USAID-მა გრანტით საქართველოში მოქმედი კიდევ 12 არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსა. გრანტების დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", მართლმსაჯულების სისტემის საკითხზე გამართულ ფორუმზე გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" USAID-ის წარმომადგენელმა ჰელბერტ ბოუმენმა განუცხადა, საუბარია სულ მილიონი დოლარის გრანტზე, რომელიც ადვოკატირებისა და უფასო იურიდიული დახმარების პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება.
"უფასო იურიდიული დახმარებით მოქალაქეები ისარგებლებენ, რაც შეეხება ადვოკატირების მიმართულებით გაცემულ გრანტებს, შესაბამისი პროექტების მიზანი მრავალფეროვანია – გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს ევალებათ მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ადვოკატირება გაუწიონ იმას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე, ამასთან, ხელი შეუწყონ, რომ მართლმსაჯულების სისტემის ორგანოებმა ინფორმაციები საჯარო გახადონ. ერთ-ერთი გრანტი მოიცავს ბიზნესის დახმარებასაც, რათა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ საგადასახადო დავების კუთხით გააჩნიათ, მეწარმეების უფლებები იყოს დაცული", - აღნიშნა ბოუმენმა.
გრანტი მიიღეს ორგანიზაციებმა: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ასოციაცია "საჩინო", სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრი და "თბილისელების ადვოკატი".
ინტერპრესნიუსი