კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერიის თანამშრომელებს მობილურ ტელეფონებს საბიუჯეტო თანხებით შეუძენენ

14 ნოემბერი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მერიის თანამშრომლებს ქალაქის ბიუჯეტიდან მობილურ ტელეფონებს შეუძენენ. ტელეფონებისთვის ბიუჯეტიდან 13 000 ლარი გამოიყო. თუ რატომ გახდა აუცილებელი საჯარო მოხელეთათვის მობილური ტელეფონების შეძენა ბიუჯეტიდან, ბათუმის მერიისგან პასუხის ვერ მივიღეთ.

შესყიდვების გეგმას კენჭი 2 ნოემბერს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უყარეს. მართალია, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი გეგმა საკრებულოს უმცირესობამ დაიწუნა, მაგრამ 16 ერთეული ტელეფონის მობილურის შესაძენად 13 000 ლარი მაინც გამოიყო. ტელეფონები ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკითხის გამხმოვანებელი, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე იყო. მან მობილურების შეძენის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ახალი მობილურებით მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უკეთ შეასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონის შესყიდვას არამიზნობრივ ხარჯად თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე: „იმ ფონზე, როცა ქალაქ ბათუმში არსებობს სოციალური პროგრამების ზრდის აუცილებლობა, მერიის თანამშრომლებითვის მობილური ტელეფონების შეძენა, შეიძლება არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვალოს. სპეციალური მობილურების შეძენის აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს. შრომის ნაყოფიერება იმ შემთხვევაში გაიზრდება თუ მათთვის ხელმიუწვდომელია მობილური აპარატით სარგებლობა და მერიის მიერ ნაყიდი მობილური ტელეფონებით შეივსება ეს დანაკლისი. სხვა შემთხვევაში, ამ ხარჯის აუცილებლობას ვერ ვხედავ“.

საჯარო მოხელეთათვის მობილურების ბიუჯეტიდან შეძენას აპროტესტებს ლეიბორისტების წარმომადგენელი ბათუმში, დავით რობაქიძე: „მაშინ როდესაც მათი ხელფასები 2000 ლარს და ზოგიერთი თანამშრომლისა მეტსაც შეადგენს, თანაც, სხვა ყველა პრივილეგიით სარგებლობენ, მობილური ტელეფონების ბიუჯეტიდან შეძენა, უნამუსობაა... მაგრამ პატრონი ვინ გვყავს?!“

თუ რატომ გახდა მობილურების შეძენა საჯარო მოხელეთათვის ბიუჯეტიდან, ბათუმის მერიის რომელ სამსახურებს გადაეცემა და რა სახის გაუმჯობესებულ შედეგს უნდა ველოდოთ ბიუჯეტიდან დასაჩუქრებული საჯარო მოხელეებისგან _ ამ კითხვებით ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის მერიის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსს, ირინა შერვაშიძეს დაუკავშირდა. მან გარკვეული დრო ითხოვა ინფორმაციის მოძიებისთვის. ამის შემდეგ, მრავალჯერადი დაკავშირების მიუხედავად, ირინა შერვაშიძე ხან ადგილზე არაა, ხან კიდევ თათბირზეა. ამდენად, ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ თემაზე მერიის ოფიციალურ განმარტებას კვლავ ელოდება.

ახალი ამბები