კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცვლილებები რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით

26 სექტემბერი, 2011

შორენა ლათათია
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 5 ივლისს დაჩქარებული წესით, ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში, ცვლილებები შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ გაერთიანებებს საშუალება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, პარლამენტმა კანონი რეგლამენტის უხეში დარღვევით მიიღო. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ის დახვეწას საჭიროებს.

აღნიშნულ ცვლილებებამდე, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ ჯგუფებს, კანონის მიხედვით, მხოლოდ კერძო სამართლის არაკომერციულ ერთეულებად დარეგისტირების საშუალება ჰქონდათ. ამ ტიპის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რელიგიური გაერთიანებების უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და წლების განმავლობაში უარს აცხადებადა იურიდიულ რეგისტრაციაზე. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ ცვლილებას დადებითად უყურებს, ნაწილი კი რელიგიური გაერთიანებების საკითხის ამ სახით უმოკლეს ვადაში გადაწყვეტას კრიტიკულად და არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებად აფასებს.

„კანონის პროექტი ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში, სამივე მოსმენით იქნა მიღებული. ასეთი ტემპი გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში რელიგიური მიმდინარეობების, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობას. ამავდროულად, ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმ სხდომებთან დაკავშირებით, სადაც კანონპროექტის განხილვა ხდებოდა პირველი და მესამე მოსმენით, საერთოდ არ გავრცელებულა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით, რაც რეგლამენტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა - თათული თოდუამ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან საუბრისას.

საიას ასევე მიაჩნია, რომ მიღებული კანონის ნორმები გარკვეულ ბუნდოვანებებს შეიცავს და სამომავლო დახვეწას საჭიროებს. „ცვლილების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს რელიგიური გაერთიანება, „რომელსაც საქართველოსთან ისტორიული კავშირი აქვს ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად“. ერთის მხრივ, არ არის ნათელი თუ როგორ, რა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რელიგიური გაერთიანების მხრიდან საქართველოსთან ისტორიული კავშირის ქონას. მეორეს მხრივ, არ არის ცხადი, თუ რას გულისხმობს „რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად“. აღნიშნული ჩანაწერი იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას“, - განაცხადა თათული თოდუამ.

თბილისის ადამიანის ადამიანის უფლებათა სახლმა რამდენჯერმე სცადა გაერკვია, რა მტკიცებულებების გამოკვლევით ადგენს საჯარო რეესტრი ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანებების მხრიდან საქართველოსთან ისტორიული კავშირის ქონას. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იმ პასუხით შემოიფარგლა, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო რეგისტრაციისთვის. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი რელიგიურ გაერთიანებებს რაიმე დამატებით პრივილეგიებს არ ანიჭებს, ვინაიდან „რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესი და მათი  უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით.“1 

 „აშკარაა, რომ საკითხი მოითხოვდა უფრო საფუძვლიან და გამართულ სამართლებრივ მოწესრიგებას. ეს კი შეუძლებელია სამოქალაქო კოდექსის ჩარჩოებში. სასურველია საკითხის მოწესრიგება რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონით, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა“, - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ოფიციალურ განცხადებაში.

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო წარმონაქმნი და როცა ვინმეს მსგავსი სტატუსი ენიჭება, ამით ხაზი ესმევა მის მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის.  ამასთან, სტატუსის მინიჭებას, როგორც წესი, უნდა მოჰყვეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღება. მაგალითად, როცა დაფიქსირდა, რომ პოლიტიკური გაერთიანებები არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მას მოჰყვა ორგანული კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, სადაც გაიწერა უფლებები და ვალდებულებები. რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით კი კანონში, პირიქით, ჩაიწერა, რომ მათზე გავრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესი. ეს არის საკანონმდებლო ნონსესი“, - განაცხადა პაატა გაჩეჩილაძემ, კავშირი 21-ე საუკუნეს გამგეობის თავმჯდომარე.

