრცელებაშიც ადანაშაულებს. საიას თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „რუსთავი 2“-მა ერთი ფოტო რაღაც სხვა ფოტოთი ჩაანაცვლა და ამ ჩანაცვლების შემდეგ სრულიად გაუგებარი დასკვნა გამოიტანა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით „საია: „რუსთავი 2“-მა ჩვენი ერთი ფოტო შეცვალა / ახალგაზრდა იურისტები „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს მარეგულირებელ კომისიაში, გოკა გაბაშვილს კი სასამართლოში უჩივიან.

„საიას მტკიცებით ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ფოტო (სადაც პირი ლურჯი ფერის პერანგითაა შემოსილი) საიას საერთოდ არ ჰქონია და შესაბამისად, მას ვერც ტელევიზიას გაუგზავნიდნენ. „რუსთავი 2“-ში კი ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ის ფოტომასალა გაავრცელეს, რაც საიას პრესკონფერენციის დროს გადასცეს. ჩუგოშვილის თქმით, მათ ფაქტის დამახინჯების მაგალითი წარსულშიც ჰქონდათ და მაშინ „ტელეიმედი“ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ახლაც ასე მოხდება და „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ამჟამადაც მოუწევთ აღიარება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებს“.

„არსებობს ეთიკის საბჭო და სასამართლო და საიას შეუძლია მას მიმართოს. მე არ ვთვლი, რომ არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ. რაც შეეხება ფოტოებს, რაც მათ მოგვაწოდეს, ის გავავრცელეთ, რა ფოტომასალაც პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს, ის ვაჩვენეთ. გადახედეთ, მათ მიერ გავრცელებულ პრესრელიზს, შეადარეთ „კურიერში“ გასულ სიუჟეტს და იპოვეთ 10 განსხვავება. ეჭვი მაქვს, რომ ვერც ერთს ვერ იპოვით“, - აცხადებს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მათე კირვალიძე კი აცხადებს, რომ საიას ამ გაცხადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და საიას სრული უფლება აქვს სასამართლოში სარჩელი შეიტანოს“, - დასძენს გამოცემა.

„საია სასამართლოში სარჩელის შეტანას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის წინააღმდეგაც გეგმავს. საია გოკა გაბაშვილს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი იყო გოკა გაბაშვილის მიერ 6 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, როდესაც მან კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა: „ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავს ობიექტურობაზე დებს, მიზანმიმართულ სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს“. გაბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საიას ბოდიშის მოხდა მოუწევს“, - წერს „რეზონანსის“ სტატიის ავტორი.

„პირველ რიგში, ჩვენ სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ ვაპირებთ. იმიტომ, რომ მათ სიუჟეტებში არასწორი ინფორმაცია იყო გასული. მასში დამახინჯებული ფაქტები იყო გამოყენებული. კერძოდ, თითქოს ექსპერტიზა ჩვენ თვითონ ჩავატარეთ და დასკვნები ჩვენ მიერ იყო გაკეთებული და თითქოს რაღაც დებულებების ფალსიფიცირებას ვაკეთებდით, რაც აბსოლუტური სიცრუე იყო. საიას არანაირი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ და შესაბამისად, არავითარი დასკვნები არ წარუდგენია საზოგადოებისთვის. რა დასკვნაც ბრიტანელმა ექსპერტებმა დაწერეს, ჩვენ იმის პრეზენტაცია გავაკეთეთ. „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში ფოტოებიც არასწორად იყო გამოყენებული. ჩვენ მათ სხვა ფოტოები გავუგზავნეთ და ექსპერტიზის დასკვნაში ძალიან ცხადად ეწერა, რაც გამოვაქვეყნეთ, თუმცა „რუსთავი 2“-მა ერთი ფოტო ჩაანაცვლა და ამ ჩანაცვლების შემდეგ სრულიად გაუგებარი დასკვნა გამოიტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის იმის საფუძველი, რომ საჩივარი შევიტანოთ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ამის გაკეთებას ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ“, - აცხადებს „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილი.

„ჩვენ ტელევიზიების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში არ შევიტანთ. არსებობს მარეგულირებელი კომისია და სარჩელის შეტანას იქ ვაპირებთ და მოვითხოვთ, რომ „რუსთავი 2“-მაც და „იმედმაც“ სიუჟეტის შინაარსი შეცვალონ, უფრო სწორად, თქვან, რომ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. კანონმდებლობა ტელევიზიის მხრიდან ბოდიშის მოხდის შესაძლებლობას არ იძლევა. მაგრამ მოვითხოვთ, რომ ეთერი დაგვითმონ და თქვან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს... რაც შეეხება გოკა გაბაშვილის კომენტარს, ეს იყო ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ თითქოს ფაქტის ფალსიფიცირებას ვაკეთებდით, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საკითხის გასაჩივრებას სასამართლოში ვაპირებთ. თუმცა, ამაზე კონსულტაციებს კვლავ ვგეგმავთ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მოგვიღია“, - დასძენს თამარ ჩუგოშვილი.

ინტერპრესნიუსის  პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები