კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გზა შინისაკენ - მესხების დაბრუნება

8 ნოემბერი, 2011

სალომე აჩბა

ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით, საქართველომ  საბჭოთა ხელისუფლების მიერ იძულებით დეპორტირებული მესხები ისტორიულ სამშობლოს უნდა დაუბრუნოს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2012 წლისთვის დასრულდება.  რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების მსურველებს საბუთების წარდგენის ვადა 2010 წლის იანვრამდე ჰქონდათ.  დევნილთა სამინისტროში სულ 5841 მესხი ოჯახის აპლიკაცია  შევიდა.

რეპატრიაციის პროცესს დაბრკოლებას უქმნის: მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით არსებული არამყარი პოლიტიკური ნება, ხარვეზები კანონმდებლობაში, ზედმეტი ბიუროკატიული ბარიერები და თემის გარშემო არსებული ინფორმაციული ვაკუუმი. რეპატრიაციას ქართული საზოგადოებაც არაერთგვაროვნად შეხვდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება საქართველოს მორალური იმპერატივია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მათი რეპატრიაცია დამატებით პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს.

ისტორიული კონტექსტი

1944 წელს მესხეთის მუსლიმი მოსახლეობა იძულებითი  კოლექტიური დეპორტაციის მსხვერპლი გახდა.  საბჭოთა ხელისუფლება მსგავს დეპორტაციებს ხშირად მიმართავდა და ამ გზით მასობრივად სჯიდა „საეჭვო“ ხალხებს. ისტორიკოსების შეფასებით, მაჰმადიანი მესხების გადასახლების მიზეზი იყო სტალინი შიში, რომ თუკი სსრკ თურქეთთან ომს წამოიწყებდა, მესხეთში მცხოვრები ისლამის აღმსარებელი ადამიანები მხარს თურქეთს დაუჭერდნენ. 

მესხების წარმომავლობის საკითხზე მეცნიერებს შორის, განსაკუთრებით - თურქ და ქართველ მეცნიერებს შორის, აზრთა სხვადასხვაობაა.  ქართველი მეცნიერების უმრავლესობის აზრით, მესხეთის მუსლიმი მოსახლეობა თავდაპირველად ქრისტიანი იყო და მიეკუთვნებოდა ქართულ ტომს - მესხებს. ამ მოსაზრების მიხედვით, XVI საუკუნეში ოსმალების მიერ ამ რეგიონის დაპყრობის შემდეგ დაიწყო მასობრივი ისლამიზაციის პროცესი. ეს კულტურული ტრანსფორმაცია საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა და მესხი მოსახლეობის უმრავლესობამ მაჰმადიანური სარწმუნოება მიიღო. 

რაც შეეხება თურქი მეცნიერებისა და რამდენიმე მესხი ლიდერის მოსაზრებას, ისინი თვლიან, რომ მესხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური თურქი იყო და თავიდანვე მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებდა. თუმცა, მათზე იგრძნობოდა ქართული კულტურისა და ტრადიციების გავლენა.

1944 წლის ნოემბერში მესხეთში მცხოვრები მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა იძულებით აყარეს თავიანთი სახლებიდან და პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით გაუყენეს შუა აზიის გზას.  1945 წელს კი, მესხეთიდან დეპორტირებულ მაჰმადიანთა სახლებში, საბჭოთა ხელისუფლებამ ასევე იძულებით ჩაასახლა 30 ათასამდე  ქრისტიანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

მიუხედავად იმისა, რომ მესხების იძულებითი გადასახლებიდან უკვე 67 წელია გასული, ეს ადამიანები კვლავაც დეპორტირებულებად ითვლებიან. დღესდღეობით 400 ათასზე მეტი მესხი ძირითადად ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთსა და ყირგიზეთში ცხოვრობს. ისტორიულ სამშობლოში მათი რეპატრიაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფომ 2007 წელს, „რეპატრიაციის შესახებ“ კანონის მიღებით დაიწყო.

ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე და პროცესი

1999 წელს, მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მესხების  რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა. საქართველოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები შეძლებდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. სახელმწიფოს მიეცა 12-წლიანი ვადა ამ ვალდებულების შესასრულებლად.

ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მიუხედავად, ედუარდ შევადნაძის პრეზიდენტობისას, მესხების რეპატრიაციის კუთხით, პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე წლის შემდეგ  დაიწყო მუშაობა. 2007 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „რეპატრიაციის შესახებ“.

დღეს ბევრს საუბრობენ ამ კანონის ხარვეზებზე. მესხების საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს კანონი ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნის რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლებს.

„ვთვლი, რომ იმ დოკუმენტების სია, რომელიც რეპატრიანტის სტატუსის მიღების მსურველმა უნდა წარადგინოს, ზედმეტად ვრცელია. მოთხოვნილია ისეთი დოკუმენტები, რომლის მოპოვება არც ისე მარტივია რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთათვის. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება მაგალითად ბიომეტრიული სურათის წარდგენა ადამიანისთვის, რომელიც რეგიონული პუნქტიდან 100 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლებმა სამინისტროს დოკუმენტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე უნდა წარუდგინოს. ამ ადამიანების უმრავლესობამ კი,  ამ ენიდან არც ერთი არ იცის. დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამტკიცება კი, მოგეხსენებათ, გარკვეულ ფინანსებთანაა დაკაშირებული“, - უფლებადამცველი აცხადებს ემილ ადელხანოვი, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წევრი.
 
უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის საერთაშორისო პროექტის მენეჯერის ჯანა სომერლუნდის თქმით, „რეპატრიაციის შესახებ“ კანონი სახელმწიფოს რეპატრირებულთა მიმართ არანაირ ფინანსურ ვალდებულებას არ აკისრებს. სომერლუნდის აზრით, ეს ამ კანონის მთავარი ხარვეზია. გამოდის, რომ რეპატრირებულებს საქართველოში თავიანთი ფინასებით მოუწევთ საცხოვრებელი ფართების მოძიება და შეძენა.

რეპატრიანტის სტატუსის მოპოვებისს მსურველთა აპლიკაციების მიღება 2010 წლის 1 იანვარს შეწყდა.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 400 ათასზე მეტი მესხიდან, რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ 5 841 ოჯახმა მიმართა. სტატუსის მიღების შემდეგ, ეს პირები გამარტივებული წესით მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას.

რეპატრიაციის პროცესის 2012 წლისთვის  უნდა დასრულდეს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია აცხადებს, ამჟამად სამინისტრო აპლიკაციების განხილვის პროცესშია: „შემოსული აპლიკაციები დავყავით სამ კატეგორიად. პირველი კატეგორიაში არის აბსოლუტურად უხარვეზო  75 აპლიკაცია. ამ პირებს უკვე მიენიჭათ რეპატრიანტის სტატუსი. მეორე კატეგორიაში არის  იმ პირთა აპლიკაციები, ვისაც ყველა დოკუმენტი აქვს წარმოდგენილი სრულყოფილად, მაგრამ ვერ წარმოადგინეს გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ გადასახლება მოხდა გასული საუკუნის 40-იან წლებში და შესაბამისად, ბევრ ოჯახს არ შემორჩა გადასახლების დოკუმენტი.  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შეიქმნა უხუცესთა საბჭო, რომელიც შედგება სამი მესხი უხუცესისაგან. მათ დაევალათ დაგვიდასტურონ იმ პირის გადასახლების ფაქტი, რომელმაც რეპატრიანტის სტატუსთან დაკავშირებით სამინისტროს მომართა, მაგრამ ვერ წარმოადგინა გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უხუცესები სპეციალური ოქმების საფუძველზე გვიდასტურებენ ამა თუ იმ პირისა და ოჯახის გადასახლების ფაქტს. მესამე კატეგორიაში არიან ის პიროვნებები, რომლებსაც აპლიკაციები წარმოდგენილი აქვთ ხარვეზებით. ისინი წლის ბოლომდე მიიღებენ შეტყობინებებს და მიეცემათ ოთხთვიანი ვადა, რათა აღმოფხვრან  წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსიტიტუტის თანადირექტორის, გია თარხან-მოურავის აზრით, ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 400 ათასი მესხიდან მხოლოდ  5 841 მა ოჯახმა ითხოვა რეპატრიანტის სტატუსი განაპირობა ბიუროკრატიული დაბრკოლებების არსებობამ და მესხების რეპატრირებასთან დაკავშირებით არამყარმა პოლიტიკურმა ნებამ.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ პროცესებში გამოიკვეთა, არის სახელმწიფოს ნაკლები სურვილი, რომ მოხდეს მესხების რეპატრიაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ამ პროცესს უყურებს როგორც მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და არა როგორც საქართველოს შინაგან საქმეს, მორალურ იმპერატივს. რეპატრიანტის სტატუსზე  განცხადება მხოლოდ 5 ათასმა  ოჯახმა შეიტანა. დამეთანხმებით, საოცრად მცირე მონაცემია. ეს განაპირობა პროცედუალურმა სირთულეებმა, რისი გადალახვაც პოტენციურ რეპატრიანტს უწეს. გარდა ამისა, შეინიშნება ინფორმაციის სიმცირეც. სამშობლოში დაბრუნების მსურველ მესხთა უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიმდინარეობდა რეპატრიაციის პროცესი და საბუთების რეგისტრაცია. თუკი ჩვენ ასეთი ბარიერები შევუქმენით ამ ხალხს, ეს ადრე თუ გვიან ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს“, - განაცხადა გია თარხან-მოურავმა.

გია თარხან-მოურავი არის ცოტა ხნის წინ ქართულ ენაზე გამოცემული წიგნის „მესხები: გზა შინისკენ“ თანაავტორი. მასთან ერთად წიგნის ავტორები არიან: დანიურ-გერმანული კვლევითი ფონდის „უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის“ რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ტომ ტრიერი და „უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის“ ასისტენტ-მკვლევარი, ფორესთ კილიმნიკი.

ექსპერტთა ნაწილის მსგავსად, ბევრი მესხის აზრითაც რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად განცხადების წარდგენის პროცედურა უსაფუძვლოდ გართულებული ფორმალობა იყო, ხოლო კანონს „რეპატრიაციის შესახებ“, მესხების ნაწილი დაბრკოლებად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე მათი დაბრუნების ხელშემწყობ საშუალებად. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მესხების უმრავლესობას არ ჰქონდა ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია, თუ რა პროცედურები უნდა გაევლოთ ჯერ  რეპატრიანტის სტატუსის, შემდეგ კი გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 180-ამდე მესხი (ძირითადად - აზერბაიჯანიდან) ისტორიულ სამშობლოს თავიანთი ინიციატივით დაუბრუნდა. ეს ოჯახების უმეტესობა ამჟამად ახალციხისა და ადიგენის რაიონებში ცხოვრობენ.  მათ არ აქვთ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა,ქვეყნის ტერიტორიაზე პრაქტიკულად არალეგალურად იმყოფებიან.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის თქმით, თვითრეპატრირებულ მესხებს, მოქალაქეობისა და სტატუსის არქონის გამო, უამრავი პორბლემა ექმნებათ: „იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ არც რაიმე სახის სტატუსი და არც მოქალაქეობა, ექმნებათ ძალიან ბევრი პრობლემა. მაგალითად - ვერ ყიდულობენ მიწას, მათთვის ხელმისაწვდომი არაა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები... მართალია, მათ განათლების უფლება მიეცათ, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლებამ იჩინა - ეს ადამიანები ვერ აიღებენ ატესტატს, რადგანაც ვაუჩერის თანხა უნდა გადაიხადონ - დაახლოებით 400 ლარი წელიწადში, რისი საშუალებაც მათ არა აქვთ.  თვითრეპატრირებულებიდან 16 პირი არის ისეთი, რომელსაც არ შეუტანია განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით. ახლა ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად ფოკუსირებულია ამ 16 ადამიანზე და ვცდილობთ, მათ როგორმე მოვუპოვოთ ლეგალური სტატუსი“.

მესხების ინტეგრაცია და ქართული საზოგადოების განწყობები

იმ ფონზე, როცა რეპატრიაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: როგორ მოხდება სამშობლოში დაბრუნებული  მესხების ინტეგრაცია და რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით? ამ საკითხზე კანონში „რეპატრიაციის შესახებ“ არაფერია ნათქვამი. როგორც გავარკვიეთ, სახელმწიფოს   მესხების ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჯერ არც  რაიმე სახის სტრატეგია გააჩნია.

