კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა და კოიოტები

2 ნოემბერი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

მთელი თბილისი და ალბათ, მთელი საქართველო, ახლა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ლაპარაკობს. სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ-ფორუმებში არ წყდება ეგზალტირებული კომენტარები.

ძირითადად, როგორც ვაკვირდები, ჟურნალისტებს უტევენ. „ეს არის ქართული ჟურნალისტიკა?!“ - ისმის მკვახე შეძახილი.

აქედანვე მინდა ვუპასუხო მათ, ვისაც ამ კითხვაზე პასუხი მართლა აინტერესებს: არა, ეს არ არის და არც არასოდეს ყოფილა არც ქართული და არც საერთოდ ჟურნალისტიკა.

„მე არ მრცხვენია“, - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა თავისი სტატია გორელმა ჟურნალისტმა, გოგა აფციაურმა და მეც ვუერთდები ამ განწყობას.

რატომაც არა? შერცხვეს მას, ვისაც უნდა რცხვენოდეს! ჟურნალისტებს კი თავი დაანებეთ!

ელისო ჩაფიძე, ჟურნალისტი, „მთელი კვირის“ რედაქტორი: „ვამაყობ ჩემი ზრდილობიანი, ლამაზი, გაზრდილი გოგოებით და ბიჭებით. გენაცვალეთ, ჩემო ნამდვილო ჟურნალისტებო - „რეზონანსელებო“ და ყველა კულტურულო კოლეგავ...“

მოდით, გავიხსენოთ, ვინ დასვა მთავარი შეკითხვები პრესკონფერენციაზე და როგორი განწყობით: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, საზოგადოებრივმა რადიომ, პრესა.გე-მ, აიტივი-მ, ტაბულამ, პრაიმ-ტაიმმა... და რაც მთავარია - არარეალურად რეალურმა რეალ.ტვ-მ...

პრესკონფერენციაზე სიტუაციას ეს ფსევდომედია მართავდა. მექანიკურ სათამაშოს რომ დაქოქავ და ხელს გაუშვებ, ასეთი ტემპი ჰქონდათ აკრეფილი. ერთმანეთსაც არ აცლიდნენ და ცდილობდნენ, როგორმე პირველებს ესროლათ ქვა იმ კაცისთვის, ვისთვისაც ნორმალურ სიტუაციაში, უბრალოდ, შეკითხვები უნდა დაესვათ და ზრდილობიანად დალოდებოდნენ პასუხებს...

ნუთუ, ამ კოიოტებისგან სხვანაირ პრესკონფერენციას ელოდით?

მალხაზ ხარბედია, ლიტერატორი:„დღევანდელმა პრესკონფერენციამ წყალში ჩაყარა ენის შესაძლებლობებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველა შედეგი, რადგან დღეს რაც ხდებოდა, ამის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია. ენა ისევ უძლურია“.

ენა მართლაც უძლურია იმ გაბოროტების გადმოსაცემად, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, საზოგადოებრივი რადიოს, „პრესა.გე“-ს, „აიტივი“-ს, „ტაბულას“, „პრაიმ-ტაიმისა“ და რეალ.ტვ-ს კოიოტებმა იერიში მიიტანეს ბიძინა ივანიშვილზე - ქართული პოლიტიკის დებიუტანტზე.

ამიტომ, თქვენი ნებართვით, გზადაგზა ფეისბუკელი ფრენდების პოსტებს დავესესხები.

ივანიშვილის პრესკონფერენციის დებიუტი მაინცდამაინც კარგი არ გამოვიდა.

თეა თოფურია, ‎მწერალი, ჟურნალისტი:სადმე სოფელში ასკაციან ქორწილში რომ სიტუაცია აირევა და თამადა რომ ყვირის, მომისმინეთო, აი, ეგეთი პრესკონფერენცია იყო“.

თუმცა, სოციალურ ქსელებშიც და ქალაქშიც ძირითადად მაინც ბიძინა ივანიშვილს უთანაგრძნობდნენ და არა კოიოტებს. ყოვლისმომცველმა ფორუმმა - www.forum.ge-მ გამოკითხვაც  გახსნა, შეკითხვით:  პრესკონფერენციის შემდეგ ივანიშვილის მიმართ დადებითად განეწყვეთ თუ უარყოფითად?  ამ ეტაპზე კითხვას 1450-მა იუზერმა უპასუხა. 67,78% ამბობს, რომ დადებითად განეწყო, 26,16 %-ს უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩენია, 5,77%-მა კი ხმა მისცა გამოკითხვის მესამე პასუხს (ბევრმა, ალბათ, იცინიკოსა): „როდის იყო პრესკონფერენცია?“

