კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდასაჭერად შეიკრიბა

9 სექტემბერი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

8 სექტემბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საიას ოფისთან შეიკრიბნენ და შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ახალგაზრდა იურისტებზე თავდასხმის გამო.

„იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვათ საიასთვის, უკმაყოფილო განცხადებები გააკეთეს. ეს თავდასხმები არაფრის მომტანი არ არის მათთვის. უმჯობესი იქნება, თუ თავიდან გამოიძიებენ ნიკა კვინტრაძის საქმეს და საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებენ“,     -    განაცხადა  გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქციას შეუერთდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა გაღიზიანება  და არაადეკვატური კომენტარები გამოიწვია  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დამოუკიდებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა 26 მაისს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით.

17აგვისტოს  საიამ  ბრიტანეთში დაფუძნებულ გავლენიან საექსპერტო ბიუროს ნიკა კვინტრაძის საქმეში არსებული ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა. ექსპერტიზის დასკვნა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა შსს-ს ოფიციალური ვერსიისაგან, რომლის თანახმადაც 26 მაისს ნიკა კვინტრაძე მაღაზიის თავზე ავიდა და იქ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ამ დროს არსებობს ფოტოსურათი, რომლის თანახმად, ნიკა კვინტრაძე ხელებშეკრული წევს ასფალტზე სპეცრაზმის მიერ დაპატიმრებულ სხვა ადამიანებთან ერთად. შსს-ს ვერსიით, ამ ფოტოსურათზე ნიკა კვინტრაძე კი არა, სრულიად სხვა მოქალაქე - გიორგი ბაქრაძეა გადაღებული.

„ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით, ჩვენ ექსპერტ კენეტ ლინჯს გავუგზავნეთ ნიკა კვინტრაძის პირადობის მოწმობისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები და ის ფოტო, რომელზეც მოწმემ თავის მეგობარი კვინტრაძე ამოიცნო. ასევე გავუგზავნეთ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ვიდეომასალა. 26 აგვისტოს მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. მორფოლოგიური შედარების გზით დადგინდა, რომ პირადობის მოწმობის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და ვიდეომასალაში გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ შვიდი მსაგავსების ნიშანი აღმოაჩინა და დაადასტურა, რომ აქციის ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალაზე აღბეჭდილი პირი ნიკა კვინტრაძეა. აქედან დასკვნა ერთია  - კვინტრაძე 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული იყო პოლიციის მიერ. საინტერესოა, ამის შემდეგ იგი როგორ აღმოჩნდა მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი?“ -  ამბობს საიას იურისტი თამთა მიქელაძე.

„ნაცვლად იმისა, რომ ექსპერტიზის პასუხების შემდგომ დაწყებულიყო შინაარსობრივი დისკუსია ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია გახდა შეტევის ობიექტი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი რაღაცაც ხდება  - ორგანიზაცია ცდილობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას, პასუხად იღებს შეურაცხყოფას და ცილიწამებას. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება არასამთავრობო სექტორთან შეტევის ენით საუბარი“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მასთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ განაახლოს გამოძიება ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წარმართოს საქმის გამოძიება მიუკერძოებლად და შედეგები აცნობოს საზოგადოებას.

26 მაისის სისხლიანი ღამე და უპასუხო კითხვები

26 მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა, რაზეც პასუხი დღემდე არ არის გაცემული. ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შედეგად დაკარგულთა და დაღუპულთა ისტორიები დღემდე ბურუსით არის მოცული.

ნიკა კვინტრაძე და სოლიკო ასათიანი აქციის დარბევისას გარდაიცვალნენ. ისინი კარგა ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდნენ. შსს-ს ოფიციალური ვერსიით, პოლიციამ ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გვამები 27 მაისის დილას მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინა. გარდაცვალების მიზეზად კი მაღალი ძაბვის ელექტროსადენებთან შეხება დასახელდა.

ოფიციალური ვერსია არ აღმოჩნდა არგუმენტირებული და დამაჯერებელი საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, რადგან მედიაში კიდევ ერთი არგუმენტირებული ვერსია გაჩნდა - გარდაცვლილის მეგობარი ამტკიცებდა, რომ 26 მაისის ღამეს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი ხელფეხშეკრული მამაკაცი ნიკა კვინტრაძე იყო.

დამოუკიდებელი ბრიტანული ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ საიას მისამართით არაკორექტული კომენტარები გააკეთეს შსს-სა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. სამაუწყებლო ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“: ეთერში გაუშვეს  საიას შეურაცხყმოფელი ტენდენციური სიუჟეტები. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, რადგან 26 მაისის ღამით გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია მოქალაქე გიორგი ბაქრაძე, რომელიც ცოცხალია და ცხოვრობს ქარელის რაიონში.

უტიაშვილის თქმით, გამოძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც ვიზუალური შედარების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება და გიორგი ბაქრაძე ერთი და იგივე პიროვნებაა. შსს-ს საიას ბრალს მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო სდებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის განცხადებით კი, ვიზუალური შედარებით გამოძიება არ უნდა ხელმძღვანელობდეს და მისი მიდგომა უფრო საფუძვლიანი და პროფესიონალური უნდა იყოს. ფოტოექსპერტიზა გაცილებით უფრო მაღალი სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში, ვიდრე ვიზუალური შედარება, რაც გამოძიებამ გააკეთა.

საია და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი შსს-სგან კვალიფიციური ფოტოექსტპერტიზის ჩატარებას და საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

ახალი ამბები