კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ტუღუში: „არსებობს ერთი ჯიბე, რომელიც ტელევიზიებში ფულს ანაწილებს“

14 ნოემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ქართული მედიის გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს. მან მონაწილეობა მიიღო 11–მდე კანონპროექტის მომზადებაში, რომელთა ნაწილი უკვე წარდგენილია პარლამენტში, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, ნაწილი კი მზადების ეტაპზეა. როგორც ლაშა ტუღუშმა humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტების პაკეტი საკითხების ძალიან დიდ სპექტრს ეხება. 

- როგორ ვიცით, თქვენ შეისწავლეთ სარეკლამო ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ბაზრის  95 %–ს კომპანია „ჯენერალ მედია“  აკონტროლებს. რას ფიქრობთ ამის შესახებ და ვინ დგას ამ კომპანიის უკან?

- ძნელია თქმა, ვინ დგას ამის უკან. თუმცა, ჩანს, რომ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ სარეკლამო ბაზარს. თუმცა, ეს ადამიანები რომც არ არსებობდნენ, უკვე პრობლემაა ის, რომ მთელი ეს რესურსები ერთ ხელშია  კონცენტრირებული. ამით დემოკრატიას პრობლემები ექმნება. ჩანს, რომ „იმედი“, „რუსთავი 2“,  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ტელევიზიები მხოლოდ ერთი სარეკლამო კომპანიის  ხელიდან საზრდოობენ, ანუ არსებობს ერთი ჯიბე, რომელიც ფულს ანაწილებს. ეს არის მონოპოლური ინსტრუმენტი, რაც კარგი არ არის.

- რას გვეტყვით ბაზრის დარჩენილ 5%–ზე?

- რეალურად 5 პროცენტიც არ არის. ეს კომპანიები მუშაობენ პატარა ტელევიზიებისთვის, როგორიცაა „მაესტრო“ და „კავკასია“ და მათ ბაზრის სულ რაღაც 2% უკავიათ.

- რა გავლენას ახდენს ასეთი ვითარება პოლიტიკურ პროცესზე, მაგალითად   წინასაარჩევნო პერიოდში?

- კონკურენცია როცა არ არის მედიაბაზარზე და ფული ერთი მიმართულებით მიედინება (მითუმეტეს, თუ ეს ფული პოლიტიკურია), მაშინ პოლიტიკური გარემო იქმნება ხელოვნურად და ეს გარემო არის იმათ სასარგებლოდ, ვინც ამ ფულით მანიპულირებს.

- თქვენი აზრით, წინასაარჩევნოდ როგორ უნდა გაიმიჯნოს აგიტაცია ახალი ამბებისგან?

- არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, მაგრამ ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ ახალ და განსხვავებულ დეფინიციას, რითაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რა არის რეკლამა და რა არის აგიტაციის ნაწილი. არჩევნების დროს  არსებობს ფასიანი და უფასო რეკლამები. ნიუსში არ შეიძლება იყოს გადმოცემული ფარული რეკლამა, რომელიც მაყურებელს რაღაცას მოუწოდებს. ეს არის აგიტაცია და თუ ტელევიზია მსგავსი აგიტაციის შემცველ ნიუსს მოამზადებს, მითითებული უნდა იყოს, რა მიეწოდება  მაყურებელს - რეკლამა თუ აგიტაცია. ორივე უნდა იყოს მკაფიოდ ერთმანეთისგან და ნიუსისგან გამიჯნული, რათა მაყურებელი არ შევიყვანოთ შეცდომაში. საზოგადოებას ჭირდება, იცოდეს, ეს არის ჟურნალისტის ნამუშევარი, ახალი ინფორმაცია თუ პოლიტიკური პროპაგანდა და აგიტაცია, რომელშიც ფულია გადახდილი და ობიექტურობასთან არავითარ კავშირში არაა.

- თქვენი მონაცემებით, ქართულ ტელევიზიაში პოლიტიკური რეკლამის ფასები რამდენად რეალურია?

- არარეალურია. დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში პოლიტიკური რეკლამების ფასები კომერციულ ფასთან შედარებით ნაკლებია. ეს ნორმა დადებით შედეგს გვაძლევს საარჩევნო პერიოდში, როცა დაბალი ფასების გამო პოლიტიკურ სუბიექტებს მეტი შესაძლებლობები აქვთ, დაეკონტაქტონ ამომრჩეველს სწორედ პოლიტიკური რეკლამის საშუალებით. 

- საქართველოში რა ვითარებაა ამ მხრივ? 

- ჩვენთან არანაირი რეგულაციები არ არსებობს. როგორც წესი, არჩევნების დროს  გაათმაგებულია სარეკლამო ფასები, შედეგი კი ის არის, რომ ტელევიზიების უმრავლესობაში პოლიტიკური რეკლამები არ ტრიალებს. ძირითადად, ფულს იხდის ერთი პოლიტიკური პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისიც იმ ტელევიზიებში, რომლებსაც ჩვენ „კონტროლირებადს“ ვუწოდებთ.

- როგორ აპირებთ ამ კონკრეტული პრობლემის გამოსწორებას? 

- ჩვენ ვგეგმავთ ნორმატიული აქტების ინიცირებას და თუ პარლამენტი დააკმაყოფილებს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ  საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს ისეთივე რეგულაციები და სტანდარტები, როგორიც დასავლეთში არსებობს.

- არის თუ არა გათვალისწინებული თქვენს კანონპროექტებში, რომ საქართველოს სასამართლო დარბაზებში აღდგეს ვიდეო და აუდიო გადაღება?

- ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ინიციატივას. პროცესში ასევე მონაწილეობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც  უნდა მოწესრიგდეს ეს სიტუაცია. მედია, ფაქტობრივად, განწირულია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რადგან ჟურნალისტს არა აქვს უფლება, გააკეთოს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი. არის შემთხვევები, როცა მას ნებას აძლევენ, აწარმოოს აუდიოჩაწერა, მაგრამ ეს ფაქტობრივად ძალიან იშვიათად ხდება.

დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებაში მოსამართლეებს აქვთ დიდი ნდობა. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ტელევიზია, სადაც გადაიცემა სასამართლო პროცესები. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც შეზღუდვები, მაგრამ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში  ბევრად უფრო მეტი გამჭირვალობაა და ჟურნალისტებს აქვთ მეტი თავისუფლება სასამართლოებში.

- რამდენად გაქვთ იმედი, რომ ამ კანონპროექტებს ხელისუფლება მიიღებს და თუ არ მიიღო, როგორ აპირებთ ამ იდეების განხორციელებას?

- ამ პრობლემებზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენი მომზადებული კანონპროექტების ნაწილი უკვე მიიღეს. მაშინაც გვეკითხებოდნენ - რომ არ მიიღონ, რას იზამთო. ყველაფერი გამოვა, რასაც მოვინდომებთ. დღეს თუ არ გამოვა, ხვალ გამოვა.

ახალი ამბები