15:36, Friday, 10.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

NDI-ს კვლევის შედეგები

11.10.2011

გამოკითხულთა 60% დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია

civil.ge

რესპოდენტთა 60% წინააღმდეგია მომდევნო პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის 150–დან 190 წევრამდე გაზრდის, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა.

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 9–21 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა მხოლოდ 8% აცხადებს, რომ მომხრეა ამ წინადადების, რომელიც თავის მხრივ მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ივნისში საარჩევნო რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

ამ შეთანხმების თაობაზე, კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 58% აცხადებს, რომ არაფერი სმენია მის შესახებ.

სრული ვერსია – NDI–ის კვლევა, 2011 წლის სექტემბერი

2003 წლის რეფერენდუმზე საქართველოს ამომრჩევლებმა დეპუტატების 150–მდე შემცირებას დაუჭირეს მხარი. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 65% ემხრობა ამ გადაწყვეტილებას; მაგრამ ივნისში გაფორმებული შეთანხმების ერთ–ერთ ყველაზე სადაო საკითხს წარმოადგენს ამ რაოდენობის კვალავ გაზრდა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ამ იდეის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, დეპუტატთა რაოდენობის ზრდა კანონს ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ არსებული წესის თანახმად, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება ისევ რეფერენდუმის გზით არ შეიცვლება.

ამ შეთანხმების კიდევ ერთ სადავო საკითხს 190 წევრიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობით 83–მდე გაზრდა წარმოადგენს, არსებული 75–დან. მმართველი პარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონის მაჟორიტარის ხმა ისმოდეს პარლამენტში.

კვლევამ აჩვენა რესპოდენტთა მოლოდინები თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. რესპოდენტთა 51% თვლის, რომ მაჟორიტარი იმას გააკეთებს, რასაც მისი წარმდგენი პარტია ეტყვის; 31% ფიქრობს, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავს დაიცავს; 30 პროცენტი 24–ის წინააღმდეგ ფიქრობს, რომ მაჟორიტარი მის ინტერესებს არ დაიცავს; ხოლო 24%–24% ელის ან არ ელის, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატი აქტიური იქნება.

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს კითხეს ემხრობიან თუ არა ამ იდეას, რაზეც 51%–მა უპასუხა დადებითად, ხოლო 28%–მა უარყოფითი პასუხი გასცა. მომდევნო მოწვევის პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადავა სამუშაოდ.

სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები

კვლევამ აჩვენა, რომ იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებენ, უკანასკნელ ექვს თვეში 2011 წლის მარტში ჩატარებული ანალოგიურ გამოკითხვაში დაფიქსირებული 38%–დან სექტემბერში 31%–მდე დაიკლო. ეს მაჩვენებელი 2010 წლის ივლისში 45%, ხოლო 2009 წლის დეკემბერში 49% იყო.

უმუშევრობა (62%) და ფასების ზრდა (42%) ყველაზე მეტად აწუხებთ რესპოდენტებს, თუმცა მათი უმეტესობა თვლის, რომ ამ საკითხებზე პოლიტიკოსები საკმარისად არ საუბრობენ.

ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებს შორის დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, რესპონტენტების 48% დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს. გადახდის ეს წესი ივლისიდან მხოლოდ თბილისში მოქმედებს.

უკანასკნელი კვლევა, მარტში ჩატარებული გამოკითხვისაგან განსხვავებით, აღარ მოიცავს შეკითხვას იმის თაობაზე, რომ საქართველო ვითარდება სწორი თუ არასწორი მიმართულებით.

კითხვაზე არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 45%–მა უპასუხა „დიახ“ და 39%–მა  – „არა“. იგივე კითხვაზე მარტში უარყოფითი პასუხი გასცა 44%–მა, ხოლო დადებითი – 39%–მა.

NDI –ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს განცხადებით, ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ შვიდ კვლევას შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რესპოდენტთა უფრო მეტი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია.

ნატოში გაწევრიანების თაობაზე ხელისუფლების გაცხადებული მიზნის მიმართ მხარდაჭერა კვლავაც მაღალია. იგივე ტენდენციაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ნატოში წევრობას რესპოდენტთა 74%, ხოლო ევროკავშირში – 76% უჭერს მხარს.

46% მიიჩნევს, რომ სრულიად მიუღებელია ან ნაწილობრივ მიუღებელია საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ეს მაჩვენებელი მარტში 49% იყო, ხოლო 2010 წლის ივლისში 60%–ს შეადგენდა. რესპოდენტთა 63% მიიჩნევს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

მიმდინარე მოვლენები

კვლევის ინტერესს ასევე წარმოადგენდა ივლისში რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსზე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა და რეჟისორ რობერტ სტურუას მოხსნა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

რელიგიური ჯგუფების სტატუსზე მიღებული ცვლილებების შესახებ გამოკითხული რესპოდენტების 48%–ს სმენია, საიდანაც ამ ცვლილებებს 69% არ უჭერს მხარს. 78%–ის აზრით ცვლილებები, რომელმაც საჯარო დაპირისპირება გამოიწვია სააკაშვილის ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, ნაჩქარევად იყო მიღებული;  81% მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები უნდა გამართულიყო მოსახლეობასთან, ხოლო 86% თვლის, რომ ასეთი კონსულტაციების გამართვა საჭირო იყო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

გამოკითხულთა 77%–მა იცის, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალეს მას შემდეგ, რაც, კვლევის შეკითხვის თანახმად, მათი „შეკრების ნებართვა ამოიწურა“; აქედან მხოლოდ 6% თვლის, რომ აქციის მონაწილეები არ უნდა დაშლილიყვნენ, როცა უმეტესობა საპირისპიროს მიიჩნევს. რესპოდენტთა 30% ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლისას გამოიყენა ადეკვატური ძალა, როცა 39% მიიჩნევს, რომ ეს ძალა გადაჭარბებული იყო.

კვლევის ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, რესპოდენტთა, თითქმის თანაბარი რაოდენობა მომხდარზე პასუხისმგებლობას აქციის მთავარ ორგანიზატორს ნინო ბურჯანაძეს (34%) ან ყველას თანაბრად (31%) აკისრებს, 12% თვლის, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. 46%–ის აზრია, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ.

რესპოდენტების 51%–მა იცის რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ რობერტ სტურუას გათავისუფლების ფაქტი და აქედან 33% თვლის, რომ იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუშვეს თანამდებობიდან.

რობერტ სტურუა, კულტურის მინისტრ ნიკა რურუას ბრძანებით, თანამდებობიდან აგვისტოში მოხსნეს, რის მიზეზადაც სხვადასხვა ინტერვიუების დროს სტურუას მიერ გამოყენებული „ქსენოფობიური“ განცხადებები დასახელდა. სტურუამ არაერთხელ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოშობით სომეხია. რესპოდენტთა 44% მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი „ქსენოფობიური“ განცხადებები არ ყოფილა.

კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარიც პლიუს/მინუს 3%–ია და რომლის ფარგლებშიც 2 425 რესპონდენტი გამოიკითხა, შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC