კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ გაფიცვა ძალის გამოყენებით დაშალა და გაფიცული მუშები დააპატიმრა

16 სექტემბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

15 სექტემბერს 22:00 საათზე ქუთაისში პოლიციამ ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესთან“, მეტალურგების საპროტესტო აქცია დაშალა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს პოლიციამ 35-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს შორის არის ოთხი მოშიმშილეც.

შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოითხოვნით 4 მეტალურგი რამდენიმე დღე შიმშილობდა. საწარმოს ასამდე მუშას კი, 13 სექტემბრიდან გაფიცვა ჰქონდა გამოცხადებული. შპს „ევრაზიანსთილსის“ კუთვნილი „ჰერკულესი“ ქართულ-ინდური საწარმოა, სადაც საქართველოს მოქალაქეების გარდა, ინდოეთის 150-მდე მოქალაქეც მუშაობს.

პროფკავშირების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, გაფიცულ მეტალურგებს აიძულებენ, პროტესტი აღარ გამოხატონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, პოლიციაში აქციის მონაწილეებს ხელწერილი დააწერინეს, რომ პროტესტს აღარ გამოხატავენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

მისივე განცხადებით, დაკავებულები ღამის 03:00 საათზე შსს-ს ქალაქ ქუთაისის მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს. იგი თავად არის მოწმე, როგორ დაშალეს აქცია და ათობით ადამიანი როგორ დააკავეს: „მშვიდობიანი მიტინგი იყო. დაახლოებით, 21:30 საათზე, 50-მდე ავტომანქანა და 200-მდე პოლიციელი მოვიდა. მათ მოშიმშილეების ავტომანქანებიდან პლაკატების ახევა დაიწყეს და განაცხადეს - მანქანები საჯარიმოზე უნდა გადავიყვანოთო. ასევე, დაერივნენ მომიტინგეებს და ძირითადად, აკავებდნენ ლიდერებს. სულ 12-მდე პირის დაკავება დავაფიქსირე. მოგვიანებით 30-მდე პირიც დაუკავებიათ, რომლებიც აქციიდან სახლებში მიდიოდნენ. დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

აქციის მონაწილეთა დაკავებისთანავე საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ ფაჩულიამ განუცხადა, ადვოკატები დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას ამაოდ ცდილობდნენ. ისინი არც პოლიციის განყოფილებებში და არც იზოლატორებში დარეგისტრირებულები არ იყვნენ. პოლიცია მათ ადგილსამყოფელს არ ამჟღავნებდა.

ფაჩულიას განცხადებით, მოწმეები ადასტურებენ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეები ნამდვილად პოლიციელებმა დააკავეს, მანქანებში ჩასხეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამავე დროს, გვიან ღამით, დაახლოებით 02.00 საათზე, ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქუთაისის ვიცე–მერმა ირაკლი ჯიქიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ჯიქიამ აცნობა, იგი ადასტურებს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობამ კანონმდებლობის დაცვით, რამდენიმე თანამშრომელი დისციპლინური გადაცდომის გამო სამუშაოდან დაითხოვა: „ნებისმიერ ინვესტორს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება, რადგან მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივთა დასაქმებაა. ვადასტურებ, რომ წარმოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დისციპლინური გადაცდომის გამო, რამდენიმე მუშა კანონმდებლობის სრული დაცვით გათავისუფლდა“.

მისივე ინფორმაციით, ქარხნის თანამშრომლები ყოველდღიურად ორ ცვლაში მუშაობას განაგრძობენ, 4 ღუმელითა და 8 სადნობი აგრეგატით. ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მაღალი სტანდარტის არმატურა მზადდება. ქარხნის პროდუქციის ექსპორტი შესაბამისად ევროპულ ბაზარზე წარმატებით ხორციელდება.

ჯიქიას განცხადებით, უახლოეს დღეებში იგეგმება წარმოების გაფართოება, რომელიც დამატებითი მუშახელის დასაქმების აუცილებლობას მოიტანს.

როგორც ჯიქია ამბობს, ამ დროისათვის „ჰერკულესში“ 500 ადამიანია დასაქმებული. მათ შორის 350 ადგილობრივი კადრია, რომელთა უმრავლესობა სრული დატვირთვით მუშაობს.

აქციის დაშლის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ოპოზიციამ. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულება და შექმნას სამუშაო ადგილები, იგი თავის ხალხს შრომის უფლებას ართმევს.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ინვესტიციებისა და ინვესტორების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ინვესტიციებს მოქალაქეების ინტერესები არ უნდა შეეწიროს. მათ უნდა ჰქონდეს ნორმალური სამუშაო პირობები და მათი ღირსება ყველა ფეხის ნაბიჯზე არ უნდა ილახებოდეს.

„სააკაშვილის რეჟიმი ცდილობს, გაუგზავნოს სერიოზული გზავნილი ყველას, რომ მისთვის დაუშვებელია პროტესტი ნებისმიერ თემაზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ინტერპრესნიუსის ფოტო

ახალი ამბები