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ფსევდომედიის ასეთ თავხედობას ვერავინ წარმოიდგენდა. ამ კოიოტებისთვის პრესკონფერენციის ეტიკეტი, ალბათ, არც არავის უსწავლებია, მაგრამ მიკროფონს ჩაფრენილებს თავიანთი ტელეარხების თოქ-შოუები მაინც თუ გაახსენდათ, სადაც ერთი კითხვის დასმის უფლებით ჩამოატარებენ ხოლმე მიკროფონებს?! აბა, ერთი მიშას პრესკონფერენციაზე გაბედოს რომელიმემ და ანალოგიური გააფთრებით მოითხოვოს მიკროფონი, ან  პასუხი არ დააცადოს და სიტყვა გააწყვეტინოს „რესპოდენტს“!

დავით პაიჭაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალსტი:„პროფესიიდან დროებით წავიდოდი, მაგრამ დღეს გადაცემა მაქვს“.

თუმცა, მიშას პრესკონფერენცია ბუნებაში არ არსებობს. ე. შევარდნაძის ტრადიციული ყოველკვირეული პრესკონფერენციების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, რეალურად, პრესკონფერენცია არ ჰქონია. მიშას უყვარს მონოლოგები, როცა კითხვას არავინ უსვამს და რასაც უნდა, იმას ლაპარაკობს - თავისთვის მიერეკება. ან უარესი - უყვარს დავარცხნილი, „ჩაწყობილი“ ბრიფინგები, სადაც წინ მხოლოდ მისი რჩეული სამი ტელევიზიის დაქოქილი სათამაშო უზის, თვალებს უფახულებს და წინასწარ ჩამოწერილ, ათასჯერ შეთანხმებულ კითხვებს უსვამს. მიშა ასეთია.

ხოლო ბიძინა - კაცი, რომელიც აქამდე არ ჩანდა და მისი პერსონის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, გაცილებით კომუნიკაბელური და ღია აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. კოიოტებმა ამით ბოროტად ისარგებლეს. ალბათ, ნებისმიერი პოლიტიკური განწყობის მაყურებლისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა ის ქაოსი, რაც პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა.

თინათინ ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:„ვაიმე, ცუდად კი ვარ, მაღალი სიცხე მაქვს, მაგრამ არა მგონია, მოლანდებები დამწყებოდეს და იქნებ დამეწყო კიდეც?! ახლა მე ტელევიზორს ვუყურებ და ნეტავ, თუ მელანდება რამე?“

ნინო თარხნიშვილი, მწერალი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი:„ვაიმე, ეს ჟურნალისტები რატომ არიან ასეთი აქოშინებულები? მიკროფონთან ჭიდაობამ დაღალა სასტავი თუ უბრალოდ ღელავენ?“

ნინოს კითხვას პირდაპირი პასუხი, ალბათ, არა აქვს. რამდენიმე ვარაუდი კი გამოითქვა.

ერეკლე დეისაძემწერალი: „ქართველ ჟურნალისტებს სექსი აკლიათ“.

ამ ვარაუდს, ერთგვარად, ამყარებს იმ დავიდარაბაში ივანიშვილის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ტრიპოლსკის მიერ წამოსროლილი ფრაზები (ქვეცნობიერიდან ხომ არა?): „აგერ მიეცით ამას, გადაირია ეს ქალბატონი!“ ან უარესი: „აგერ, ამდგარია. მიეცით!

მოდით, ამ ფსიქოანალიტიკურ გეზს ნუღარ გავყვებით და მიკროფონს სხვა ფროიდისტულ სიმბოლოებთან ნუ დავაკავშირებთ, თორემ შორს წავალთ.

ისე კი, ბარემ აღარ დავსერიოზულდები და სათქმელს ხუმრობით ჩავამთავრებ.

ჩიტი:„ქართლის დედა გაცოცხლდა გუშინ, ლიკა ბერაიას სახე მიიღო და მივიდა ბიძინასთან!“ 

ნი2 ნიუსი: „ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციის შემდეგ: „შემდეგ პრესკონფერენციას დეზერტირების ბაზარში ჩავატარებ, დარწმუნებული ვარ, კითხვების დასმის კულტურა იგივე იქნება“.

ირმა იანტბელიძე ჟურნალისტი: „სანამ შილა არ შემოვა, არ აიშალოთ, სად მიდიხართ?!“

ირაკლი ტრიპოლსკი:„რა ვქნა, აღარ ვიცი!.. სად წავიდე?“

ბიძინა: „ე ბიჯო, შენ მაინც გაჩერდი!“

(ინტერპრესნიუსის ფოტო)

ახალი ამბები