კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ვიგრძენი, როგორ გასკდა თვალი“ - ამბობს 26 მაისს დაზარალებული

27 ოქტომბერი, 2011

მარიამ ხურციძე

„სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მონაწილე ბესიკ ტაბატაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას 26 მაისს ღამით რუთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. მას სახელმწიფოსგან არანაირი კომპენსაცია არ მიუღია, თუმცა - არც მოუთხოვია.

ბესიკ ტაბატაძე: ჩვენი მოვალეობა იყო დაგვეცვა მომიტინგეები, განსაკუთრებით - ქალები და ბავშვები. ვცდილობდით, ცოცხალი ფარი უნდა გაგვეკეთებინა, რათა პირველი დარტყმა ჩვენ თავზე აგვეღო და ხალხს გაქცევის საშუალება მისცემოდა. ახლა ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომიტინგეებს საპროტესტო აქციის ტერიტორიიდან გასასვლელს საერთოდ არ დაგვიტოვებდნენ. მიტინგის დაშლა როცა გადაწყვიტეს, ადამიანებისთვის ხომ უნდა მიეცათ გზა, რათა დაეტოვებინათ ეს ტერიტორია. ამათმა კი ერთი მთლიანი წრე შექმნეს და ადამიანები ალყაში მოაქციეს. იქ იყვენენ ჩვეულებრივი გამვლელებიც, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობდნენ. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხალხი ვერ გასულიყო ამ წრიდან. აქციას შლიდნენ გაზით, წყლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით. სცენაზე გაზის ბალონი როცა შეაგდეს, უკვე მიტინგიც გაჩერდა. მანამადე ისინი ხალხს მოუწოდებნენ, უკან დაეხიათ. სცენაზე მყოფი ხალხი ჩამოვიყვანეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთავისუფლებინა გზა და გაგვეყვანა ეს ხალხი იმ ტერიტორიიდან.

მემორიალის სიახლოვეს ვიდექით. სპეცრაზმელები წინ მიიწევდნენ. წასასვლელი აღარსაც იყო. სწორედ ამ დროს გავიგონე - ნახე, არ გარბის ეს ნაბიჭვარიო და ცეცხლი გამიხსნეს!  ვიგრძენი  როგორ გასკდა თვალი. ტყვიის წუილი გავიგონე. იმ წამშივე დავკარგე მხედველობა. ხელი მოვისვი - თვალი ხომ არ გადმომივარდა-მეთქი და სისხლით დავისვარე. ფეხებთან გაზის კაფსულა დავარდა. ჩავისუნთქე თუ არა, მეორე თვალითაც დავრბმავდი. სრულიად უცხო ადამიანებმა გამომიყვანეს. მუზეუმის კიბეებთან გავჩერდით. უცებ მოვარდა სახანძრო მანქანა და მოგვიშვა წყალი. შემდეგ „ცეკავშირის“ შენობასთან ავღმოჩნდით. გვინდოდა, პუშკინის სკვერისკენ გავსულიყავით, მაგრამ ღობის იქედან ჩასაფრებულმა ჯალათებმა დაგვინახეს, ბორკილები დაგვადეს და ძირს დაგვყარეს. შემდეგ პოლიციის სამმართველოში გადაგვიყვანეს, სადაც მთელი ღამე გავატარე. დილის 7 საათამდე ასეთ მდგომარეობაში დამტოვეს საავადმყოფოში არ გადამიყვანეს.

- თქვენ დაშავებული გადაგიყვანეს საავადმყოფოში სადაც ძალიან მძიმე ოპერაცია გაგიკეთეს თვალზე, დაგიფინანსათ თუ არა ოპერაცია სახელმწიფომ?

- მე გადამიყვანეს დილის 7 საათზე, ამ დრომდე მე ვიყავი, თბილისის პოლიციის სამართველოში, თვითონ ოპერაცია დამიჯდა 700 ლარი, სახელმწიფოს არანაირი თანხა არ გაუღია, ჩემი სახსრებით გავიკეთე ყველაფერი.

