კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა

26 ოქტომბერი, 2011

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის მტკიცებით, პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე, ევროსაბჭოს რეკომენდაციები არსებობს. თუმცა ჯერ არც კონკრეტული გადაწყვეტილებაა მიღებული და არც რაიმე კანონპროექტი შემუშავებულა.

იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლო აკრძალვის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება 25 ოქტომბერს გაავრცელეს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული: „მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემაში არსებული პრობლემები გასული (2008 და 2010 წლის) არჩევნების პერიოდშიც მწვავედ ისმებოდა, GRECO-ს რეკომენდაციები კი ჯერ კიდევ 2011 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა, მმართველი გუნდის მიერ მათი გათვალისწინება დღემდე არ მომხდარა და არც ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტში ასახულა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პარტიათა დაფინანსების შეზღუდვების მიმართულებით, ხელისუფლების ინიციატივები შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს“.

აკაკი მინაშვილმა კი, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არა ეს იდეა, არამედ თავად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
მისივე თქმით, რეკომენდაცია ეკუთვნის ევროსაბჭოს უწყება GRECO-ს, თუმცა კანონპროექტის სახით ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების კუთხით რეკომენდაციები საქართველომ ჯერ კიდევ პირველ ივნისს მიიღო და თავადაც მიაჩნია, რომ საჭიროა, არაერთი საკითხის გადახედვა. თუმცა, კუბლაშვილის განცხადებითვე, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე არ არის მიღებული, მათ შორის - არც იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თაობაზე.

კუბლაშვილს არასერიოზულად მიაჩნია არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს ინიციატივა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება.

„დაუჯერებელია, რომ სწორედ პოლიტიკური მოტივებით და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით ეხელმძღვანელათ ევროსაბჭოში, როდესაც დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე საქართველოს რეკომენდაციას აძლევდნენ“,-აღნიშნა კუბლაშვილმა.

ჩამოყალიბდება თუ არა კონკრეტული კანონპროექტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კუბლაშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არც ერთ საკითხზე არ არის მიღებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები