კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასი დემოკრატიის, ივანიშვილისა და მომავალი არჩევნების შესახებ

9 ნოემბერი, 2011

ნატო გოგელია, გურია ნიუსი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი 4 ნოემბერს ოზურგეთს სტუმრობდა, სადაც USAID-ის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ გახსნა.

„ვისურვებდი დემოკრატიის განმტკიცებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელმაც მოგვიანებით „გურია ნიუსის“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა:

- ბატონო ელჩო, USAID-ის  მიერ დაფინანსებული მსგავსი შენობები გახსნიდან წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში იხურება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩოხატაურში, ფერმერთა მომსახურების ცენტრში, რომელიც ასევე USAID-ის დაფინანსებით გაიხსნა, დღეს რესტორანი ფუნქციონირებს. ასეთი ფაქტების ჩამოთვლა მრავლად შეგვიძლია. ხომ არ განახორციელებთ მონიტორინგს, რომ მსგავს სიტუაციაში დღეს გახსნილი ცენტრიც არ აღმოჩნდეს?
 
- ნამდვილად. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავწევთ მონიტორინგს, დავაკვირდებით ამ შენობის პროგრესსა და სარგებლობას პროექტის მიმდინარეობისას. შემდეგ კი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან, ასევე სხვა დონორებიც. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მდგრადობას უზრუნველყოფენ უკვე თავად მოქალაქეები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ცენტრი მათთვის სასარგებლოა და საჭიროდ მიიჩნევენ მის არსებობას. ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესოდ იყოს გამოყენებული ის დახმარება, რასაც ვუწევთ საქართველოს. ვისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც თქვენ ასახელებთ და რაც შეეხება შენობების არადანიშნულებით გამოყენებას.

- ჩვენ გამოგიგზავნით ამ საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.

- ძალიან დიდი მადლობა.

- ბატონო ელჩო, თბილისში და რეგიონებში დაიწყო სამოქალაქო აქტივობა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. როგორც მისი პირადი ადვოკატი და მრჩეველთა საბჭოს წევრები აცხადებენ, ამ პროცესში ჩართავენ საერთაშორისო მისიებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რა ფორმით?

- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის თემა გახლავთ საქართველოს და საქართველოს სასამართლოების კომპეტენციის საკითხი და მათი გადასაწყვეტია. ეს გახლავთ სამართლებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენც ვაკვირდებით და გვსურს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იყოს საქართველოს იურისპრუდენციის შესაბამისი, ხოლო შემდგომი პროცედურები გახორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

- როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციას? იქ განვითარებული მოვლენები იყო თუ არა პროვოკაცია?

- რაც შეხება პრესკონფერენციას, გამაკვირვა იმან, თუ როგორ მიუდგა ზოგიერთი თქვენი კოლეგა პრესკონფერენციის მსვლელობას, თუ როგორ იყენებდნენ ისინი ამ შესაძლებლობას. მე პირადად ვისურვებდი, რომ მეტი კითხვა დასვან ჟურნალისტებმა და ნაკლები განცხადება აკეთონ. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი უფრო ალეგორიულად და ფარული კონოტაციებით საუბრობდა და არ სვამდა პირდაპირ კითხვებს.

დასანანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ ამ პრესკონფერენციის შედეგად ვერ შეძლო მიეღო პასუხები კითხვებზე, ვინ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რისი სჯერა მას და როგორ ესახება იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც დგას ამჟამად საქართველოს წინაშე.

ვიმედოვნებ, რომ მომავალში კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ჟურნალისტებს, თქვენ და თქვენს კოლეგებს, რომ გააკეთოთ რეპორტაჟი და მიიღოთ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურებისგან, თუ ასეთად იქცევა ივანიშვილი; ასევე - გაეცნოთ პოლიტიკური პარტიების ხედვებს, განსაკუთრებით, მომავალ წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების წინ.