სასამართლოში საჩივარი არ შეიტანეთ?

- ჩემ საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პროკურატურაში. პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე სახალხო დამცველის განცხადების საფუძველზე აღძრა. ვიყავი დაკითხვაზე და ჩვენებები მივეცი.მყავს ადვოკატები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ახალი არაფერი არ არის. ჩემი  საქმე იმიტომაც გაჯანჯლდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მომცეს საშუალება, ამეღო ექსპერტიზის დასკვნა. რომელიც ასევე ჩემი ხარჯებით გაკეთდა. თავიდან რამდენიმე განცხადება დავწერე და სახალხო დამცველსაც ვთხოვე, ადვოკატის საშუალებით ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ექსპერტიზა მინდოდა, რომელიც არ ჩამიტარეს. კვალი რომ არ დაკარგულიყო ექსპერტიზა თვითონვე გავიარე. დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა, პასუხი მაღირსეს. საბუთში ეწერა, რომ ის მზად იყო 25 ივნისს, მაგრამ მე მივიღე დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში, თან - არასრული სახით. სურათი ყველა დაზიანებაზე გადავიღე, მაგრამ დასკვნას ეს სურათები თან არ ახლავს.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მაქვს 8 ერთნაირი სახის დაზიანება. მე ვამბობ, რომ ეს დაზიანებები რეზინის ტყვიით მომაყენეს. ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია - შეუძლებელია კატეგორიულად მტკიცება, რომ ეს დაზიანება ტყვიით არისო. რა მანძილიდან შეიძლებოდა ესროლათ ტყვია, ამის განსაზღრაც ვერ შეძლეს. მაშინ რისი ექსპერტიზაა, ამიხსენით?!

ჩემ საქმეს ეკა ბესელიას კანტორა აწარმოებს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ არ გავჩერდები და ჩემი უფლებების დაცვას გავაგრძელებ. საქართველოში სასამართლოს რამდენიმე ინსტანციაა გასავლელი. შემდეგ შედეგებიდან გამომდინარე მოვიფიქრებ, წავიდე თუ არა სტრასბურგში.

- ამ ფაქტის შემდეგ ხომ არ მიმდინარეობდა თქვენზე და თქვენ ოჯახზე რაიმე სახის ზეწოლა?

- არანაირი ზეწოლა და დაშინება არ ყოფილა არც ჩემზე და არც ოჯახის წევრებზე. უბრალოდ, ხანდახან დამიფიქსირებია, რომ მითვალთვალებენ. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ: „მე თვალის ჩინი დავკარგე მაგრამ, იმედია, თქვენ აგეხილებათ თვალები“’. აეხილა ხალხს თვალები?

- ადამიანები ყველანი ერთნაირები არ არიან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  ხალხის მცირე ნაწილს აზრი შეეცვალა ამ თემასთან დაკავშირებით. თუ ჩემმა შემთხვევამ სასიკეთო გავლენა იქონია, ბედნიერი ადამიანი ვიქნები. არავის ეგონოს, რომ 26 მაისს ჩვენ იქ ყოფნა გვიხაროდა. უბრალოდ, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. არც ვაპირებდით ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ მოვითხოვდით, სახელმწიფოში ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები.

- თუ საჭირო იქნება, ისევ გახვალთ აქციაზე?

- თუ საჭირო იქნება, მეც და ჩემი ოჯახიც აუცილებლად დავუდგებით ხალხს გვერდით. სიმართლე გითხრათ, არ გამიხარდება თუ ქართველ ხალხს კიდევ დაჭირდება აქციებზე გასვლა. დღეს ეს ყველაფერი, მოქმედი რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს. მათ სურთ, პოლიტოკური პროცესები ისევ ქუჩაში გადავიდეს და კიდევ ერთხელ დაიკმაყოფილონ სისხლის წყურვილი. ისინი ხომ ვამპირები არიან!

ახალი ამბები