კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩემი შვილი ზუგდიდის საპყრობილეში ცემისგან მოკლეს“

3 ნოემბერი, 2011

პაატა ლაგვილავა, სოფო ხუბულავა,  www.tspress.ge 

ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის გარდაცვლილი პატიმრის, მურმან კალანდიას ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს. ოჯახის მტკიცებით, პატიმარი ცემისაგან მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა. ოჯახს ექსპერტიზის ბიუროდნ აცნობეს, რომ პასუხი ერთ თვეში იქნება ცნობილი. გარდაცვლილის ოჯახი სახელმწიფო ექსპერტს არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

როგორც tspress.ge-ს გარდაცვლილის ოჯახმა განუცხადა, მათზე ზეწოლაც ხორციელდება.

42 წლის მურმან კალანდია ქუთაისში 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ნაცემი პატიმარი ზუგდიდის საპყრობილიდან თბილისში ციხის საავადმყოფოში გადაყავდათ. „ბადრაგმა გზად გეგუთის საპყრობილეში სხვა პატიმრების წასაყვნად შეიარა. სწორედ მაშინ მომკვდარა ჩემი ძმა. გადმოსასვენებლად როცა მივედით, ასე გვითხრეს: მანქანის კარი რომ გავაღეთ, ცუდად იყო, დაეცა და გარდაიცვალაო. გვატყუებენ! ჩემი ძმა მშვენივრად იყო და ცემისგან მოკვდა“, – ამბობს გარდაცვლილის და, მედეა კალანდია.

დედამ პატიმარი შვილი ზუგდიდის საპყრობილეში 16 ოქტომბერს მოინახულა: „31 ოქტომბერსაც მივედი ციხეში, ნახვა მინდოდა. კუჭ-ნაწლავის მონელების პრობლემა ჰქონდა და ციხის ექიმს შევახსენე, წამლებს ხომ აძლევთ-მეთქი?! მითხრა, შენი შვილი ძალიან კარგად არის, პრობლემა არა აქვსო. თურმე, მეორე დღეს, გამთენიისას, გარდაიცვალა“.

გარდაცვლილის დედის, ჟუნა კალანდიას თქმით, მისი შვილი ნაცემია. ცხედარს  მრავლობითი დაჟეჟილობები და დაზიანებები აღენიშნება: „ხელი სიგარეტით აქვს ამომწვარი, ზურგზე წითელი ხაზები აქვს, ვფიქრობ, „დუბინკითაა“ ნაცემი. მკლავი ჩალურჯებული, შუბლი და ცხვირი გატეხილი, მარჯვენა ხელის ერთი თითი კი მომტვრეული აქვს“.

გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საპყრობილიდან გამოსულ რამდენიმე პატიმრის ნაამბობს იხსენებს: „პატიმრები ვნახე. ვკითხე, როგორ გექცევიან-მეთქი. მითხრეს, შუაღამისას შემოვლენ და გვეუბნენიან „კაიფში“ ვართ და უნდა გცემოთო. ალბათ, სწორედ ასეთ დროს შემოაკვდათ ჩემი შვილი, თორემ სასიკვდილო რა ჭირდა?!“

გარდაცვლილის ჩამოსასვენებლად ქუთაისში რომ ჩავიდნენ, გამომძიებელმა ოჯახს გარდაცვალებისა და ტრავმების მიზეზად, მანქანიდან გადმოვარდნა დაუსახელა: „ადგილობრივმა გამომძიებელმა გვითხრა, დაჟეჟილობები მანქანიდან  გადმოსვლისას რომ დაეცა, სწორედ იმ დროს მიიღოო. არადა, როგორ უნდა მიეღო ტრავმები ერთდროულად ზურგზე, ცხვირზე, მკლავზე, შუბლზე?! ან საინტერესოა - ხელზე ნამწვები როდის მიიღო?! ჩემი ძმა ნაწამებია. მერე ცუდად გახდა, როცა თბილისში ციხის საავადმყოფოში გადაყავდათ და იმ დროს შემოაკვდათ,“ – ამბობს მედეა კლანდია.

მურმან კალანდიას უმცროსი ძმა სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდის. სწორედ ის დაუკავშირდა ოჯახს ძმის გარდაცვალებიდან მეორე დღეს და უთხრა, რომ მისი ძმა ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და არავის მოუკლავს, რასაც ოჯახი ზეწოლად მიიჩნევს.

„ტელეფონით დაგველაპარაკა და გვითხრა ეს ამბავი არ გაახმაუროთ და ჟურნალისტებთან ურთიერთობას მოერიდეთო, ეს ბუნებრივი სიკვდილი იყოო. ძალიან მეშინია, მეორე შვილიც არ მომიკლან“, – ამბობს გარდაცვლილი პატიმრის დედა.

მურმან კალანდიას ოჯახი საქმის სწორად გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

კომენტარისთვის tspress.ge-მ ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის ადმინისტრაციას მიმართა. თუმცა, მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.

მურმან კალანდია 3-წლიან პატიმრობას ძარცვისთვის იხდიდა. მას საპატიმრო ვადა 2012 წლის აპრილში ეწურებოდა.

ორიგინალი

მასალას თან ერთვის ფოტოები, რომლის ნახვას tspress.ge-ს რედაქცია სუსტი გულის ადამიანებს არ ურჩევს.

ახალი ამბები