კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხის“ სასკოლო პროგრამაში შეტანა კარგი ინიციატივაა“

23 სექტემბერი, 2011

ამბობს აფხაზი კლასიკოსის სახელგანთქმული საგას მთარგმნელი, თამარ ჩიჯავაძე

სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრი, კამპანია „ბოდიშის“ ფარგლებში, აფხაზი მწერლის, ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხის“ ქართულ და აფხაზურ ენაზე გამოცემას გეგმავს. ახლადგამოცემული წიგნები კარგი საჩუქარი იქნება როგორც ქართველი, ისე აფხაზი მკითხველებისთვის.

ამავე დროს, „უკანასკნელი უბიხის“ ელექტრონული ვერსია აიტვირთება ოთხენოვან საიტზე www.apsni.org . ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ „უკანასკნელი უბიხი“ ქართულ სასკოლო პროგრამაში შეიტანოს.

„უკანასკნელი უბიხი“  აფხაზი კლასიკოსის ბაგრატ შინკუბას რომანია. წიგნი მე-19 საუკუნის შუა წლებში აფხაზეთსა და სხვა მონათესავე კავკასიელი ხალხების ტრაგედიას, ე. წ. მუჰაჯირობას, თურქეთში გადასახლებული მუჰაჯირების ტრაგიკულ თავგადასავალს ასახავს. 

მუჰაჯირობა არა მარტო აფხაზების, არამედ ქართველების ტრაგედიაც არის, რადგან თურქეთში გადასახლებულთა შორის ასეულობით ქართველიც მოხვდა. ამავე დროს, მუჰაჯირებს თურქეთში დახვდნენ ის ქართველებიც, რომლებიც ოსმალური იმპერიის მიერ მიტაცებულ ისტორიულ ქართულ სოფლებში ცხოვრობდნენ. ბაგრატ შინკუბას რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია უკანასკნელი უბიხის ძმადნაფიცი ქართველი მჭედელი, დავითი.

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე ბაგრატ შინკუბას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერლებთან.  გრიგოლ აბაშიძე, ნიკა აგიაშვილი, რეზო მარგიანი, შოთა ნიშნიანიძე და სხვა ცნობილი ქართველი მწერლები მის ნაწარმოებებს ქართულად თარგმნიდნენ. რომანი „უკანასკნელი უბიხი“ კი შოთა ნიშნიანიძის მეუღლემ, თამარ ჩიჯავაძემ თარგმნა.

თამარ ჩიჯავაძის მიერ ნათარგმნი „უკანასკნელი უბიხი“ გასული საუკუნის 80-იან წლებში გამომცემლობა „მერანმა“  ორჯერ გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოიცა, დღეს ის მაინც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და წიგნის მაღაზიებში ვერ ნახავთ.

ბაგრატ შინკუბას რომანის მხატვრულ ღირებულებაზე, ავტორის პიროვნულ თვისებებსა და ქართველ მწერლებთან მის მეგობრობაზე, ადამიანის უფლებათა ცენტრს „უკანასკნელი უბიხის“ მთარგმნელი თამარ ჩიჯავაძე ესაუბრება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ქალბატონო თამარ, როგორ გაიხსენებდით იმ წლებს, როცა ქართველ და აფხაზ მწერლებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ? როგორ გადაწყდა „უკანასკნელი უბიხის“ ქართულ ენაზე თარგმნის საკითხი?

- წიგნის ავტორი ბაგრატ შინკუბა შოთასთან მეგობრობდა. მან შოთას სთხოვა, რომ ქართულად ეთარგმნა „უკანასკნელი უბიხი“, მაგრამ შოთა პროზის თარგმნისგან ყოველთვის თავს იკავებდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ეს ნაწარმოები მე მეთარგმნა. წიგნი რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა და თარგმნაც დავიწყე. თარგმნის პროცესში ხშირად ვუკავშირდებოდი ბატონ ბაგრატსაც და ისიც მეხმარებოდა ხოლმე. თავიდან თარგმანი ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალ „მნათობში“, შემდეგ კი წიგნადაც გამოვეცით. ბაგრატი ძალიან კმაყოფილი იყო თაგრმანით. სულ მადლობას მიხდიდა, როცა მიკავშირდებოდა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, იგი ქართველებისგან ამ ნაწარმოების ეკრანიზაციასაც ელოდა და რადგან ეს ვერ მოხერხდა, ძალიან გულდაწყვეტილი იყო. წიგნის სიუჟეტი მართლაც ისე საინტერესოდ ვითარდება, რომ ამ რომანის ეკრანიზაცია, ალბათ, მართლაც ძალიან კარგი გამოვიდოდა.

- როგორ მიიღო იმდროინდელმა ქართველმა მკითხველმა აფხაზი მწერლის ნაწარმოები?

