კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა წულუკიანი: „ჩვენ ყველანი ვხდებით მკვლელობის თანამონაწილე, როცა მის წინააღმდეგ ხმას არ ვიმაღლებთ“

17 ოქტომბერი, 2011

სალომე აჩბა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 57 წლის სერგო თეთრაძე დაკავებიდან ერთ კვირაში საპატიმროში გარდაიცვალა. თეთრაძე სამხედრო ოფიცერი იყო და 2007 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“  წარმომადგენლები აცხადებენ რომ იგი საპატიმროში წამებით მოკლეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ადამიანის უფლებების კოორდინატორმა თეა წულუკიანმა 11 ოქტომბერს პარტიის ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ამ საქმის დეტალები გააცნეს.  შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ცენტრს სერგო თეთრაძის გარდაცვალების დეტალებზე ესაუბრა.

თეა წულუკიანი: ეს საქმე არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის არის საინტერესო, რადგანაც ჩადენილია უკიდურესად შემაშფოთებელი დანაშაული. ეს საქმე სერგო თეთრაძის გარდაცვალებას კი არა, მკვლელობას ეხება. ეს ადამიანი 17 სექტემბერს დააკავეს საკუთარ ბინაში, ხოლო 24 სექტემბერს, ოჯახს დაურეკეს გლდანის ციხიდან და სთხოვეს მისი ცხედარი შინ წაესვენებინათ. ბინის ჩხრეკა ჩატარდა ორჯერ და ორჯერვე დამსწრეების გარეშე. ამოიღეს ფლეშ ბარათი და გეოგრაფიული რუქები. „ფლეშკა“ ოჯახს არ ეკუთვნოდა, ხოლო გეოგრაფული რუქები სერგო თეთრაძის სიდედრის საძინებლიდან ამოიღეს. ეს ქალბატონი პენსიაზე გასული გეოგრაფიის მასწავლებელია. ჩხრეკის ოქმზე სერგო თეთრაძის ან ოჯახის წევრის ხელმოწერა არ ფიგურირებს, რადგან გამომძიებელს „დაავიწყდა“, ეს ფორმალობა შეესრულებინა ჩხრეკის დასრულებისას. თუ ეს ხელმოწერა ამ ინტერვიუს შემდეგ გაჩნდება ოქმზე, იგი ყალბი იქნება.

- თქვენმა პარტიამ ამ შემთხვევას თავიდანვე მკვლელობა უწოდა. რა გაძლევთ ასეთი მკაცრი შეფასების საფუძველს?

- ავღანეთის ვეტერანი, დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და სრულიად ჯანმრთელი, 57 წლის ადამიანი არ იღუპება 6 დღეში, თუკი მას ცუდად არ ეპყრობიან. სერგო თეთრაძე ძველ თბილისურ ეზოში ცხოვრობდა და ყველა ადასტურებს, რომ ფიზიკურ ვარჯიშს განაგრძობდა პენსიაზე გასვლის შემდეგაც და შთამბეჭდავად ჯანმრთელი ადამიანი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სერგო თეთრაძე დაპატიმრების პირველი 24 საათის განმავლობაში უზნაძის ქუჩაზე ჰყავდათ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მასთან მიმდინარეობდა „მუშაობა“. ახლობლები, რომლებმაც შენობიდან გამოსული თვითმხილველის ინფორმაცია მოისმინეს, ამბობენ, რომ სერგო თეთრაძეს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და სასტიკად სცემდნენ. ამ თვითმხილველის პროფესია, გვარი და სახელი ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. 19 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თეთრაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული სასამართლო სხდომა ჩატარდა. სასამართლო დარბაზის კარის მინებიდან ახლობლებმა შეძლეს სერგო თეთრაძის დანახვა. ისინი დღესაც შეშფოთებით იგონებენ, რომ დაკავებული ვერ იცნეს, ისე იყო ფიზიკურად განადგურებული. ოჯახში მისვენებულ გვამს სახეზე სქელ ფენად მაკიაჟი ჰქონდა წამების კვალის დასაფარად, ტანზე კი სხვისი ტანსაცმელი ეცვა.

- აღიძრა თუ არა  სისხლის სამართლის საქმე თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

- ჩვენი ინფორმაციით, სიკვდილის ფაქტზე გამოძიებას სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების ცნობის თანახმად, სერგო თეთრაძე 24 საათით ადრეა გარდაცვლილი, ვიდრე ეს ფაქტი ოჯახს შეატყობინეს. ოჯახს ექსპერტიზა ჩატარებული და ორგანოებამოცლილი გვამი დაუბრუნეს, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. მოგეხსენებათ, სულ ახლახან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) ერთ-ერთ ხელმყოფ ელემენტად მიიჩნია, რომ ექსპერტიზა პატიმარ ცინცაბაძის გვამზე ისე ჩატარდა, რომ ოჯახს არ აცნობეს ამის შესახებ. ამგვარი ხერხით, ოჯახს ხელი შეუშალეს, გამოძიების დასაწყისიდანვე ყოფილიყო ჩართული სიკვდილის ფაქტზე გამოძიების საქმეში. იმედია, სერგო თეთრაძის მეუღლე, რომელიც დღეს პასიურობას ამჯობინებს და ცდილობს, დაიჯეროს, რომ მისი მეუღლე ინფარქტით გარდაიცვალა, იპოვის საკუთარ თავში ძალას და საქმეს სტრასბურგის სასამართლომდე მიიტანს. სერგო თეთრაძის მოზარდ შვილს და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა პირობებში მოკლეს იგი. ჩვენი ინფორმაციით, სერგო თეთრაძის დაკავების ოპერაციას და შემდგომში წამებას ბაჩო ახალაიას გუნდის წევრი მეგისი ქარდავა ედგა სათავეში. პატიმართან საკანში თავად ბაჩო ახალაიაც იყო შესული.

- კონკრეტულად თეთრაძის წინააღმდეგ  აღძრული, ჯაშუშობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის დეტალებს თუ იცნობთ?

- დეტალებს არ ვიცნობ და არა მგონია, ვინმე იცნობდეს, გარდა თეთრაძის ადვოკატისა. სწორედ იმისთვის არის საჭირო სამოქალაქო სექტორის აქტიურობა, რომ საზოგადოებამ და ოჯახმა მოიპოვოს ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც სერგო თეთრაძის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს ნათელს მოჰფენს. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ თეთრაძეს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ამ საქმეზე, ჩვენი ინფორმაციით კიდევ სამი ადამიანია დაკავებული და მათ გადასარჩენადაც აუცილებელია ყველას აქტიურობა, რომ საზოგადოების სიჩუმეში ისინიც არ დაიხოცონ. ჩვენ ყველანი ვხდებით მკვლელობის თანამონაწილე, როცა მის წინააღმდეგ ხმას არ ვიმაღლებთ.

-თქვენი პარტია აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები საზოგადოებამ ხელისუფლებას არ უნდა აპატიოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოების კონსოლიდაცია პროტესტის გამოსახატად, იმის ფონზე, რომ მსგავს საპროტესტო აქციებს იშვიათად მოაქვს  ხოლმე შედეგი?

- საპროტესტო ქმედებას მაშინ მოაქვს შედეგი, როცა ის გონივრულად არის დაგეგმილი და მას დაუღალავი ადამიანები ახორციელებენ. თეთრაძის საქმეზე სიმართლის გასარკვევად ჩვენ მისი ოჯახის აქტიურობა ხელს შეგვიწყობდა, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ არის. თეთრაძის საქმეზე ჩვენი ღიად საუბრით ოჯახთან შეუთანხმებლად წერტილი უნდა დაესვას პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, თუ ოჯახი სიჩუმეს ამჯობინებს, საზოგადოებაც ჩუმდება.

ახალი ამბები