კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების ერთ ნაწილს ივანიშვილის პრესკონფერენციაზე მიტინგის მოწყობა ჰქონდათ დავალებული

4 ნოემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

1 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ექსპერტთა მხრიდან სხვადასხვანაირი რეაქცია მოჰყვა. ძირითადი კრიტიკა მაინც პრესკონფერენციაზე მყოფმა ჟურნალისტებმა და მათმა არაკორექტულმა საქციელმა გამოიწვია. Humanrights.ge გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას.

„ბიძინა ივანიშვილმა,  ფაქტობრივად, ყველა იმ შეკითხვას გასცა პასუხი, რაც  მას არაკეთილგანწყოფილმა ადამიანებმა დაუსვეს. იგი მზად იყო ასეთი კითხვებისთის. მე ვისურვებდი, ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის - პრეზიდენტმაც, მიბაძონ მას და ჩვენ მიერ ყველა თემაზე დასმულ შეკითხვებზე გაგვცენ ასეთივე დამაკმაყოფილებელი პასუხები“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე, რომელიც 1 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას ესწრებოდა.

ელისო ჩაფიძის აზრით, იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც პრესკონფერენციაზე ხმაურობდნენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს და კოლეგებს არ სცეს პატივი და ალბათ, ყველაზე ბოლოს - ბიძინა ივანიშვილს: „ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის, უფრო ნათელი იყო, რომ ზოგიერთები იქ იყვნენ მისულები პროვოკაციის მოსაწყობად. პირადად მე ჩემი პირადი კითხვით არ მივსულვარ, რადგან წინა  დღეს რადიოგადაცემაში მსმენელებს ვთხოვე, ერთი საათის განმავლობაში მათთვის სასურველი შეკითხვები მოეწოდებინათ. შერჩეული მქონდა კითხვები, რაც ხალხს აინტერესებდა, მაგრამ ამ კითხვების დასმა პრესკონფერენციაზე ვერ მოვახერხე“.

ჟურნალისტისა და მედიაექსპერტის, ია ნათაძის აზრით, პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით ნახვის შემდეგ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითად განეწყობოდა: „ივანიშვილმა შეძლო, განეხორციელებინა ის მიზნები, რაც ამ პრესკონფერენციაზე ჰქონდა - დამაჯერებლად გამოვიდა და ის ფორმატი, რაც შეარჩიეს, მისთვის იყო მომგებიანი. მათ ყველას მისცეს საშუალება, გაეარა აკრედიტაცია. ისინი პირნათელები არიან ყველასთან, ამის თქმა ხმამაღლა შეუძლიათ. მეორე მხრივ, ეს იყო ფორმატი, რომელიც იმთავითვე, ნიშნავდა იმას, რომ ჟურნალისტები საკმაოდ უხერხული სახით წარმოჩინდებოდნენ საზოგადოების წინაშე. იქ იყო ბრძოლა მიკროფონისთვის და შეკითხვის დასმისთვის. ეს ყოველთვის არის უსიამოვნო საყურებელი გარეთა თვალიდან. ბიძინა ივანიშვილს რომ ჰქონოდა მიზანი და სურვილი, პრესკონფერენცია ყოფილიყო სხვანაირი და უფრო მეტად მოწესრიგებული, მათ შეეძლოთ ეს ფორმატი შეეცვალათ და სხვა აერჩიათ“.


 „სიმართლე გითხრათ თავიდან უფრო კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, ზოგან ზედმეტად აგრესიული იყო ზოგან მდგომარეობიდან გამოვიდა.თუმცა ბიძინა ივანიშვილმა  ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. იყო ასეთი თავშეკავებული არ არის ადვილი.ამიტომ დავაფასე მისი განვითარების ზონა იმის უნარი, რომ ალღო აუღოს საზოგადოებას“, - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, - „მე არ ვარ მოწოდებული, ჟურნალისტებს დავაბრალო ყველაფერი. ერთი მხრივ, ამხელა პრესკონფერენციების გამოცდილება ჟურნალისტებსაც არა აქვთ. მეორე მხრივ, ჩანდა, რომ ხელისუფლებისგან კონტროლირებული მედია ქმნიდა ქაოსს და ეს მათი ბრალიც არ არის. ისინი ჩააბეს პოლიტიკურ ბრძოლაში. ისინი იქ აღარ იყვნენ ჟურნალისტები. ისინი იყვნენ  პოლიტიკური ომპონენტები. პოლიტიკური ოპონენტები, კი მოგეხსენებათ, ხშირად არღვევენ ეთიკის ნორმებს“.

„საზოგადოების წინაშე წარსდგა ადამიანი, რომლის წყობიდან გამოყვანის უნარი მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სამ ტელევიზიას არ აღმოაჩნდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანიშვილის პრესკონფერენციის კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, - „იგი არ გაექცა ყველაზე უხერხულ, უზრდელურ და უაზრო კითხვებსაც კი. ჟურნალისტებს რომ პრესკონფერენცია არ აინტერესებდათ, ჩემთვის ახალი ამბავი არ არის. მათ ნაწილს მე თვითონაც ვასწავლიდი და კარგად ვიცი, რომ მათ თავში შეკითხვა არ იბადება“.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ 1 ნოემბრის პრესკონფერენცია მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისია, რადგან ეს იყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, პირველი საჯარო გამოსვლა, როცა იგი უშუალოდ შეხვდა ჟურნალისტებს: „მის შესახებ საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს შემდგომი აქტიურობის კვალდაკვალ.რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათი ქცევა სულაც არ ყოფილა არაორდინალური. ქართული ჟურნალისტიკა კრიზისშია. ჟურნალისტს როცა არ შეუძლია ელემენტარული წესების დაცვა და კითხვების დასმა, ეს უკვე არაპროფესიონალიზმია. მეორე მხრივ, ჩანდა, რომ მათი მთავარი მიზანი იყო იქ მიტინგის მოწყობა. რაც დაავალეს, ის გააკეთეს“.

ახალი ამბები