„რეპატრიაციის დაწყებამდე აუცილებელია როგორც დამხვედრი მოსახლეობის, ისე ჩამომსვლელების მომზადება. ამ მიმართულებით სახელმწიფო თითქმის არაფერს აკეთებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კი  ცდილობენ ამ ვაკუუმის შევსებას, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემად რჩება მესხების საკითხზე ქართულ საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული ვაკუუმი. მე ხშირად მაქვს ამ საკითხზე შეხვედრები და ურთიერთობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, განსაკუთრებით - სტუდენტებთან. მინდა აღვნიშო, რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ  ფლობს სრულფასოვან, სწორ ინფორმაციას  დეპორტირებული მესხების შესახებ“, -  ამბობს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსიტიტუტის თანადირექტორი გია თარხან-მოურავი.

მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მესხები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში და ეს ქვეყანას არანაირ ზედმეტ პრობლემას არ შეუქმნის. ნაწილი კი მესხების ჩამოსახლების საკითხისადმი ცალსახად უარყოფითადაა განწყობილი. 2007 წელს IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 67% მესხების რეპატრიაციის წინააღმდეგი იყო, მომხრე კი მხოლოდ 16%.

საქართველოს რომელ რეგიონში დასახლდებიან მესხები? ეს კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის, მესხების რეპატრიაციის საკითხის მიმოხილვისას. კანონში „რეპატრიაციის შესახებ“ არ არის აღნიშნული რაიმე სახის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უფლებას მისცემს ხელისუფლებას, ჩაერიოს რეპატრირებულების გადაწყვეტილებაში, თუ სად დასახლდებიან ისინი. მათ შეუძლიათ თვითონ აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი. რაკი არ არსებობს რეპატრიანტების განსახლების პროგრამა, მათ თავად უნდა აირჩიონ და იქირაონ, ან შეიძინონ საცხოვრებელი ადგილები.

ცხადია, რეპატრირებული მესხების უმრავლესობას სურვილი აქვს, მამაპაპისეულ სამშობლოში - სამცხე-ჯავახეთის მიწაზე იცხოვროს.  რეპატრიაციის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მესხების სამცხე-ჯავახეთში მასობრივად ჩასახლებას, შესაძლოა, დაპირისპირება მოჰყვეს ადგილობრივებსა და რეპატრირებულებს შორის.  ამ რაიონში მცხოვრებნი თვითონ არიან ისინი, ან იმ პირთა შთამომავალნი, რომლებიც იძულებით ჩაასახლეს ამ რეგიონში საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან, რათა შეევსოთ მესხების იძულებითი დეპორტაციის შემდეგ დაცარიელებული ტერიტორიები. ბევრი მათგანი დღეს ცხოვრობს იმ სახლებში, რომლებიც დეპორტაციამდე მესხებს ეკუთვნოდათ. მიუხედავად იმისა, რომ „რეპატრიაციის შესახებ“ კანონი რეპატრიანტებს ქონების რესტიტუციის უფლებას არ აძლევთ, სამცხე- ჯავახეთში ეჭვობენ, რომ დაბრუნებულებმა შესაძლოა, მაინც მოითხოვონ სახლები და მიწის ნაკვეთები. ეს კი ადგილობრივებსა და რეპატრირებულებს შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.

გია თარხან-მოურავი ფიქრობს რომ ეს პრობლემა მოგვარდება მაშინ, თუკი სახელმწიფო რეპატრირებულების სხვადასხვა რეგიონებში დასახლებას წაახალისებს ეკონომიკური სტიმულების შეთავაზებით: „თუ არ შევუქმენით მათ რაიმე მოტივაცია, რომ სამცხე-ჯავახეთის გარდა სხვა ტერიტორიაზეც დასახლდნენ, მაშინ არც ჩვენ გვექნება რაიმენაირი მექანიზმი ამ სიტუაციის გასაკონტროლებლად.  ამიტომ, ვფიქრობ, საჭიროა ხელისუფლებამ წაახალისოს ამ ხალხის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლება“.
 
რეპატრიაციის პროცესი 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. იმ პირებს, რომლებიც რეპატრიანტის სტატუსს მიიღებენ, საშუალება ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.  ხოლო, მათთვის, ვისაც აპლიკაცია კანონით დადგენილ ვადებში არ წარუდგენია, ან ვინც მომავალში გადაწყვეტს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, მოქალაქეობის მიღება/არმიღების საკითხს უკვე კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დაარეგულირებს.

ახალი ამბები