- ბატონო ელჩო, ბუშის ადმინისტრაციამ, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებდა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შედეგებს, მანამ მიულოცა სააკაშვილს გამარჯვება. ახლა როგორ განახორციელებს მონიტორინგს ამერიკის შეერთებული შტატები იმ არჩევნებზე, რომლებიც წინ გველოდება? როგორი იქნება თქვენი ჩართულობა ამ საარჩევნო პროცესებში იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ უკვე დაიწყო სერიოზული ზეწოლები კონკრეტულ სუბიექტებზე, პოლიტიკურ პარტიებზე? „ქართუ ბანკის“ მაგალითს დაგისახელებთ: გავიხსენებ, რომ ივანიშვილის რამდენიმე მომხრე დაკავებულია და აქვე მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს - ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს ავტოავარაია შეემთხვა. თუმცა, ეს შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა და არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ეს საქმე განაახლეს, ადამიანები ძალით მიიყვანეს პოლიციაში დასაკითხად, ათქმევინეს, რომ მაშინდელმა პოლიციის უფროსმა ამ საქმის დახურვაში დიდი ფული აიღო და ამ უკანასკნელის მიმართაც აღძრეს საქმე, რომელიც ახლა გირაოთია გაშვებული. ეს და მსგავსი პროცესები ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან რთული არჩევნები გველის და სწორედ ამიტომ გვაინტერესებს თქვენი ხედვა. როგორი იქნება თქვენი როლი ამ პროცესების დარეგულირებაში?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ არ ვიღებ ფაქტად იმ მოვლენებს, რაც თქვენ გადმომეცით, როგორც შემდგარი და დასაბუთებული ფაქტი. თუმცა, ამავე დროს ვაღიარებ თქვენს უფლებას, რომ ეს თქვენ მოიხსენიოთ ფაქტად.

პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფებოდი 2008 წელს, იმ პერიოდში, რომელიც თქვენ ახსენეთ, არ მიმაჩნია, რომ დრო იყო შერჩეული შეცდომით. აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პირს ან კონკრეტულ პარტიას; შეერთებული შტატები დაინტერესებულია, საქართველომ გააძლიეროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატიული კულტურა და გააძლიეროს ლეგიტიმურობა არსებული ინსტიტუტებისა. რაც შეეხება ჯერ საპარლამენტო, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას და საარჩევნო პერიოდს, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით და ძალიან აქტიურად დავაკვირდებით, რათა უზრუნველვყოთ, რომ იყოს კონკურენტული გარემო, იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე ყველა კანდიდატისთვის, ყველა პირისთვის და ყველა მოქალაქისთვის საქართველოში. ნაწილობრივ, ჩვენ ვცდილობთ, ამას მივაღწიოთ ტრენინგებით და იმ დახმარებით, რომელსაც გავუწევთ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს „ნაწილობრივ“ გულისხმობს მიმდინარე ტრენინგს, რომელსაც ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ პარტიებს. ამას უკვე რამდენიმე წელია ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ახლო მომავალში.

ამ პერიოდში დავაკვირდებით, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ პარტიები, განსაკუთრებით - ხელისუფლებაში მყოფი პირები როგორ იყენებენ მათ პოზიციას. ძალიან ყურადღებით მივიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც შემოვა შესაძლო ქმედებების შესახებ, რაც შეიძლება იყოს მიმართული კონკურენტული ბალანსის შესაცვლელად და გადასაწონად ერთ-ერთ მხარეს. ჩვენ ასეთი ფაქტების ან შესაძლო ფაქტების შესახებ შევატყობინებთ შესაბამის ორგანიზაციებს, ადამიანებს. ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს საჯარო, ზოგჯერ შეიძლება არ გაკეთდეს საჯარო განცხადება, მაგრამ ამის შესახებ კერძო საუბრებში შევატყობინებთ, რაც ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია. ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდებით, რომ გამოსწორდეს არსებული ვითარება ან არ გამეორდეს მომავალში.

ორიგინალი

ახალი ამბები