კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქცია პანკისის ხეობაში

19 სექტემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ყოფილი ჟურნალისტისა და ამჟამად ინგლისური ენის მასწავლებლის შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

აქციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეებიც, რომლებსაც შორენა ხანგოშვილი ინგლისურს ასწავლიდა. სოფელ დუისის მაცხოვრებლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ დაკავებულს დანაშაულთან რაიმე კავშირი აქვს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე შორენა ხანგოშვილის დაკავებას მის ძებნილ ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირებს. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენას დაკავების შემდეგ მუსლიმ ხანგოშვილი მათ ჩაბარდება“, - ვარაუდობენ აქციის მონაწილეები.

ხანგოშვილის ახლობლები დაკავების მიზეზად შურისძიებასაც განიხილავენ. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ, პანკისში ერთი ქალი მოკლეს. მკვლელობას შორენას ძმას მუსლიმ ხანგოშვილს აბრალებდნენ, რომელიც მაშინ პანკისში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთან შოთა ჭიჭიაშვილთან მეგობრობდა. ჭიჭიაშვილი და ხანგოშვილების ოჯახი ერთმანეთის ნათესავები არიან. მუსლიმ ხანგოშვილზე ძებნა სწორედ ჭიჭიაშვილის დაკავების შემდეგ გამოცხადდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად სოდ-ის თანამშრომლის მეუღლეა. დაკავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შურისძიების მიზნით, შორენას დაკავება შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

„ჩვენთან, შური შესაძლოა 20-30 წლის შემდეგაც იძიონ, არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი“, - აღნიშნეს დუისის მაცხოვრებლებმა.

შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა, პარასკევს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. ადვოკატის მეშვეობით ხანგოშვილმა ახლობლებს შეატყობინა, რომ არც ის და არც რომელიმე მოწმე არ დაუკითხავთ და, მეტიც, თბილისში გადაყვანისას, ავტომანქანაში სამართალდამცავები მსჯელობდნენ, თუ რომელი სახის ნარკოტიკი „ჩაეწერათ“, აბების სახის თუ ფხვნილის. ხანგოშვილი ახმეტაში დუისიდან, საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული.

შორენა (ასმათ) ხანგოშვილის დაკავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

შორენა ხანგოშვილი როდი სკოტის ფონდის თანამშრომელია, რომელიც ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. როდი სკოტი ინგლისელი ჟურნალისტი იყო. იგი ჩეჩნეთში მოკლეს. პანკისის ხეობაში კი ჟურნალისტის სახელობის ფონდი მისმა მშობლებმა დააარსეს.

შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს.

შორენა ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.

შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ხვალ, 19 სექტემბერს, სოფელ დუისში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ იმუშავებს. პროტესტის ნიშნად, სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ მივლენ. 11:00 საათზე, დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდება. ხვალვე, შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად, დუისში, როდი სკოტის მშობლები ჩავლენ.

სტატია თავდაპირველად გამოაქვეყნა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა

ახალი ამბები