კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს პატიმართა არასათანადო მოპყრობის გამოძიების წინადადებით მიმართავს

26 სექტემბერი, 2011

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
 
2011 წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ქუთაისის N2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს (დაახლოებით 100 პატიმარი), რომელთა უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, #2 დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან (ძირითადად C და D კორპუსში განთავსებული პატიმრები), მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზოგი დააბრუნეს საკანში, ზოგი კი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. ოთხმა მსჯავრდებულმა წერილობითაც დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.   
 
2011 წლის აგვისტოს თვეში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმური მონიტორინგი ჩაატარა ქუთაისის #2 დაწესებულებაში. მონიტორინგის დროს მონახულებული პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ თავი იჩინა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცეოდნენ, რაც განსაკუთრებით დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს შეეხებოდა. პატიმართა თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების „ბოქსში“ გადაჰყავდათ და იქ ფეხშიშველა, საცვლებისამარა ათავსებდნენ 3–დან 24 საათამდე. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი „ბოქსში“ ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.  
 
ქუთაისის #2 დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა დაადასტურა მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 600 პატიმარი), რაც განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან.
 
გარდა ამისა, 2011 წლის ზაფხულის მანძილზე, სახალხო დამცველს  არაერთი კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობენ მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ორ ფაქტზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).
 
სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის #2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაეყენებინა ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით. მიუხედავად აღნიშნული მოწოდებისა, ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ მოპყრობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. ასევე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, გატარდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ქუთაისის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით, მით უმეტეს, რომ უკანასკნელ ხანებში არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემას, რა მოსაზრებაც, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუ არანაირი ზომა არ იქნა გატარებული არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის და დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯისთვის.

www.ombudsman.ge

ორიგინალი

ახალი ამბები