კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მთივლიშვილო... სადაც შემხვდები, იქ უნდა დაგამიწო!“

7 ნოემბერი, 2011

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა პირად ფოსტაზე მიიღო. წერილის ავტორი კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორი ლევან საჩიშვილია. ყოფილი პროკურორი ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

„წერილი 6 ნოემბერს, 3:12 საათზეა გამოგზავნილი ლევან საჩიშვილის პირადი ელ-ფოსტიდან. წერილი გინების შემდეგ შეიცავს მუქარას. ლევან საჩიშვილთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია 4 ნოემბერს გაავრცელა. ჩვენ ვწერდით, რომ ის მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება“, - აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ლევან საჩიშვილის მობილური ტელეფონის ნომერი ვერ დავადგინეთ, რის გამოც მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ვიდრე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ლევან საჩიშვილს კახეთის საოლქო პროკურატურიდან გაათავისუფლებდნენ, მან და კიდევ ერთმა სამართალდამცავმა, ტაბელური იარაღით, თელავში, მამაკაცი ისე სცემეს, რომ დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ამ საკითხზე კომენტარს არც თელავის საავადმყოფოში და არც კახეთის საოლქო პროკურატურაში არ აკეთებენ.

ცნობისათვის, ლევან საჩიშვილის ძმა აკა საჩიშვილი თელავის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობს.

საყურადღებოა, რომ 2010 – 2011 წლებში კახეთში ჟურნალისტების მიმართ მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ყველა ფაქტი გამოუძიებელია.

14 სექტემბერს, თურქული კომპანია „უმუთ ინშაათის“ წარმომადგენლებმა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჟურნალისტს, გურჯაანში, მშენებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გადაღების უფლება არ მისცეს. კომპანიის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ინციდენტის შედეგად ვიდეოკამერა დაზიანდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიება დაზიანებული ვიდეოკამერითაც და ხელის შეშლის ამსახველი ვიდეომასალითაც კი არ დაინტერესდა.

2 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ყვარელში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი დააკავეს და 40 წუთის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. ისინი ჟურნალისტისგან ფოტომასალის წაშლას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კამერის განადგურებით ემუქრებოდნენ. აღნიშნული ფაქტით არავინ დაინტერესდა.

2010 წლის 14 ნოემბერს, თელავში, შსს-ს ერთ-ერთი უწყების თანამშრომელმა გელა ჭვრიტიძემ ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე ცემა. საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. უფრო მეტიც, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა ინფორმაცია, რომ პოლიცია ზოგიერთი პირის ჩვენების საფუძველზე დანაშაულის პროვოცირებაში ენრი კობახიძის დადანაშაულებას აპირებდა.

2010 წლის 5 ნოემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიორგი წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს ნათია დანელიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „შე ..... რაც არ მითქვამს, იმას რატო წერ? შენი.... ბოდიში მომიხადე, თორემ ყველაფერს გეფიცები მაგრად ინანებ“... კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორთან სატელეფონო საუბარში კი გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ჟურნალისტს თეთრწყლების ტყეში ფეხებით დაკიდებდა“. მასალის გავრცელების შემდეგ გიორგი წიკლაური პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა 2011 წლის 2 ოქტომბერს, როცა თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, გიორგი წიკლაური თეთწყლების საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობიდან მივლენილი წარმომადგენლი იყო და უბანს ხელმძღვანელობდა. ოფიციალურად საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი მისი მეუღლე იყო.

3 ივლისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა დაუმტვრია. არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრეს. ნიკოლოზ შანშიაშვილი დღემდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობს.

ამ დრომდე გამოუძიებელია 2005 წელს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს საცხოვრებელ სახლში ორჯერ ხელყუმბარის აფეთქების ფაქტი. პირველ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ბოროტი ხულიგნობის მუხლით აღიძრა, მეორე შემთხვევაზე კი ჟურნალისტის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. 6 წლის განმავლობაში შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ერთი და იგივე პასუხი აქვთ: მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ახალი ამბები