კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის საკითხის გამო

16 ნოემბერი, 2011

ექსპერტის აზრი

    ვახტანგ ხმალაძე

წინამდებარე წერილის დაწერის მიზეზია ხელისუფლების წარმომადგენელთა შეუჩერებელი სპეკულაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, რომლის მიზეზიც, თითქოსდა, მათ მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება და ამით საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იყო.

მე არაერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ხელისუფლების ასეთი მოქმედებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია. ამჯერად კი, შევეცდები, ფაქტებზე, კონსტიტუციასა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონზე დაყრდნობით დავასაბუთო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურობა და უკანონობა.

მაშ ასე, რას გვეუბნება ფაქტები:

1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იმ დროს რუსეთში ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის საფუძველზე გახდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რის გამოც, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, იგი 1993 წლის აპრილიდან აღარ ჩაითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.

2. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს (ეს უკანასკნელი ამ დროს უკვე იყო საფრანგეთის მოქალაქეც) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N284, 22.07.2004), საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე (საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე), 2004 წელს მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა. ამრიგად, ისინი იქცნენ ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირებად.

3. ბიძინა ივანიშვილმა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ამრიგად, ამის შემდეგ მას ერთდროულად ჰქონდა რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც სამართლებრივად კვლავ „ორმაგ მოქალაქეობას“ ნიშნავს.

4. ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N602, 11.10.2011), „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს (საფრანგეთის) მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა.

ახლა კი გავაანალიზოთ საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის სათანადო ნორმები და დასკვნაც ცხადი გახდება.

მოქალაქეობის საკითხის არსის გარკვევისთვის უმთავრესია საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო კანონით შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ის ნორმები, რომლებიც აუცილებელია კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების განსახორციელებლად, და ეს ნორმები უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ პრინციპებს.

ვნახოთ, რას ამბობს კონსტიტუცია. მისი მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით, ნატურალიზაციით  ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. აშკარაა, რომ ნატურალიზაცია და მოქალაქეობის მინიჭება სრულიად განსხვავებული სამართლებრივი მოვლენებია.

ის აკრძალვა, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, ეხება მხოლოდ იმ პირს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით ან ნატურალიზაციით და არ ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა გამონაკლისის წესით - მოქალაქეობის მინიჭებით.

ამრიგად, კონსტიტუცია, ისევე, როგორც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონი ადგენს საქართველოს მოქალაქის ორ შესაძლო სამართლებრივ მდგომარეობას:

ა) ჩვეულებრივ მდგომარეობას - პირი საქართველოს მოქალაქეა დაბადებით ან ნატურალიზაციით და მას უფლება არა აქვს იმავდროულად ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ დაბადებით ან ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქე მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, იგი დაარღვევს კონსტიტუციით დადგენილ აკრძალვას და, შესაბამისად, შესაძლებელია კანონით დადგინდეს, რომ ამ შემთხვევაში იგი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას (სწორედ ასეთია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა) და ასეთი სანქცია შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ აკრძალვას;

ბ) საგამონაკლისო (ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის) მდგომარეობას - პირს უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც (თუ მოქალაქეობა მას მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ან იმიტომ, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან) და ეს უფლება დამოკიდებული არ არის იმაზე, რომელი ან რამდენი ქვეყნის მოქალაქეა იგი.

კონსტიტუცია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ამ პირს, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ეკრძალება დამატებით რომელიმე სხვა ქვეყნის (ან ქვეყნების) მოქალაქეობის მიღება. მაშასადამე, ასეთი პირის უფლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, არც იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა იგი კიდევ ერთი ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ.

კონსტიტუციაში ასეთი აკრძალვის არარსებობა სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ კიდევ ერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით არ იცვლება ამ პირის სამართლებრივი მდგომარეობის არსი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად ქონის საგამონაკლისო უფლება). ცხადია, რომ ასეთი აკრძალვა არც კანონით შეიძლება დაწესდეს, ვინაიდან ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონსტიტუციის შესაბამისი ნორმის არსთან.

გარდა ამისა, კონსტიტუციის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება „ორგანული კანონით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კანონით განისაზღვრება მხოლოდ „წესი“ და არ შეიძლება განისაზღვროს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის რაიმე სხვა საფუძველი, გარდა კონსტიტუციით დადგენილისა. ორგანული კანონით არც არის დადგენილი ასეთი აკრძალვა და ბიძინა ივანიშვილისთვის 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა შედეგია ამ ნორმის თვითნებური, არაკონსტიტუციური ინტერპრეტაციისა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება არის ერთგვარი ჯილდო „საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, ან მოქალაქეობის მინიჭება „გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან“ და არა ამ პირის ინტერესებიდან. სწორედ ამიტომ, არც კონსტიტუცია და არც ორგანული კანონი არ ადგენს არანაირ სხვა პირობას მოქალაქეობის მინიჭებისთვის, გასხვავებით მოქალაქედ მიღებისაგან, რომლისთვისაც დადგენილია რამდენიმე აუცილებელი პირობა (საქართველოში მუდმივად ცხოვრება ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა, საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების ქონა, ან საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა, ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობა და ფიცის დადება).

და სწორედ ამიტომ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელმაც მოქალაქეობა მოიპოვა ჩვეულებრივი წესით - დაბადებით ან ნატურალიზაციით, და არ ვრცელდება მასზე, ვისაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ვინაიდან ასეთი პირის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება ვერ გამოიწვევს „საქართველოს წინაშე მისი განსაკუთრებული დამსახურების“ გაქრობას.

ეს რომ მართლაც ასე არ იყოს, შეიძლება შეიქმნას კურიოზული სიტუაცია: წარმოვიდგინოთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭესსაქართველოს მოქალაქეობა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, სხვა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მას ამ ქვეყნის პრეზიდენტმაც, მისთვის უკითხავად, მიანიჭა თავისი ქვეყნის მოქალაქეობა; ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, ამ პირს უნდა შევუწყვიტოთ საქართველოს მოქალაქეობა? მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებით გაქრა მისი ძველი დამსახურება საქართველოს წინაშე? სრული აბსურდია (!).

ყოველივე ზემოაღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოხდა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის დარღვევით. რაც შეეხება ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, ამისათვის ის საფუძველიც კი არ არსებობს, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი ნორმების თვითნებური, არაკონსტიტუციური ინტერპრეტაციით იქნა გამოყენებული.

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთში „რეზონანსი“

ახალი ამბები