კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარკოზის დასახვედრად კახეთიდან 2 ათასამდე საჯარო მოსამსახურე წაიყვანეს

11 ოქტომბერი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

7 ოქტომბერს საქართველოში რამდენიმე საათით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იმყოფებოდა. სარკოზის დასახვედრად თბილისში თავისუფლების მოედანზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად - საჯარო მოსამსახურეები.

მარტო კახეთიდან 2 ათასამდე საჯარო მოსამსახურე წაიყვანეს, რის გამოც საჯარო სამსახურებში მუშაობა პარალიზებული იყო. მიკროავტობუსების დაქირავების გამო კი კახეთიდან თბილისის მიმართულებით რეისებიც გაუქმდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და საბიუჯეტო სამსახურებში, 7 ოქტომბერს, 13:00 საათის შემდეგ კანცელარიის სპეციალისტები და დარაჯები იყვნენ დარჩენილები. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურეები თბილისში არ წავიდოდნენ, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

თბილისში წამსვლელთა სპეციალური სიები 5 ოქტომბერს შედგა. შსს-ს განცხადებით, მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება ორი საათით ადრე შეეძლოთ და მოედანზე დაიშვებოდნენ სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ. მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებოდათ თან ჰქონოდათ ფოტო და ვიდეო კამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები.

სარკოზს რომ დახვედროდნენ თბილისში, დავალება საჯარო სკოლების პედაგოგებმაც მიიღეს. „სკოლებში ბოლო 2 გაკვეთილი აღარ ჩატარდა. თითო სკოლიდან 10-15 მასწავლებელი წავედით. დირექტორმა გამოგვიცხადა, სამინისტროს დავალებაა და კახეთიდან ყველაზე მეტ ხალხს ელოდებიან, რადგან თბილისთან ტერიტორიულად ახლოს ჩვენ ვართო. უარს თუ ვიტყოდით, სამსახურიდან გაგვიშვებდნენ“, - აღნიშნეს სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგებმა.

7 ოქტომბერს, 13:00 საათის შემდეგ, კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და  საბიუჯეტო ორგანიზაციებში სამუშაო პროცესი პარალიზებული იყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს 16:00 საათისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე 120 თანამშრომლიდან ადგილზე მხოლოდ 12 მოსამსახურე დახვდა. ტურიზმის განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვოვა იმერლიშვილის განცხადებით, „ყველა შეგნებული ადამიანი სარკოზის დასახვედრად თბილისში უნდა ყოფილიყო“.

კახეთიდან თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმდა. 13:00 საათის შემდეგ, თელავიდან, გურჯაანიდან, ყვარლიდან, ახმეტიდან და რეგიონის სხვა ქალაქებიდან თბილისში გამგზავრება მხოლოდ ტაქსებით იყო შესაძლებელი.

გურჯაანის ავტოსატრანსპორტო საწარმოში განმარტეს, რომ რეისიდან ყველა მიკროავტობუსი მოხსნილი იყო გამგეობის თხოვნით, რადგან რეგიონიდან თბილისში ხალხი გადაიყვანეს და ისინი უკანვე უნდა ჩამოეყვანათ.

ახალი ამბები