კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთის საკრებულოს წევრი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაემუქრა

28 სექტემბერი, 2011

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც 27 სექტემბერს დუშეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, იმავე საღამოს გამგეობაში დაიბარეს. დუშეთის საკრებულოს წევრმა ზურაბ ოტიაშვილმა მათ უთხრა, რომ კანონის წინაშე ისინი დამნაშავეები არიან, რადგან აქცია გამართეს და ჟურნალისტებს გააგებინეს.

აქციის მონაწილეები წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრის მენეჯერის, ვახტანგ ყიფშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი მას არაეთიკურ ქცევაში და უხეშობაში ადანაშაულებენ.

„თანამშრომელ გოგონებს ისე აგინებს, რომ ტირიან ხოლმე. ხელმძღვანელია და სამსახურში ლუდის ბოთლების თვლას ვერ აუდიოდა, ხშირად მთვრალიც მოსულა.  ხშირად გვინახავს სამუშაო საათებში ტანს ზემოთ შიშველი“, - აღნიშნეს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ორი დღის წინ დაწერეს.

ვახტანგ ყიფშიძეს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელია, დუშეთელები ხულიგნობისთვისაც უჩივიან. როგორც იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრის ოფისიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში უცენზურო სიტყვებით გინების ხმა გამოდის.

„შეწუხებულები ვართ ამ ოფისიდან გამოსული უცენზურო სიტყვებით და ყვირილით. სულ ჩხუბობენ“, - აღნიშნავს იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრები ნანული მამულაშვილი.

„რამდენჯერმე დედაჩემმა ეზოდან ასძახა, რომ აქ ხალხი ვცხოვრობთ და ნუ იგინებიან, მაგრამ რეაქცია არ აქვთ. რაც ახალი უფროსი ჰყავთ, ამ დღეში ვართ“, - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ქეთინო საღირაშვილი.

ბრალდებებთან დაკავშირებით ვახტანგ ყიფშიძე კომენტარს არ აკეთებს.

„უსამართლოდ გაანთავისუფლეს ტექნიკური მენეჯერი გელა მაჭავარიანი. ჩვენ ვინც ვართ აქ, მუშები, წლების მანძილზე ერთგულად ვემსახურებოდით კომპანიას. ყიფშიძეს კი ზარალის მეტი არაფერი მოუტანია მათთვის. მაჭავარიანს საწვავს და ტექნიკას არ აძლევდა და ეუბნებოდა - იმუშავეო. როგორ ემუშავა?! ინკასატორებს დახვდებოდა და აკრეფილ ფულს ართმევდა. ეს კაცი კომპანიას აზარალებდა. ახლა ჩვენი ამბავი რომ აგორდა, შეეშინდა,  დაიბარა ინკასატორები და 400 ლარი შეატანინა სალაროში. ჩვენ სამსახური იმიტომ დავტოვეთ, რომ უფროსი უხეშია, თორემ დღევანდელ პირობებში კაცი სამსახურს დაკარგავს?! ყველას გვინდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობა, მაგრამ ყიფშიძე გაათავისუფლონ!“ - აღნიშნავდნენ საპროტესტო აქციაზე სერვის-ცენტრის ყოფილი თანამშრომლები.

მუშების პროტესტი დუშეთში საღამომდე გაგრძელდა. საღამოს ისინი მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაიბარეს. შეხვედრას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო ოთახში შედგა, საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი, გამგებელი ლაშა ჯანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მაისურაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუშებს მოთხოვნა არც შეხვედრის დროს შეუცვლიათ. თუმცა,  შეხვედრაზე მათ ოტიაშვილმა განუცხადა, რომ „თანამედროვე საქართველოში“ აქციებით არაფერი წყდება და თავიანთი პროტესტი ჟურნალისტებამდე არ უნდა მიეტანათ.

„ოტიაშვილს ის სურათები ჰქონდა ამობეჭდილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა რომ გადაიღო. გვაჩვენა და გვითხრა, კანონის წინაშე დამნაშავეები ხართ, განცხადებები რომ დაწერეთ,  აქცია მოაწყვეთ და ჟურნალისტებს გააგებინეთო. ასეთი რაღაცა დღესდღეობით აღარ ხდება, მთელმა საქართველომ გაიგო თქვენი ამბავიო. ეს დანაშაულია, ჩემთვის უნდა მოგემართათო. არადა, ოტიაშვილი იმავე დღეს ჩააყენეს საქმის კურსში, როცა სამსახურიდან წამოვედით, მაგრამ დღესასწაული რომ იყო, ვერ მოაგვარა ეს საკითხი. შეხვედრის ბოლოს გვითხრა: ამ სამ დღეში განვიხილავთ თქვენს საკითხს და მერე დაგიბარებთ  სათითაოდ ყველასო“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე მუშებმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა.

ცარო საძაგლიშვილის, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე: ნამდვილად შედგა ეს შეხვედრა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ადამიანები  მოსახლეობას ემსახურებიან და ჩვენ ვიყავით ამ შეხვედრაზე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ორივე მხარეს მოვუსმინეთ, იმსჯელებენ  და ალბათ გადაწყდება დღეს, ხვალ ეს საკითხი. 

- ოტიაშვილი რატომ ესწრებოდა ამ შეხვედრას?

- მუშებმა რომ გაიგეს, ბატონი ზურაბიც აქ იყო, ჩვენ გვინდაო, მაგის სამართლიანობისა გვჯერაო და აქ იყოსო. გამგებლის მოადგილეს, ბესოს უთხრეს და შემოვიყვანე.

- შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა მუშებს უთხრა, რომ კანონის წინაშე ისინი არიან დამნაშავეები, რადგან აქცია გამართეს და ჟურნალისტებს გააგებინეს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- როგორ გეკადრებათ. ეგ არის აბსურდი და სისულელე. ეგეთი რაღაცა არ უთქვამს.

- ოტიაშვილის გარდა შეხვედრას საკრებულოს სხვა წევრი ესწრებოდა ვინმე?

- არა.

„მოვისმინეთ, რა პრობლემები ჰქონდათ. გადაწყვეტილებას თვითონ წყალმომარაგების კომპანია მიიღებს. ჩვენ სხვაგვარად ვერ ჩავერევით, გარდა იმისა, რომ ჩემი მოსახლეობას შევხვდე და გავერკვე, რა პრობლემები აქვს“, - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისათვის ზურაბ ოტიაშვილსაც არაერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ საკრებულოს წევრმა სატელეფონო კომენტარზე უარი თქვა, შეხვედრა კი ვერ მოხერხდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებთან მოლაპარაკების პროცესი დაწყებულია, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

„ჩვენი ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს შეხვდა და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით ვინ და რამდენი თანამშრომელი დაბრუნდება სამსახურში“, - აღნიშნა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჯილდა მაჭავარიანმა.

ახალი ამბები