კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბენდუ და მისი კამანდა

22 სექტემბერი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

უკვე აღარავის უკვირს, როცა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე დაჩქარებული წესით იღებენ გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას საჯარო განხილვისათვის მცირეოდენ დროსაც არ უტოვებენ. ხშირად ეს არის არა მარტო საზოგადოების უგულვებელყოფა, არამედ კანონის დარღვევა, რადგან ზოგიერთი საკითხის საჯარო განხილვას მთავრობას კანონი ავალდებულებს.

სწორედ ასე პარტიზანულად აპირებენ ტყეების გასხვისებას 49-წლიანი იჯარით. ცდილობენ, ეს რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს და თანაც - სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით.

ბუნების დაცვის საკითხებისადმი უსულგულო დამოკიდებულება მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის მისვლით დაიწყო.

„გავყიდოთ ყველაფერი, სინდისის გარდა!“ - თქვა მან მაშინ.

„ბენდუქიძე იუდა!“ - უპასუხეს ზვიადისტებმა.

„რატომ ვარ იუდა?!“ - გაიკვირვა ბენდუმ.

კერძო საკუთრებაში ან გრძელვადიან სარგებლობაში ტყეების გადაცემა ურიგო აზრი არ არის, თუკი ეს გარკვეული პირობების მკაცრი დაცვით მოხდება და მთავრობა ამ პირობებს საზოგადოებას შეუთანხმებს. ამავე დროს, ტყეების გასხვისებას წინ უნდა უსწრებდეს ინვენტარიზაცია - სათითაოდ უნდა იყოს დათვლილი ხეები და შემდეგ,  სახელმწიფომ გამუდმებით უნდა აკონტროლოს, რამდენ ხეს მოჭრის კერძო მფლობელი და რამდენს დარგავს სანაცვლოდ.

სამწუხაროდ, ეს ასე არასოდეს არ ხდება. ბენდუქიძის დევიზი პრაქტიკაში ასე ჩამოყალიბდა: „უსინდისოდ გავყიდოთ ყველაფერი!“

4 სექტემბერს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ქართულ საზოგადოებრივი ორგანიზაციებს ელექტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნა ტყის კოდექსისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტები. საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტები რატომღაც ინგლისურ ენაზე იყო მომზადებული.

გაუგებარია, რატომ უნდა მიაწოდო ქართულ ორგანიზაციებს დოკუმენტები ინგლისურ ენაზე, როცა მის თარგმნას და სწორად აღქმას დამატებით დრო სჭირდება?! სამინისტრომ კი მათ სულ რაღაც ორი კვირის ვადა მისცა დოკუმენტაციის გასაცნობად და საპასუხო შენიშვნებისა თუ წინადადებების მოსამზადებლად.

სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სპეციალურად ცდილობს, გარკვეული ბარიერები შეუქმნას სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობის განზრახვას, ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ კანონით მინიჭებული უფლება, მონაწილეობა მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

სწორედ ასე პარტიზანულად შევიდა პარლამენტში ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ნადირობა დაშვებული იქნება ეროვნულ პარკში, აღკვეთილსა და დაცულ ლანდშაფტში. შესაბამისი ცვლილების შეტანა ტყის უკვე არსებულ კოდექსში იგეგმება. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის დაშვება ძალიან გასაკვირი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებაა. კანონის ინიციატორებმა, სულ მცირე, განმარტება მაინც უნდა გააკეთონ, რატომ გადაწყვიტეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

საოცარია ისიც, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებს ახლა ენერგეტიკის სამინისტრო წყვეტს. არადა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა. ენერგეტიკის ინტერესები ხომ ბუნებრივი რესურსების ათვისება-მოხმარებასთანაა დაკავშირებული?!

ბუნებრივი რესურსების საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშს ჰგავს. ამ საჭადრაკო პარტიაში მინისტრი ენერგეტიკას დააშამათებს თუ ბუნებას, მის ხასიათზე და გაქანებაზეა დამოკიდებული. ალბათ, უფრო - მეორეს, რადგან ენერგეტიკას დიდი ფული სწრაფად მოაქვს. დაცული გარემო, უნიკალური ტყეები, ეროვნული პარკები და ცხოველები კი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება წარმოიდგინო დიდი ფულის წყაროდ. ენერგეტიკის მინისტრს და მთავრობას მოცდა არ უღირს. ბენდუქიძეს რაზმს დიდი მადა აქვს. მას ფული დღეს უნდა!

გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბუნებრივი რესურსების მართვის ჩამორთმევა და ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემა უკვე ნიშნავს, რომ მთავრობას გარემოს დაცვა და უნიკალური ტყეების შენარჩუნება დიდად არ აინტერესებს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსები იქცეს ბიუჯეტის იოლად შევსების წყაროდ. ასეთი მომხმარებლური დამოკიდებულების მქონე ადამიანები არ ფიქრობენ, რა მოხდება ხვალ, როცა გაჩეხილი ტყეების ადგილზე წარმოშობილი მეწყერები და ღვარცოფები თავს დაატყდება სოფლებს.

ცოტა ხნის წინ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბრძანებით სანადირო ცხოველების სია განსაზღვრა. ამ სიაში, არც მეტი არც ნაკლები, შველიც მოხვდა. გამოდის, ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით შველზე ნადირობა ნებადართულია, ხოლო აღკვეთილებში მასზე ნადირობას პარლამენტი დააკანონებს. მერე ნახეთ, როგორი აზარტით შეესევიან გაბოროტებული ადამიანები დაცულ (აწ უკვე დაუცველ) ტერიტორიებს.

ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე მონადირეების გულისტკივილი, ნადირობის სეზონზე როგორ ერთიანად ხოცავენ მწყერს იარაღასხმული ბანდები (სხვა სახელს მათ ვერ ვარქმევ). 

აი, მოვუსმინოთ ერთ-ერთ მონადირეს: „დღეს ვიყავი გასული მინდორში. მანქანიდან გადმოვედი და სამი მანოკის ხმა მესმოდა. დავბერდი ნადირობაში და ასეთი რამ ჯერ არ მინახავს - საითაც გავიხედე, ლანდების ჯარი დადიოდა ჯერ კიდევ ღამეში. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ როგორც კი ინათა, დავიჯერე, რომ არ მომლანდებია და რეალობა იყო. მე და არხეინამ გადავთვალეთ და რაც თვალით ჩანდა ჩვენს გარშემო, 38 თოფიანი კაცი ქაოსურად მოძრაობდა. მერე ატყდა სროლა, დედის გინება, დაჭრილი ძაღლების კივილი! მანქანასთან ახლოს რომ არ ვყოფილიყავით, ცოცხალი ვერ გამოვიდოდით, ალბათ. გავიწიეთ შორს და ვაკვირდებოდით - მწყერი მაინც თუ იყო მონადირეზე მეტი, მარა, ფაფუ!.. ამ ვაიმონადირეებს ხალხიც მწყერად ეჩვენებოდათ, ალბათ და დაუსისხლიანეს თავ-ფეხი ერთმანეთს. ლამის შემზიზღდა თოფი და ნადირობა ისეთი ამაზრზენი სურათი იყო იქ. არავითარი ნადირობის კულტურა და წესრიგი! ოღონდ ერთი მწყერი დაენახათ და ალყაში აფრენილს ყველა ესროდა. ფაქტობრივად ერთმანეთს ესროდნენ. გამაგებინეთ, ხალხო, სანადირო თოფს ეს ხალხი სასიკვდილო იარაღად ვერ აღიქვამს თუ რა ჯანდაბა ხდება?!“

ალბათ, თქვენც გაინტერესებთ, რა არის ეს მანოკი ასეთი? ერთ-ერთ ჩემ ნაცნობ მონადირესთან დავაზუსტე და აი, თურმე რა ყოფილა: „მანოკი ეს არის მწყერის ჩაწერილი ხმა. მოგეხსნებათ, მწყერი საქართველოდან თბილ ქვეყნებში მიფრინავს და გადაფრენამდე გუნდებად ერთიანდება. ჰოდა, ამ ჩაწერილ ხმას ატრიალებენ მინდორში მთელი ღამე. ყველა გადამფრენი მწყერი იქ ჯდება. მერე კი დილით შეესევიან და ოც ცალს კი არა, რაც ლიმიტია, ასეულობით მწყერს ხოცავენ. უბედურება ისაა, რომ ეგ მანოკი რომ დაუმტვრიო ვინმეს, სასამართლოში გიჩივლებს და მოგიგებს. მანოკი ლილოდან სამგორამდე ყველგან იყიდება. გარემოს დაცვის ინსპექცია თითქოს არც არსებობს, ან თვითონაც იყენებს მანოკებს ან თვალი აქვს დახუჭული. რას ვიზამთ, ასეთია დღეს ჩვენი სამართალი. ქართულ ბუნებას ახლა ბენდუ და მისი კამანდა ფლობს!..“

თემა, ასევე იხილეთ ტვ „მაესტროზე“: http://www.maestro.ge/?address=uc&id=25187&page=1

ახალი ამბები