აღნიშულ ცვლილებებს მწვავე რეაქცია (საპროტესტო აქციების სახით) მოჰყვა როგორც მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან, ასევე უკმაყოფილება გამოითქვა სინოდის სხდომაზეც. კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „საპატრიაქო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი. თუმცა, შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

2011 წლის 12 ივლისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სამოქალაქო კოდექსის ცვლილებები განმარტა და აღნიშნა, რომ ცვლილებების თანახმად, რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების უფლება ენიჭება, რომელიც სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას გულისხმობს. მისივე განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის შევიწროება არ მოხდება. „სამწუხაროა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მოვისმინეთ კანონის ძალიან ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია, იმედს ვიტოვებთ, რომ ზოგ შემთვევაში, ეს იყო უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ იცნობდნენ კანონს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომატემ, დავით ბაქრაძემ.

„დღეს საპატრიარქოს განსაკუთრებული გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური პარტიები ანგარიშს უწევენ საპატრიარქოს  პოზიციას. ამ პოზიციის გაუთვალისწინებლობა ლამის ეროვნულ დანაშაულად არის მიჩნეული. სახელმწიფო არანაირად არ უნდა ერეოდეს მის საქმიანობებში, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები არ უნდა ერეოდნენ სახელმწიფოს საქმიანობებში. თუმცა, ვინაიდან წლების განმავლობაში ცალკეული რელიგიური გაერთიანებები უარს აცხადებდნენ კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციაზე, მიმაჩნია, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ყველაზე ოპტიმალურია. აღნიშნული ცვლილებით, რელიგიურ გაერთიანებებს მიეცათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საშუალება. თუმცა არ შეცვცლილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი და შინაარსით რელიგიური გაერთიანება ისევ კერძო სამართლის იურიდიული პირია“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ბექა მინდიაშვილმა.  

კათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი იყო იმ რელიგიურ გაერთიანებათა შორის, რომელიც წლების განმავლობაში უარს აცხადებდა კერძო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებაზე და ამის გამო საკუთრებასთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემები ექმნებოდათ.

„საქართველოში დიდი ხანია ვმოღვაწეობთ. თუმცა, იურიდიული რეგისტრაციის გავლაზე პრინციპულად ვაცხადებდით უარს, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ არ შეიძლება ეკლესია ჩემი ან ვინმეს დაფუძნებული იყოს. ჩვენ გვწამს, რომ ეკლესია უფალმა დააფუძნა და ის არ შეიძლება კერძო სამართლის იურიდიული პირი იყოს - ანუ მე ან თქვენ დავაფუძნოთ. ვინაიდან არ გვქონდა იურიდიული ფორმა, სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოხარული ვარ, რომ კანონში ეს ცვლილებები შევიდა“, - განაცხადა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან საუბრისას.

აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმება ასევე სომხური ეკლესიაც, რომელიც წლების განმავლობაში დაურეგისტრირებელნი იყვნენ. მათთვისაც ასევე მიუღებელი იყო თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი, ანუ სტატუსი, რომელიც საქართელოში არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ცვლილებებს. თუმცა, არ ვიცით, როგორ იმუშავებს ის   პრაქტიკაში. უკვე დავიწყეთ სათანადო დოკუმენტების მოძიება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის მოთხოვნით უახლოეს მომავალში მივმართავთ საჯარო რეესტრს“, - განაცხადა მარი არაქელოვამ, სომხური სამოციქულო ეკლესიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორი რელიგიური გაერთიანება - „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და „იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში“ დარეგისტრირდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ხოლო „აჰლი-ბეითის“ დაუდგინდა ხარვეზი და შეჩერდა რეგისტრცია.

ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირად რეგისტრაციაზე მოთხოვნა შეიტანა „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა ჯუზეპე პაზოტომ. განცხადებით მოთხოვნილია ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის“ რეგისტრაცია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ 12 ივლისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განმარტა, ცვლილებები ქონებრივ ვალდებულებებს არ შეეხება.

საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამეტო ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლავ გადაუჭრელია რელიგიური უმცირესობებისათვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი.

„ცოტა უცნაურია, როცა მართლმადიდებლურ რელიგიას უბრუნდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება, 5 კათოლიკური ეკლესია კი დღემდე მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია. მოლაპარაკებები უკვე წლებია, მიმდინარეობს და მე პირადად ვარ ამ პროცესში ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ დიდი დრო გავიდა და ამ ეკლესიებს ამჟამად შეიძლება მართლმადიდებელი მრევლი ჰყავდეს. ამიტომაც ჩვენი ბოლო შეთავაზება იყო, რომ მათ უბრალოდ ეღიარებინათ ტაძრების კათოლიკური ეკლესიისადმი კუთვნილება და როცა შეძლებდნენ, დაებრუნებინათ კიდეც. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და ისინი პირიქით ამტკიცებენ, რომ ეს ეკლესია მართლმადიდებლურია. თუმცა, ეკლესიის სტრუქტურა და აგებულება ცალსახად მეტყველებს, რომ ეკლესიები კათოლიკურია“, - განაცხადა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის  ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა საქართველოს საპატრიარქოსაც, რაზეც მათ უარი განაცხადეს: „აღნიშნულ ბრალდებაზე საქართველოს საპატრიარქო კომენტარს არ გააკეთებს“, - განგვიცხადა საპატრიარქოს იურისტმა ქეთევან ხიზანიშვილმა.

„დომინანტური რელიგიის წარმომადგენლებს სახელმწიფო უბრუნებს ყველაფერს. მსგავსი არაფერი ხდება რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებით. აქაც სამკუთხედის პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ, რომ ძალიან დიდი პროტესტი შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს მხრიდან ისტორიული სამართლიანობის აღდგენამ. ეს ჩვენ ვნახეთ ამ კანონთან დაკავშირებითაც. ამ პოლიტიკურ კონიუნქტურას, როგორც ჩანს, ხელისუფლება ანგარიშს უწევს და ჯერჯერობით ვერ ახერხებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. ეს არის პრობლემა“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2010 წელს 25.3 მილიონი ლარი მიიღო.

„მიმაჩნია, რომ დისკრიმინაციულია, როცა ჩემი, თქვენი, იეჰოვას მოწმის ან ათეისტის ხელფასიდან ერთდროულად ფინანსდება საპატრიარქო. მე  ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული უსამართლობაა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით და, ამასთან, ილახება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპი“,  - ამბობს ბექა მინდიაშვილი. 

„საქართველოში თავს რაიმე სახით დისკრიმინირებულად არ ვგრძნობ. 2005-2006 წლებში ვიყავი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, შემდეგ გახლდით საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. ამჟამადაც ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში და როგორ ფიქრობთ ამ ყველაფრის მერე ებრაელი კაცი საქართველოში განიცდის დისკრიმინაციას?!“ - განაცხადა თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარემ ფირუზ კოჩობაშვილმა.

2002 წლის აღწერით, ქართველების უმრავლესობა - მოსახლეობის 83.9% მართლმადიდებელი ქრისტიანია. რაოდენობით მეორე ადგილზრე არიან მუსლიმანები 9.9%, მესამე ადგილზეა სომეხთა სამოციქულო ეკლესია - 3.9 %. შემდეგ მოდიან კათოლიკები - 0.8%, მოსახლეობის 0.1 პროცენტს ებრაელები წარმოადგენენ. მოსახლეობის 0.6% კი თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს.

ამასთან, საქართველოში დაახლოებით 7000 ადამიანი ორმოცდაათიანელთა, 5000 ევანგელურ-ბაპტისტური, 1000 ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, 600 მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა მიმდევარია. 


[1] საჯარო რეესტრის წერილი # 133803 

ორიგინალი

ახალი ამბები