კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

WWF – „ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია“

4 ოქტომბერი, 2011

ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისს მიაჩნია, რომ ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება და წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალი წესებისა და პროცედურების შემოღებას. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებზეც ნადირობა შეიძლება დაიშვას. დათვზე, ირემზე, ჯიხვსა და სხვა იშვიათ სახეობებზე ნადირობა შეიძლება კანონს დაექვემდებაროს.

 „ამგვარი დაშვება არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სახელმძღვანელო პრინციპებს დაცული ტერიტორიების კატეგორიების შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმის შემოღება სამართლებრივად აზრს დაუკარგავს ეროვნული პარკების, როგორც დაცული ტერიტორიის კატეგორიის არსებობას, იმდენად, რამდენადაც გაუთანაბრებს მას დაბალი დაცვის რეჟიმის მქონე სხვა კატეგორიებს (აღკვეთილს, დაცულ ლანდშაფტს და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას). პრაქტიკულადაც, ყოველივე ამას სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოჰყვება: ნაკრძალები და ეროვნული პარკები ჩვენი ფაუნის წარმომადგენელთა თავშესაფრებია, ერგვარი „რეზერვუარებია“, სადაც მრავლდება ნადირ-ფრინველი; ანუ იქმნება რესურსი ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიების გარეთ სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად. გარდა ამისა, ნადირობის დაშვება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ პარკებში ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. ზოგადად, ეროვნული  პარკებში ნადირობის დაშვება და შესაბამისად, მათი დაცვის რეჟიმის დაქვეითება უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტზე“, - ნათქვამია WWF-ის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

ამასთან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ბუნდოვან კონტექსტშია ნახსენები წითელი ნუსხის სახეობები. „აღვნიშნავთ, რომ საქართველოს წითელი ნუსხის მნიშვნელობის ნებისმიერი სახით დაკნინება უარყოფითად აისახება ქვეყნის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობაზე. წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა დაუშვებელია. ამასთან, წითელი ნუსხის რეგულაცია გულისხმობს მის პერიოდულ განახლებას მასში შეტანილი სახეობების სტატუსის შესახებ ახალი მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ: განახლების შედეგად სახეობის სტატუსი შეიძლება ამაღლდეს ან დაიწიოს. ზოგიერთი სახეობა შესაძლოა, კიდეც ამოღებულ იქნეს წითელი ნუსხიდან. ოღონდ ყოველივე ამას წინ უნდა უსწრებდეს საფუძვლიანი სამეცნიერო შეფასება“, - აღნიშნულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის განცხადებაში.


კანონპროექტი ქართულმა გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადა, რომ „წითელი ნუსხის“ სახეობებზე და ეროვნულ პარკებში ნადირობის დაკანონება იგივეა, რომ გადაწყდეს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის გაყიდვა ლითონის ფასად, იმ საბაბით, რომ მუზეუმის ვიზიტორების მიერ გადახდილი თანხა ცოტაა მათი გაყიდვით მიღებულ შემოსავალთან შედარებით, ხოლო ექსპონატების შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ განცხადებაში კი აღნიშნულია: „ჩვენი აზრით, ამგვარი ცვლილება ცალსახად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი: სრული განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ზოგიერთ მცირერიცხოვან სახეობას; ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვების შედეგად, საქართველოში პრაქტიკულად აღარ დარჩება ადგილი, სადაც ველური სახეობები ბუნებრივ გარემოში გამრავლდებიან, ანუ აღარ იქნება ამ სახეობათა ბუნებრივი რეზერვუარები (მცირე ფართობის მქონე სახელმწიფო ნაკრძალები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ), რის გამოც აზრი ეკარგება დაცული ტერიტორიების ფუნდამენტურ არსს; ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს მდგრადი სანადირო ტურიზმის განვითარებას; საფრთხის ქვეშ დადგება საქართველოს ეროვნული პარკების ტურისტული პოტენციალი, ისევე როგორც საქართველოს ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო იმიჯი; კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების გატარება ფაქტობრივად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბუნების დაცვის სფეროში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალში გადაყრას ნიშნავს. ეს სამომავლოდ ეჭვქვეშ დააყენებს ამ სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი დონორების დახმარებას, როგორიცაა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, გარემოს დაცვის გლობალური ფონდი და სხვა“.

ახალი ამბები