კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნავთობი სასმელი წყლის ონკანიდან

12 სექტემბერი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ნავთობიანი წყალი ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლების ონკანში უკვე მეორედ წამოვიდა. ხელისუფლება ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაპირდა მოსახლეობას პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა - უშედეგოდ. ბარცხანის მკვიდრებს მეორედ დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთები. მოგვიანებით კი, შვებულებიდან დაბრუნებული შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელ ჯანი ვარშალომიძისაგან პრობლემის მოგვარების მორიგი დაპირება მიიღეს.

„მოდიოდა სუფთა მაზუთი. დააზიანა მთელი მილები, ჩვენი ტექნიკა. სახლში მთლიანად ნავთის სუნია. გვეშინია არ მოვიწამლოთ. თუკი ვინმემ განზრახ არ ჩაასხა სასმელი წყლის მილში, საიდან უნდა შეერთებოდა ნავთობი?!“ - უკვირს მოსახლეობის ერთს ნაწილს.

„ნავთობი მილიდან თავისით არ გავა, მთლიანად მილია გამოსაცვლელი. ჩვენ არ ვართ სპეციალისტები, „ბათუმის წყლის“ რიგმა თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ 15 წუთი გაუშვით წყალი, გამოიცლება ნავთობი  და შემდეგ ჩვეულებრივი წყალი გექნებათო. ნავთობიან მილში გამოსული წყალი, განა ნორმალური წყალი იქნება?!“

„მათ უნდა დაალევინო ასეთი წყალი. ნახონ როგორი დასალევია წყალი ნავთობის გემოთი! ეს ნავთობიანი წყალი აბაზანის ბაკში რომ შევიდა, ზოგმა სარეცხი მანქანა ჩართო და გააფუჭა, რა ქნას ამ ხალხმა? თვითონ რომ არ იწალებიან და არ იტანჯებიან ჩვენსავით, ამიტომ ხელს არ ანძრევენ“.

თავდაპირველად, ნავთობიანი წყალი ბარცხანის დასახლების მცხოვრებთა ონკანიდან 17 ივლისს წამოვიდა. მაშინ პრობლემით ბათუმის მერიც დაინტერესდა და ადგილზე მისულმა მოსახლეობას ზოგადი და ბუნდოვანი პასუხი უთხრა: „სამწუხაროდ, სისტემა ამორტიზირებულია არა მარტო ბარცხანის დასახლებაში, ზოგადად, მთელ ქალაქში. ხანდახან არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ადამიანი ვერ აკონტროლებს ამას. აქ შეგნებით ეს არ გაკეთებულა და უბრალოდ, მოხდა ფაქტი“.

ხოლო შ.პ.ს „ბათუმის წყალის“ დირექტორი ჯანი ვარშალომიძე პრობლემას გამოწვევის მიზეზებს ასე ხსნიდა: „მილიდან, სადაც ნავთობპროდუქტი გადის, მოხდა გაჟონვა. შემდეგ წვიმამ წყლის დონე წამოსწია და მასთან ერთად ნავთობი გადმოდინდა ტერიტორიის გარეთ, სადაც სასმელი წყლის  მილის ერთ-ერთ დაზიანებულ წერტილში ჩაიღვარა. ხოლო როცა აღსდგა წყლის მიწოდება ქალაქზე, ნავთობიც წამოვიდა ქსელში“.

ამის შემდგომ ბარცხანის მოსახლეობა და ნავთობიანი წყლის პრობლემა ხელისუფლებამ მიივიწყა, რადგან ეს დასახლება ქალაქის გარეუბანშია და ტურისტებისთვის შედარებით ინტერესმოკლებულია. ადგილობრივები შეწუხებულნი, რომ მათ დასახლებაში ბინას აღარ ქირაობენ და აღარც ყიდულობენ: „არავის უნდა ბარცხანაში დასახლება. აქ მდებარე ნავთობტერმინალის გამო, კაცი სუფთა ჟანგბადს ვერ ჩაისუნთქავ. აქამდე ჰაერი იყო დაჭუჭყიანებული, ახლა კი ამას წყალიც დაემატა“.

მილიდან წყლის ნაცვლად ნავთობის წამოსვლა მეორედ 2 სექტემბერს დაფიქსირდა. მოსახლეობასთან ამ შემთხვევაში არც ბათუმის ხელისუფლებიდან მისულა ვინმე და არც „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელი ჯანი ვარშალომიძე. ხოლო ტექნიკური დირექტორი ალეკო მიქელაძე იმ პერიოდისთვის დაკავებული იყო.

უკვე შვებულებიდან დაბრუნებული ჯანი ვარშალომიძე პრესასთან აცხადებს: „ეს პრობლემა არსებობდა დიდი ხანია - 20-30 წელი. ამ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ ფაქტობრივად გადაუწყვეტი დარჩა. ბათუმის მერია ცდილობს, რაც შეიძლება დაჩქარდეს პრობლემის გადაწყვეტა. გვინდა ჩამოვიყვანოთ ის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ მილში შესვლას და დათვალიერებას“.  

2 სექტემბერს ბარცხანელებთან მხოლოდ „ბათუმის წყლის“ ლაბორანტები გამოჩნდნენ წყლის სინჯების ასაღებად. წყლის შემოწმების შემდეგ მათ აღნიშნეს: „სასმელად ვარგისია“. ადგილობრივი მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მათთან მისულმა ლაბორანტებმა არაოფიციალური რჩევა მისცეს: წყალი დიდხანს გამოუშვით, მილი გაიწმინდება და მერე ნორმალური წყალი გექნებათო.

ახალი ამბები