16:35, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„დადუმებულები“ - დუმილით გადმოცემული ომის ტრაგედია

26.09.2011

სალომე აჩბა

23 სექტემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით, წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გაიმართა სალომე ჯაშის ფილმის - „დადუმებულების“ ჩვენება. შემდეგ მოეწყო დისკუსია, რომელსაც ფსიქოლოგი, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ნატა ზაზაშვილი უძღვებოდა. დისკუსიის მონაწილეებმა, ძირითადად, ტრავმასა და კონფლიქტზე, ასევე - საბრძოლო მოქმედებების შედეგების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ისაუბრეს.

ახალგაზრდა რეჟისორის, სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი, ექსპერიმენტული ფილმი „დადუმებულები“ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა ტრაგედიას ასახავს. ფილმს არ ახლავს არც საავტორო ტექსტი და არც მუსიკა. ფილმის გმირები არ ლაპარაკობენ. დასასრულს, ტიტრების სახით რამდენიმე წინადადებითაა აღწერილი  გმირების რეალური ისტორიები. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი უყურებს იმ ადამიანთა სახეებს, რომლებმაც ომის საშინელება საკუთარი თავლით იხილეს. ისინიც, თავის მხრივ, ყვებიან იმ საშინელ ისტორიებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისას გადახდათ თავს. ოღონდ ყვებიან თავისებურად - დუმილით.  ფილმის გმირების სახეები, ჟესტები, მიმიკა, აცრემლებული თვალები ცხადად უჩვენებს მაყურებელს, რა ხდებოდა ომის დღეებში. ასე, დუმილით მოყოლილი ისტორიები ბევრად უფრო ცხადი და რეალისტურია, ვიდრე ვერბალურად, სიტყვებით მოყოლილი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ფილმის დასრულების შემდეგ „დიოგენეში“  შეკრებილი აუდიტორია ემოციებს ვერ მალავდა. „ფილმში ჩანს ავტორის განსხვავებული ხედვა, რაც ყველაზე მეტად არის მოსაწონი. ყველა ფილმი, რაც კი ომის თემაზე მინახავს, ძირითადად, საბრძოლო მოქმედებების, სისხლის,  მოკლული თუ დაჭრილი ადამიანების კადრებზეა აგებული. აქ კი ავტორმა ომის საშინელება სრულიად სხვა კუთხით დაგვანახა“, - აღნიშნა დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო მარშანიამ.

ფსიქოლოგმა ნატა ზაზაშვილმა ქართული საზოგადოების ერთ-ერთ პრობლემად ტოლერანტობის, სოლიდარობის გრძნობის ნაკლებობა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით - დედაქალაქის მოსახლეობა, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირებისადმი უფრო ტოლერანტულად განეწყო, ვიდრე 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებულებისადმი. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ 90-იან წლებში საზოგადოებას უფრო მეტი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა ჰქონდა, ვიდრე 2008 წელს. 

„მაშინ მთელი ერი აგონიაში იყო და ამან განაპირობა, რომ შედარებით ნაკლები იყო დევნილებისადმი ტოლერანტობის, თანაგანცდის გრძნობა. აგვისტოს ომის დროს კი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც უშუალოდ არ შეხებია ომი, უფრო სოლიდარული და ტოლერანტული აღმოჩნდა დევნილების ახალი ტალღისადმი, ვიდრე 90-იან წლებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან ტოლერანტობის გამოვლინებამ რამდენიმე დღეს გასტანა... ზოგადად კი, ჩვენი საზოგადოება დიდად სოლიდარული და ტოლერანტული არ არის“, - განაცხადა ნატა ზაზაშვილმა.

„დადუმებულების“ ჩვენება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა მშვიდობის კვირეულის ფარგლებში მოაწყო. თავის მხრივ, მშვიდობის კვირეული მშვიდობის საერთაოშორისო დღეს - 21 სექტემბერს მიეძღვნა. 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ 1981 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეამ გამოაცხადა და მას შემდეგ იგი მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღის დაარსებით გაერო მხარს უჭერს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას და მოუწოდებს მთელს კაცობრიობას, გაერთიანდეს ამ მიზნისთვის.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორის, ნინო ღვედაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოებაში  მშვიდობის დღის შესახებ ცნობიერებების ამაღლებას და ზოგადად, მშვიდობის მშენებლობას.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეუერთდნენ გაეროს მომწოდებას და ამ დღეს კვირეული მიუძღვნეს. კვირეულის მიზანი იყო სტუდენტებში და ზოგადად, საზოგადოებაში ამ დღეზე ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივობის ზრდის ხელშეწყობა მშვიდობის მშენებლობაში. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში ასზე მეტი სტუდენტი ჩაერთო  და მონაწილეობა მიიღო არაერთმა ჟურნალისტმა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ვფიქრობ, ამ კვირეულით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა მცირედი წვლილი შეიტანა მშვიდობის მშენებლობაში. ამ კუთხით საქმიანობას სახლთან არსებული ახალგაზრდული კლუბი კვლავაც გააგრძელებს, რადგან ამის სურვილი თავად სტუდენტებმა გამოთქვეს“, - განაცხადა ნინო ღვედაშვილმა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC