კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებები გახშირდეს

13 სექტემბერი, 2011

ირინა არდაშელია, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

აფხაზეთი, რომლის დამოუკიდებლობაც მხოლოდ რუსეთმა და მისი პირდაპირი გავლენის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, დომინოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას მსგავსი ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს, დომინოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ლუკას გიტარი VIII მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით სოხუმს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

დომინოს მსოფლიო ორგანიზაციაში არაღიარებული რესპუბლიკის გაერთიანება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს მაინც მოხდა. რამდენად შესაძლებელია, მსგავსი ტენდენცია გაგრძელდეს და რას უნდა ველოდოთ შემდგომში მსოფლიოსგან?

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ  „პირველთან“ საუბარში განაცხადა, შესაბამისმა ქართულმა უწყებამ დომინოს მსოფლიო ორგანიზაციას უკვე მიმართა მოწოდებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავოს.

„არ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ჩემპიონატში, თუმცა ჩვენთვის ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და თუკი ღონისძიების მონაწილეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ლეგალური საზღვრის გვერდის ავლით მოხვდებიან, ისინი საქართველოს შესაბამის კანონს დაარღვევენ“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

ექსპერტი მამუკა არეშიძე  ვარაუდობს, რომ აფხაზეთის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების ტენდენცია შესაძლოა, შემდგომშიც გაგრძელდეს.
 
„მე მქონდა ინფორმაცია, რომ დომინოს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე გადადგა ეს ნაბიჯი. დავინტერესდი და გავიგე, რომ დომინოს ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელი, რომლის ძალისხმევით აფხაზეთი დომინოს საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანდა, წარმოშობით სანკტ-პეტერბურგელი აღმოჩნდა, რაც ცხადყოფს, რომ ამაში რუსეთის ხელი ურევია. აფხაზი სპორტსმენები სხვა ქვეყნის სახელით აქამდეც მონაწილეობდნენ საერთაშორისო ჩემპიონატებში, მაგრამ ამ სახის გადაწყვეტილება პირველია. ვფიქრობ, ეს ტენდენცია შესაძლოა, გაგრძელდეს და აფხაზეთის მიმართ მსგავსი ნაბიჯები სხვა ორგანიზაციებმაც გადადგან“, - განუცხადა „პირველს“ არეშიძემ.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის აფხაზეთის სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებში შეყვანის მცდელობები ადრეც ჰქონია.

„ასე იყო, მაგალითად, მსოფლიოს სავაჭრო პალატასთან მიმართებაში, რომელშიც თავის დროზე ტაივანი და ჩრდილოეთ კვიპროსიც გაერთიანდნენ. ამ შემთხვევაში აფხაზეთის გაერთიანება ვერ მოხერხდა, რადგან ამერიკის და მექსიკის დელეგაციებმა ამას წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ფაქტია რომ რუსეთი ამ ნაბიჯებს პერმანენტულად დგამს. აქედან გამომდინარე, მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენს პოლიტიკას გადავხედოთ, რადგან რაც უფრო მოვაქცევთ აფხაზეთს იზოლაციონიზმში და დავბლოკავთ, მით უფრო გადაიხრებიან აფხაზები რუსეთისკენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, აფხაზეთი ასეთ ნაბიჯებს არა რუსეთის, არამედ ჩვენი მეშვეობით დგამდეს“, - აღნიშნა არეშიძემ.

ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილის აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს, ის ფაქტი, რომ ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციამ მარიონეტულ რეჟიმთან კავშირი დაიჭირა, სახუფათოა“. 

„ამ ჩემპიონატში ისეთი ქვეყნები დომინირებენ, რომლებიც იდეურად რუსეთთან უფრო ახლოს არიან, თუმცა სამწუხარო იქნება, თუ ღონისძიებაში ისეთი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა ესპანეთი და სომხეთი. როგორც ვიცი, სომხეთის ნაკრების მონაწილეობაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი იზიარებს მამუკა არეშიძის ვარაუდს, რომ სამომავლოდ მსგავსი ფაქტების რაოდენობა გაიზრდება.

„როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, ეს დომინოს საერთაშორისო ფედერაციას არ აინტერესებს. მსგავსი ღონისძიებები სხვა არაღიარებულ რესპუბლიკებშიც ტარდება და თუ ეს ფაქტი გვაღიზიანებს, ან დროზე უნდა მოვაგვაროთ სიტუაცია, ან შევეგუოთ და განცხადებებითა და გაპროტესტებით შემოვიფარგლოთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ახალი ამბები