ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ადამიანის დაბადებამდე სქესის შერჩევისა და ამის საფუძველზე ლეგალური აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ 3 ოქტომბერს მიიღო.
ასამბლეა აცხადებს, რომ დაბადებამდე სქესის შერჩევამ ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში საგანგაშო პროპორციებს მიაღწია. საპარლამენტო ასამბლეამ ამ ქვეყნებთან ერთად, ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, შემოიღოს კანონი, რომელიც რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სქესის შერჩევას და ამ შერჩევის საფუძველზე ლეგალურ აბორტს აკრძალავს. აკრძალვა არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა მემკვიდრეობითი დაავადებების საფრთხე არსებობს.
საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მიმართა ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს, გამოიძიონ ის მიზეზები, რომლებიც დაბადებისას სქესის პროპორციების უკან დგას. რეზოლუციაში მოყვანილია სქესის პროპორციებიც – ალბანეთში – 105 ვაჟი და 100 გოგონა; სომხეთსა და აზერბაიჯანში 112 ვაჟი და 100 გოგონა; საქართველოში 111 ვაჟი და 100 გოგონა.
რეზოლუციის მიღებისას საპარლამენტო ასამბლეა დაეყრდნო დორის სტამპის რაპორტს, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებებს, მხარი დაუჭირონ სამედიცინო პერსონალის ტრენინგებს დაბადებამდე სქესის შერჩევისა და ამ შერჩევის საზიანო შედეგების საკითხებზე. ასევე, ეს მიმართული უნდა იყოს საზოგადოებაში ქალის სტატუსის ამაღლებისკენ.
რეზოლუციის ტექსტი ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ინტერპრესნიუსი