- როგორც გითხარით, თავდაპირველად, „უკანასკნელი უბიხი“ ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდებოდა ნაწილ-ნაწილ. ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე მეუბნებოდა ხოლმე, მკითხველი მოუთმენლად ელოდება ჟურნალის ახალ ნომერს სწორედ ამ ნაწარმოების გამოო. წიგნად გამოცემის შემდეგად კი, მთელი ტირაჟი სწრაფადვე გაიყიდა.

- როგორც მთარგმნელი, წიგნის მხატვრულ ღირებულებას როგორ შეაფასებდით?

- საერთოდ, შინკუბა აფხაზების კლასიკოსი მწერალია. აფხაზებისაგან ხშირად მსმენია, შინკუბასნაირი მწერალი ათას წელიწადში ერთხელ რომ დაიბადოს, აფხაზი ერი კიდევ საუკუნეებს გაუძლებსო. „უკანასკნელი უბიხიც“, ვფიქრობ, საინტერესო და დიდი მხატვრული ღირებულების მქონე ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს წიგნი ჩემთვის საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ავტორს ნათლად აქვს გადმოცემული კავკასიელ ხალხთა მუჰაჯირობა და ხაზგასმით აქვს აღნიშნული, რომ მუჰაჯირობაში რუსეთმა დიდი  უარყოფითი როლი შეასრულა. მე სულ მიკვირდა, იმის შემდეგ, რაც რუსეთმა მუჰაჯირობის სახით გაუკეთა აფხაზებს, როგორ ჰქონდათ და აქვთ მათ პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთისადმი.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდა შინკუბას ქართველ მწერლებთან? 

- ბოლო ხანებში თავად ბაგრატს დამთბარი ურთერთობა ჰქონდა რუსებთან. შოთას ეს არ მოსწონდა და ერთხელ უთხრა კიდეც - ვეშაპის ხელში რა გინდათო. მან უპასუხა - ჯობია დიდმა ვეშაპმა გადაგვყლაპოს, ვიდრე პატარამო. ბუნებრივია, პატარა ვეშაპში საქართველო იგულისხმა. ძალიან დამწყდა ამ ფრაზის გამო გული. ჩემს ოჯახს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აფხაზ მწერლებთან და მე ვიცოდი, რომ ისინი ქართველებისადმი უარყოფითად განწყობილები არ იყვნენ.  ბაგრატის ეს სიტყვები როცა მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა. ომი როცა დაიწყო, ყველას ძალიან გვიკვირდა. ჩვენი ურთიერთობებიდან არ ჩანდა, რომ ამ ორ ხალხს შორის ომის დაწყება მოსალოდნელი იყო.

ყოველთვის, როცა სოხუმში ჩავდიოდით, ბაგრატ შინკუბა ჩინებულად გვმასპინძლობდა. მახსოვს ერთხელ, როცა სოხუმიდან თბილისში ვბრუნდებოდით, ბატონმა ბაგრატმა გამოგვაცილა და ღვინო გამოგვატანა. ამ დროს იგი უკვე ასაკოვანი იყო. შემოიდო ეს ღვინის ყუთი მხარზე და მთელი გზა, მატარებლის ვაგონამდე, თავისი მხრებით ატარა. შოთა ეპოტინებოდა ყუთს და ცდილობდა, მიხმარებოდა, მაგრამ მან უარი თქვა. ამით ბატონმა ბაგრატმა თავისი პატივისცემა გამოხატა ჩვენდამი. ეს პატივისცემა, მხოლოდ შოთა ნიშნიანიძის მიმართ არ იყო. იგი პატივს სცემდა მთელ ქართველ ერს. ბაგრატი თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა, მას აქ ჰქონდა უნივერსიტეტი დამთავრებული და უამრავი მეგობარი ჰყავდა.

- ომის შემდეგ ეს ურთიერთობები გაგრძელდა?

- ომის შემდეგ ეს ურთიერთობები მთლიანად გაწყდა.

- ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს განათლების სამინისტროს მიმართოს თხოვნით, რომ ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხი“ სასკოლო პროგრამაში შევიდეს, თქვენ რა აზრის ხართ?

- მე ვფიქრობ რომ ეს კარგი და საინტერესო ინიციატივაა. სასკოლო პროგრამაში ამ ნაწარმოების შეტანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართულ-აფხაზური და აგრეთვე რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გაანალიზების კუთხითაც. თუკი ეს ასე მოხდა და „უკანასკნელი უბიხი“ სასკოლო პროგრამაში შევიდა, ქართველი მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ კავკასიელი ხალხების, მათ შორის - აფხაზების შესახებ. ეს კი, სხვა დანარჩენ შედეგებს რომ თავი დავანებოთ, ინფორმაციულ ვაკუუმს მაინც ამოავსებს.

ახალი ამბები