კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება პენსიონერებს არათანაბარ პირობებში აყენებს

15 ნოემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი სოციალური ინიციატივა გამოაცხადა: მომავალი წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსია 140 ლარი გახდება, ხოლო 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერი მიიღებს. ეს ინიციატივა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას დაუკავშირდა და მასში უკვე აისახა პენსიების გაზრდისთვის საჭირო ხარჯები.

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ითქვა, რომ ის პენსიების ზრდას ითვალისწინებს. თუმცა, არავის დაუკონკრეტებია, რა მოცულობის ზრდა განხორციელდებოდა. მთავრობამ უფრო მეტი სიცხადე საფინანსო გეგმის პროექტში გასულ კვირას შეიტანა. 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტთან პრემიერ მინისტრის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც პენსიების 140 ლარამდე გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

2012 წლის სექტემბრიდან პენსია გაიზრდება 10 ლარით. ამას დაემატება 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი, რომელსაც მიიღებს ყველა პენსიონერი. ხოლო 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის გათვალისწინებულია პენსიის კიდევ 15 ლარით გაზრდა და მათი პენსია ამ გზით 140 ლარს მიაღწევს.

საპარლამენტო ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეტალურად გააცნო, საპარლამენტო უმცირესობამ ყველაზე მეტი შეკითხვა საპენსიო რეფორმის შესახებ დასვა. ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელია, პენსიები 2012 წლის 1 იანვრიდან გაიზარდოს და არა 1 სექტემბრიდან, როგორც ეს ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

„არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, დღეს ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. ადამიანებს, განსაკუთრებით - პენსიონერებს, მედიკამენტების შეძენაში, სამედიცინო მომსახურების გაწევაში, მკურნალობის თანხების ანაზღაურებაში გადაუდებლად სჭირდებათ დახმარება... აქედან გამომდინარე, მიუღებელია გადაწყვეტილება, რომ პენსიის გაზრდა და პენსიონერთა დაზღვევა სექტემბრისთვის გადაიწიოს“, - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მდივანმა მაგდა ანიკაშვილმა.

ოპოზიციის შეკითხვებს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ უპასუხა. მისი თქმით, ხელისუფლებამ და მთავრობამ პენსიების გაზრდა ქვეყნის ფისკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გათვალა. მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდის თარიღი წინ გადმოიწევს, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნას.

„ჩვენ შევხედეთ ფისკალურ შესაძლებლობებს და ეკონომიკური კუთხით ჯანსაღი გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან ბევრი მაგალითია, მათ შორის - ევროზონაში, სადაც გადაწყვეტილება პოლიტიკური დინამიკიდან და ინერციიდან გამომდინარე მიიღეს და ეს გადაწყვეტილება 2-3 წლის თავზე ბუმერანგივით მოუტრიალდათ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ამიტომ ეს რაციონალური გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს გვინდაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყარო“ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის ინიციატივას, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერთა საპენსიო პაკეტი 140 ლარით განისაზღვროს.
 
ცნობისთვის, აღნიშნულ 140-ლარიან საპენსიო პაკეტში პენსიონერთა 15-ლარიანი დაზღვევაც იგულისხმება.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „მთავრობის ინიციატივა დაუსაბუთებელია, არგუმენტები - არსს მოკლებული, რაც ინიციატივის  რეალურად განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“.

„ჯანმრთელი სამყარო“ სადაზღვევო დანამატს რამდენიმე გარემოების გამო აპროტესტებს: „პენსიის მატება მხოლოდ 67 წელს გადაცილებულ პენსიონერებისთვის არის განსაზღვრული, რაც პენსიონერებს არათანაბარ პირობებში აყენებს. პენსიონერებისათვის 1 თვის სადაზღვევო პრემიალური თანხა დაახლოებით 15 ლარს შეადგენს, რაც წელიწადში 180 ლარია. აქედან მედიკამენტების ფასების დასაფარავად გათვალისწინებულია მხოლოდ 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერები ავადობის მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, შეიძლება, ითქვას, მათთვის გამოყოფილი სადაზღვევო თანხა არაგონივრულია, რაც დაზღვევის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს“.

„ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პენსიონერთა დაზღვევა იგივე ბედს გაიზიარებს, რომელიც ხელისუფლების მიერ დაპიარებულ 5-ლარიან დაზღვევას ეწია, რომელიც სრული კრახით დამთავრდა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ჯანმრთელი სამყარო“ ხელისუფლებას მიმართავს, „ყველა პენსიონერი თანაბარ პირობებში განიხილოს, სადაზღვევო დანამატი ქმედუნარიანი, სწორი ეკონომიკური ეფექტით იქნას გათვლილი, სოციალური ბიუჯეტის ნაწილი ზუსტად განისაზღვროს და პენსიონერებისთვის ჯანდაცვის ეფექტურ ხელმისაწდომობაზე არარეალურ იმედს ნუ გააჩენს“.

ამჟამად საქართველოში 670 000 პენსიონერია და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვიდედი იხარჯება. პენსიები ბიუჯეტის ზრდის პარალელურად იზრდება. თუმცა, დისკუსიას იწვევს საკითხი - რამდენად პროპორციულია პენსიების ზრდა, თუნდაც, სხვა სფეროების დაფინანსებასთან შედარებით. მაგალითად, საკითხავია: თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხები ხომ არ არის ზედმეტად ბევრი და ხომ არ აჯობებდა პენსიების გაზრდა ამ სფეროების დაფინანსების შემცირების ხარჯზე?!

ამჯერად 2012 წლის 300 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან პენსიების მატებისთვის 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2013 წელს კი პენსიების მატებას, სავარაუდოდ, 200 მილიონი ლარი მოხმარდება. ამ ეტაპზე მთავრობის ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასასრულისთვის პენსია 100 ამერიკული დოლარი გახდეს.

ახალი ამბები