კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად ყუშიტაშვილი: „ჩემი ოჯახისა და მეგობრების სიცოცხლე საფრთხეშია“

15 სექტემბერი, 2011

ეკა ლომიძე

რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ ხელმძღვანელმა ზვიად ყუშიტაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, იგი 3 სექტემბერს სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და მხოლოდ 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ყუშიტაშვილის გაუჩინარების თემაზე „თეთრების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „თეთრების ახალგაზრდული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა გიორგი ფარესიშვილმა, მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელმა ლევან კოჭლოშვილმა და თავად ზვიად ყუშიტაშვილმა ისაუბრეს.

3 სექტემბერს ევროპის ექვს ქვეყანაში საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან საპროტესტო აქციები გაიმართა. „ქართველი ემიგრანტები“ აქციის სახით გამოხატავდნენ პროტესტს 26 მაისს აქციის დარბევის დროს გამოწვეული შედეგების გამო.

ზვიად ყუშიტაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ დაიწყო მისი და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების შანტაჟი კატეგორიული მოთხოვნით - უარი ეთქვათ საპროტესტო აქციების გამართვაზე. 

„3 სექტემბერს თურქეთში მივდიოდი, სადაც აქცია უნდა გამართულიყო. აეროპორტში ტაქსით წასვლა გადავწყვიტე. ტაქსი სასტუმრო „საქართველოსთან“ გავაჩერებინე, ამ დროს ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ორი ნიღბიანი და ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა და მანქანაში ჩამსვეს. წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აღმოვჩნდი ოთახში, სადაც 2 ნიღბიანი დამხვდა. ისინი მეკითხებოდნენ, რატომ ვიყავი ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო. ერთ-ერთმა ხელი გამარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მცემდნენ და მაწამებდნენ, ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას“, - განაცხადა ზვიად ყუშიტაშვილმა.

პარტია „თეთრების“ წარმომადგენლების  განცხადებით,  ნიღბიანები ყუშიტაშვილს 13 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში, თუკი დასმულ კითხვებზე მათთვის სასურველ პასუხებს არ გასცემდა. ყუშიტაშვილი აღნიშავს, რომ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იმ ოთახში იმყოფებოდა, შს მინისტრის მოადგილე იყო. მისივე თქმით, 9 სექტემბერს შსს-ს ოთხმა ნიღბიანმა თანამშრომელმა იგი ჯიპის მარკის მანქანიდან ელბაქიძის ქუჩის დასაწყისში ჩამოაგდეს.

ყუშიტაშვილმა ბრიფინგზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც უფლებადამცველებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ინტელიგენციას მიმართავს, რომ არა მხოლოდ თავისი, არამედ ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიცოცხლეც საფრთხეშია. 

ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ადამიანის ამ ფორმით გაუჩინარება ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, მითუმეტეს, როცა ლაპარაკია ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობაზე.

„21-ე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ლეკიანობაა. ადამიანის გატაცება და ასეთი ფორმით მასზე ზეწოლა უმძიმესი დანაშაულია“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრის, შოთა ჯიქიას განცხადებით, თურქეთში საქართველოს საკონსულოს წინ „ქართველი ემიგრანტების“ საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ, მას საკონსულოდან დაემუქრნენ.

„მიმიწვიეს საკონსულოში და „რუსეთის აგენტი“ მიწოდეს. მემუქრებოდნენ, რომ შემექმნებოდა პრობლემები. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს აუტანელი პირობების გამო სამშობლოდან გახიზნული ქართველების მონური მდგომარეობა უცხოეთის ქვეყნებში. მათთვის მთავარია, ჩანასახშივე ჩაახშონ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ნებისმიერი პროტესტი და გვაიძულონ არჩევნებში „ნაცების“ მხარდაჭერა“, - განაცხადა შოთა ჯიქიამ.

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბრიფინგზევე შეთანხმდნენ, რომ ყუშიტაშვილის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, ექსპერტიზის ჩატარება და პროკურატურაში საჩივრის შეტანა.

ახალი ამბები